მთავარი,სიახლეები

„ერთად შეგვიძლია ვუთხრათ სახელმწიფოს – „შენ მე მაყენებდი მორალურ ზიანს“

27.07.2018 • 1347
„ერთად შეგვიძლია ვუთხრათ სახელმწიფოს – „შენ მე მაყენებდი მორალურ ზიანს“

ნანა ფარჩუკაშვილი ყოფილი პატიმარია, რომლის სარჩელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის #200 ბრძანება არაკონსტიტუციურად სცნო.

ამ ბრძანების მიხედვით, ციხის ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა პატიმრისთვის, შემოწმების მიზნით გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება იმდენჯერ მოეთხოვა, რამდენჯერაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. ნანა ფარჩუკაშვილი გაშიშვლების მეთოდის საერთოდ გაუქმებას და სკანერით ჩანაცვლებას მოითხოვდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ნანა ფარჩუკაშვილი საადვოკატო საქმიანობას ეწევა და აქტიურად მუშაობს პატიმრების უფლებების დაცვაზე.

ნანა, რა შეიცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რას შეცვლის ეს შედეგი საპატიმროებში?

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ქალთა მეხუთე დაწესებულებაში შემოწმების პრაქტიკა უკვე შეცვალა…

არაადამიანური მოპყრობის თითოეულმა მსხვერპლმა უნდა მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ჩემთვის ძალიან უმნიშვნელოა თანხა, რასაც შეიძლება მორალური ზიანის გამო გიხდიდეს სახელმწიფო. ჩემთვის მთავარია, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ვუთხრათ სისტემას, რომ პატიმრებს, ისევე როგორც ამ ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებს, აქვთ პატივი და ღირსება, რომლის შელახვაც დასჯადია.

ჩემი პატიმრობისას ყოფილა შემთხვევები დაწესებულებებში მსჯავრდებულთა გაშიშვლების, მერე კი მათი დაცინვის. ახლა მე თვითონ ვიცავ  სხვების უფლებებს და ყველას უფასოდ ვთავაზობ იურიდიულ დახმარებას, ვინც ყოფილა მსხვერპლი ციხეში არაკონსტიტუციური, უკანონო და არაადამიანური მოპყრობისა.

სოციალური ქსელებით, პირადი კონტაქტებით, ყველა საშუალებით ვაპირებ მივაწვდინო ხმა პატიმრებს, რომლებსაც მსგავსი შემთხვევები ჰქონიათ.

ჩვენ ყველას, ერთად შეგვიძლია ვუთხრათ სახელმწიფოს – „შენ მე მაყენებდი მორალურ ზიანს“. ეს ზიანი, ვფიქრობ ბოდიშის მოხდით მაინც უნდა ანაზღაურდეს, თუ მატერიალური საზღაურით არა“.

ხომ არ ფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის მოგება განაპირობა თქვენმა იურიდიულმა განათლებამ და დაინტერესებამ – დაგეცვათ საკუთარი უფლებები ბოლომდე?

ცხადია, ბევრს ნიშნავს ინფორმირებულობა, საკუთარი უფლებებისა და კანონების ცოდნა, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, ვინც გრძნობს, რომ მისი ღირსება ილახება, იურიდიული განათლების გარეშეც შეუძლია მიაღწიოს მიზანს: მთავარია, არავის მივცეთ უფლება შეილახოს ჩვენი ღირსება არსად, მათ შორის საპატიმროშიც.

ასეთ შემთხვევებში აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, ორგანიზაციები, რომლებიც დაგეხმარებიან.

ნანა ფარჩუკაშვილი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარია. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: