მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს განცხადებას და ფოტოს, რომელიც მიტროპოლიტ დიმიტრის სახელითა და მისი ლოცვა-კურთხევით მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციის შესახებ ატყობინებს.

განცხადებაში, რომელსაც სტილის დაცვით ვაქვეყნებთ, წერია: „შეგახსენებთ, რომ ამა წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობას, ექიმობას, და ასე შემდეგ. ასევე „დაბოლილი“ ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას რაც განაპირობებს ერის დეგრადაციას და განადგურებას!  ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების არიდება კანაფის მოხმარებისგან მაშინ როცა კანონი იყო მკაცრი და მითუმეტეს დღეს რაოდენ უძლური ვიქნებით ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ საწამლავს! ამიტომ გვმართებს ერთობა, რომ შევძლოთ ჩვენი მომავლის გადარჩენა.

მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა კურთხევით ორშაბათს 16:00 საათზე საკონსტიტუსიო სასამართლოს წინ (მ. აბაშიძისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა) გაიმართება მშვიდობიანი აქცია გადავიხდით საჯანმრთელო პარაკლისს ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის და მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღოს ზომები ამ პრობლემის გამოსასწორებლად!“

30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის საქართველოში მოხმარება ლეგალური გახდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე პატრიარქის მოსაყდრე შიოს თანაშემწემ განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ გასაუქმებელია“ და მარიხუანას ლეგალიზაცია შეაფასა როგორც „ერის ღალატი“.

ერთ-ერთი პირველი, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვა, პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი იყო. ის სოციალურ ქსელში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის საჭირო 200 000 ხელმოწერის ინიციატივით გამოვიდა. დავითაშვილმა საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს თანადგომისკენ მოუწოდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე უწყების გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს. მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ კრიტიკოსთა ნაწილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე საუბრისას, გოცირიძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყანაში მსგავსი რამ ვერ მოხდება.

მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან