განათლება,მთავარი,სიახლეები

გამომცემლობა „ტრიასი“: ყველაზე მოთხოვნად სახელმძღვანელოს გრიფი მოულოდნელად მოუხსნეს

04.08.2018 • 11926
გამომცემლობა „ტრიასი“: ყველაზე მოთხოვნად სახელმძღვანელოს გრიფი მოულოდნელად მოუხსნეს

გამომცემლობა „ტრიასის“ ქართული სახელმძღვანელოების ჯგუფის ხელმძღვანელმა ირინე იაშვილმა ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გამომცემლობის მიერ შედგენილი ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი კლასისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო, რომელმაც გრიფირების ყველა ეტაპი გაიარა, მოულოდნელად მოუხსეს გრიფი. ირინე იაშვილის განცხადებით, სახელმძღვანელო ატვირთულო იყო განათლების სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე, სადაც სახელმძღვანელომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

„ყველაზე მეტმა სკოლამ სწორედ ჩვენი სახელმძღვანელო აირჩია. ჩვენ უკვე ვიცოდით ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა და ახალი სასწავლო წლისთვის 25 ათასი ეგზემპლარი უნდა დაბეჭდილიყო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ირინე იაშვილი.

იაშვილი ამბობს, რომ მათ გუშინ 4 საათზე გრიფირებიდან მიიღეს ოფიციალური წერილი, იმის შესახებ, რომ სახელმძღვანელომ გრიფირება გაიარა: „თუმცა დღეს, მოულოდნელად გავიგეთ, რომ გრიფი მოუხსნეს. ეს წარმოუდგენელია. ეს არის სრულიად შეგნებულად გაკეთებული, რა თქმა უნდა“.

ირინე იაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ამ საქმეში განათლების სპეციალისტის გია მურღულიას ფაქტორმა იმუშავა.

„წინა გრიფირების დროს, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო გია მურღულია და მასთან ერთად ვმუშაობდით სახელმძღვანელოებზე. ამჯერად ჩვენ ცალკე ვიმუშავეთ, ამიტომ მივწერეთ სამინისტროს ოფიციალური წერილი და გია მურღულიას აცილება მოვითხოვეთ სახელმძღვანელოს შეფასებაზე. გარკვეული მასალები იყო წინა პერიოდიდან გამოყენებული, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მურღულია კოდირების მიუხედავად იცნობდა ჩვენს ნამუშევარს, მით უმეტეს იცოდა, სახელმძღვანელოებზე რომ ვმუშაობდით“, – ამბობს იაშვილი.

მისი თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელო, ინოვაციურია და სკოლების უმრავლესობამ სწორედ მასზე გააკეთა არჩევანი.

„საქართვერლოში „ჯიპრაიდის“ საგანმანათლებლო პროექტმა, ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენი სახელმძღვანელო სწორედ ჯიპრაიდს ეფუძნება“.

იაშვილი ამბობს, რომ გრიფირებისას მის გამომცემლობას მეხუთე-მეექვსე კლასების სახელმძღვანელოც ჩაუგდეს.

„როგორც გავარკვიეთ, საჯარო სკოლები, ძირითადად, იღებენ ერთი გამომცემლობის სახელმძღვანელოებს, რადგან შემდეგ სკოლები ადვილად უცვლიან ხოლმე კლასების მიხედვით წიგნებს. ამიტომ ჩვენც გვქონდა სახელმძღვანელოების სერია. როცა 5-6 კლასის წიგნებს აგდებ, ეს იმას ნიშნავს, რომ წირავ სერიას და ეს ძალიან კარგად იციან სამინისტროში“.

ამ დროისთვის გამომცემლობის მხოლოდ მე-2 და მე-4 კლასის წიგნებს აქვს გრიფირება მინიჭებული, თუმცა იაშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია მსგავსი სიურპრიზები ისევ განმეორდეს.

„იგივე მდგომარეობაში ჩააყენეს გამომცემლობა „ელფიც“, რომლის მათემატიკის სახელმძღვნელოსაც აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი.  19 ათასი უნდა დაბეჭდილიყო ეს წიგნი, თუმცა გრიფირება მასაც მოულოდნელად მოუხსნეს.

ორი ყველაზე რეიტინგული, ყველაზე მოთხოვნადი წიგნი არის გრიფირებიდან მოხსნილი მესამე ეტაპის შემდეგ. ეს ძალიან ბევრ კითხვას აჩენს“, – ამბობს ირინე იაშვილი. ის ამბობს, რომ აუცილებლად მიმართავს განათლების სამინისტროს და მოითხოვს დასაბუთებას თუ რატომ მოუხსნეს მის სახელმძღვანელოს გრიფი.

„ბათუმელები“ გია მურღულიასაც დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ ერთ-ერთი სახელმძღვანელო, რომელსაც მან დადებითი შეფასება არ მისცა, სწორედ გამომცემლობა „ტრიასის“ იყო.

„მე დამიკავშირდნენ განათლების სამინისტროდან და მთხოვეს შემეფასებინა სახელმძღვანელოები. მე გადავუგზავნე ჩემი დასკვნები. შემდეგ გაირკვა, რომ ერთ-ერთი სახელმძღვანელო, რომელსაც არ მივეცი დადებითი შეფასება, ყოფილა „ტრიასის“, თუმცა მე ამ გამომცემლობის სახვა სახელმძღვანელოები  დადებითად შევაფასე.

რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, შეუძლებელია, რადგან შეფასებისას ჩვენ არ ვიცით ვის სახელმძღვანელოებს ვაფასებთ“, – ამბობს ის.

ირინე იაშვილი კი ამბობს, რომ გრიფირების კომისიის წევრების მისამართით ყოველთვის არსებობდა კითხვები, „ახლა კი უფრო მეტად გაიზარდა ეჭვი კომისიის წევრების ობიექტურობასთან დაკავშირებით“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, I-VI კლასების გრიფის მინიჭების პროცესი დაიწყო და პირველ ეტაპზე გრიფი მიენიჭა მათემატიკის, ქართული ენის (II-IV), ბუნებისმეტყველების, სპორტის (I-IV), მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ინგლისური, გერმანული და რუსული ენების სახელმძღვანელოებს.

„ბრძანების ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალეტაპიანი პროცესი, რომელიც ქართულ რეალობაში პირველად განხორციელდა: ყველა სახელმძღვანელო, დარგის სპეციალისტების გარდა, შეფასდა ფსიქოლოგებისა და ფილოლოგების მიერ. ამ შეფასებების შედეგად შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

რეფერირების პროცესში კარგად გამოჩნდა მანამდე გრიფირებული სახელმძღვანელოების პრობლემებიც; ჩატარდა ინტენსიური საჯარო განხილვები, რომლის დროსაც სამინისტრომ საინტერესო შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებს მიეცა შესაძლებლობა, გრიფირებული სახელმძღვანელოები პრიორიტეტების მიხედვით დაელაგებინა და არ შეერჩია მათ შორის მხოლოდ ერთი. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა, გამოჩნდეს რეცენზირების შედეგების კორელაცია სკოლების არჩევანთან“, – გვეუბნებიან განათლების სამინისტროში.

სამინისტროში ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილებით შეიქმნა კიდევ ერთი, – მეორე დონის კომისია, რომელმაც დამატებით განიხილა სარეცენზიო ჯგუფების დასკვნები და წარმოადგინა კონკრეტული მოსაზრებები რეკომენდაციის სახით.

საერთო ჯამში 200-მდე სპეციალისტის მონაწილეობით დადგა ის შედეგი, რომელიც ბრძანებაში აისახა.

„ბუნებრივია, კონკურსი თავისთავად გულისხმობს, რომ წარმოდგენილ სახელმძვანელოთაგან მხოლოდ საუკეთესოებს მიენიჭება გრიფი.

ამ მხრივ სამინისტროს ამოსავალ წერტილს საზოგადოების დაკვეთა წარმოადგენდა, რომ I-VI კლასის მოსწავლეებმა მაღალი სტანდარტის შესაბამისი სახელმძვანელოებით ისწავლონ.

კითხვებზე, – რომელიც გრიფირების პროცესთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში, სამინისტროს შეფასების სრულიად გამჭვირვალე პროცესი და პროფესიონალთა შეჯერებული შეფასებები აქვს პასუხად.

სახელმძღვანელოების მხოლოდ ნაწილის გრიფირების გამო რომ არ წარმოიშვას არასწორი ვარაუდები, სამინისტრო განმარტავს: რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩვენი საქართველო“ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება.

სამინისტროს განმარტებით, „ელექტრონული სკოლის კონტექსტში ცხადი გახდა, რომ ისტ-ში წარმოდგენილი სახელმძღვანელოები კონცეპტუალურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხოვნებთან, ამიტომ ამ მიმართულებით სამინისტრო განმეორებით კონკურსს გამოაცხადებს“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: