მთავარი,სიახლეები

რას ისწავლიან ხულოს პროფესიულ სასწავლებელში სტუდენტები

02.08.2018 • 3615
რას ისწავლიან ხულოს პროფესიულ სასწავლებელში სტუდენტები

ხულოში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, რომელიც ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ ფილიალი იქნება.

პროფესიული კოლეჯი ხულოს საჯარო სკოლის ბაზაზე გაიხსნება. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, საჯარო სკოლის გვერდით დგას მეორე შენობა და სწორედ აქ განთავსდება პროფესიული სასწავლებელი.

შენობა 720 კვ.მეტრია, აქვს 154.5 კვ. მეტრი სარდაფი, სასწავლებელს დარჩება შენობის მიმდებარე ტერიტორიაც. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შენობა მთლიანად მოერგება თანამედროვე სტანდარტებს და მოდულურ სწავლებას.

„შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, იქნება პანდუსი და ადაპტირებული ლიფტი, სრულად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები, მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელები. შენობის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილია 500 000 ლარი, რომელსაც შემდეგში დაემატება შესაბამისი სასწავლო ინვენტარის, სიმულატორებისა და ლაბორატორიების ღირებულება,“ – გვითხრეს სამინისტროში.

ოფიციალური ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებელში პირველ ეტაპზე ექვსი საგანმანთლებლო პროგრამა განხორციელდება. ესენია: ტურიზმი, ელექტროობა, ინფორმაციის ტექნოლოგია, სატყეო საქმე, ვეტერინარია, თექის ოსტატი.

პროგრამით გათვალისწინებულია ინგლისური ენის სწავლებაც, დამატებით შესაძლებელი იქნება სხვა ენის შესწავლაც.

პროგრამების განხორციელებაში ჩართული იქნებიან პარტნიორი ქვეყნები – ესტონეთი და გერმანია, აგრეთვე გაეროს განვითარების ფონდი, რომლებიც უზრუნველყოფენ თავდაპირველად პედაგოგების გადამზადებას, ხოლო შემდეგ ეტაპზე პედაგოგთა და სტუდენტთა მობილობას განახორციელებენ პარტნიორ უცხოურ სასწავლებლებში.

სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერი შენობის რეაბილიტაციაზე უკვე გამოცხადებულია.  სწავლა პროფესიულ კოლეჯში 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყება.

თავდაპირველად კონტინგენტი განისაზღვრება 125-150 სტუდენტით. თითოეულ სასწავლო ჯგუფში შესაძლებელია ჩარიცხული იყოს მაქსიმუმ 15 სტუდენტი.

სასწავლო პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს ორ ცვლაში. სწავლა იქნება უფასო და მიღება განხორციელდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ერთიანი წესით, სწავლების პროცესში მთავარი აქცენტი გაკეთდება პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პრაქტიკულ კომპონენტზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: