მთავარი,სიახლეები

რატომ არ მისცეს კაფე „ვინილს“ მაგიდების ტროტუარზე განთავსების უფლება

02.08.2018 • 4978
რატომ არ მისცეს კაფე „ვინილს“ მაგიდების ტროტუარზე განთავსების უფლება

ბათუმში, ევროპის მოედანთან ახლოს, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ვინილს“ ბათუმის მერიამ კაფეს წინ მაგიდების დადგმის უფლება არ მისცა. შესაბამისი თხოვნით კაფეს მენეჯერმა, ლევან ხუჯაძემ, მერიას 11 ივლისს მიმართა, პასუხად კი მერიიდან უარი მიიღო.

დუმბაძის ქუჩის მიმდებარედ მაგიდები ქუჩაში გამოტანილი აქვს  კაფე “მედეასაც”, იქვე, ევროპის მოედანზე, მდებარეობს  მაკდონალდსის ახალი ფილიალიც, რომელმაც ფეხით მოსიარულეთა გზა სრულად აითვისა, თუმცა როგორც მერიაში გვითხრეს, ამ კაფეებისთვის მერიას მაგიდების გამოტანაზე უარი არ უთქვამს. თავად დუმბაძის ქუჩა კი, ავტომობილების პარკინგად არის ქცეული.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ არის თანახმა დუმბაძის #12 მისამართზე, კაფე-ბარის წინ, მაგიდა, სკამების განსათავსებლად“, – ნათქვამია „ვინილის“ მენეჯერისთვის გაგზავნილ წერილში.

ბათუმის მერიის ეკონომიკური საქმიანობის განყოფილებამ, რომელიც ნებართვის გაცემაზეა უფლებამოსილი, „ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის #8 დადგენილებით იხელმძღვანელა.

ამ დადგენილების მიხედვით, გარევაჭრობის ადგილების განსაზღვრისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის განვითარების ინტერესები: მოსახლეობის სიმჭიდროვე; სატრანსპორტო ნაკადი; საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი. საკრებულოს დადგენილი აქვს,  თუ რა საზღვრები უნდა დაიცვას მერიამ ტროტუარზე ობიექტის განთავსების ნებართვის გაცემისას.

დადგენილების მიხედვით, დაუშვებელია გარევაჭრობისათვის განისაზღვროს ტროტუარის ტერიტორია ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე ან გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთი (ობიექტი) განთავსდეს ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე.

კითხვაზე, თუ რის საფუძველზე ეთქვა უარი მხოლოდ ამ კაფეს, ბათუმის მერიის ეკონომიკური საქმიანობის განყოფილების უფროსმა თამაზ გოგიტიძემ გვიპასუხა:

„ვის მივცეთ და ვის არ მივცეთ, ამას ჩემი სამსახური არ წყვეტს. ვიზირებას გადის სამსახურის უფროსთან და მერე ქალაქის მერი აწერს ნებართვებს ხელს.

ხშირად ჩვენ მეწარმეების მხარეზე ვართ.  იქ [„ვინილთან“] რადგან მასიური გამოსვლა იყო, ჯერჯერობით შევიკავეთ თავი, თორემ ხვალ და ზეგ მათ შეუძლიათ მოგვმართონ განცხადებით. მერე კიდევ შევისწავლით დამატებით და შეიძლება გავცეთ ნებართვა და ამაში ქალაქის მერს ჩავაყენებთ საქმის კურსში,“ – განაცხადა თამაზ გოგიტიძემ.

მისივე ინფორმაციით, 2018 წლის ბოლო ექვს თვეში მერიაში გარევაჭრობის თხოვნით 700-მდე განცხადება შევიდა, აქედან  190 ნებართვა გაიცა გარევაჭრობაზე, ხოლო 360 ობიექტს უარი ეთქვა.

კაფე „ვინილის“ მენეჯერი, ლევან ხუჯაძე ამბობს, რომ მერიამ კონკრეტული ადამიანების ინტერესი გაითვალისწინა და ამ მოტივით უთხრა მათ უარი. იგი ეჭვობს, რომ უარის მიზეზი „ვინილის“ მეზობლად მცხოვრები ორი მოქალაქეა, რომელთაც გავლენიანი ნაცნობები ჰყავთ.

“მაშინ, როცა მთელ ქალაქში ყველგან ნებართვით თუ უნებართვოდ დგას მაგიდები, ისეთ ადგილებში, სადაც მართლა არ შეიძლება რომ იდგეს, ჩვენ გვითხრეს უარი. დუმბაძის ქუჩა ტურისტული ქუჩაა, რომელიც თავიდანვე განსაზღვრული იყო ფეხით მოსიარულეთათვის, სადაც ბორდიურიც კი არ არის გამოყოფილი გზისგან.  იქ, სადაც მერიამ გვითხრა, რომ მაგიდებს ვერ დავდგამთ, დგას მანქანები. პარკინგად არის მთელი ქუჩა. როგორც ჩანს, მანქანა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ადამიანები,“ – ამბობს ლევან ხუჯაძე.

კაფე „ვინილის“ მიმდებარე ტერიტორია დღეს

მისი თქმით, აზრი არ აქვს მერიისთვის განმეორებით მიმართვას, რადგან სანამ მერია მათ წერილს განიხილავს, ზაფხული დამთავრდება.

„უარი გვითხრეს იმიტომ, რომ უნდათ ვიდავოთ. ამ დავაში გავა ზაფხული, ეს ერთ-ერთი მომჩივანი ვინც არის, ალბათ წავა ამასობაში თბილისში, დაწყნარდება და მერე მოგვცემენ ნებართვას. მერიამ დაიხია უკან, არის შეშინებული და არ იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ არასდროს კანონი არ დაგვირღვევია, ყოველთვის ვუფრთხილდებით სხვის საკუთრებასაც, სხვის შეწუხებისგანაც თავს ვიკავებთ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არის საშინელება, როცა ქალაქის მერია ხელს გიშლის, რომ აკეთო შენი საქმე,“ – ამბობს ლევან ხუჯაძე.

აქცია დუმბაძის ქუჩის მცხოვრებლებმა 24 ივლისს გამართეს. აქციის მონაწილეები დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ბარებიდან გამომავალ ხმაურს აპროტესტებდნენ. აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც  იმყოფებოდნენ. დუმბაძის ქუჩაზე ოთხი ბარია განთავსებული: „ვინილი“, „კ2“, „ვარშავა“ და კაფე „მედეა“. აქციის მონაწილეებს პრეტენზია ჰქონდათ ბარ „ვარშავას“ და „მედეას“ მიმართ. აქციის გამართვამდე მათ ბათუმის მერიის ხმაურის მონიტორინგის სამსახური გამოიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის მონაცემებით, ხმაური დადგენილ ნორმას არ აჭარბებდა, სამსახურმა ბარების მფლობელები მაინც გააფრთხილა.

მთავარი ფოტო: დუმბაძის ქუჩა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: