როგორ შეიძლება გადაამოწმოთ ექიმის რეცეპტი

16 ივლისიდან ექიმის დანიშნულების გადამოწმების ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. პაციენტს, რომელიც ეჭვობს, რომ ექიმმა მას საჭიროზე მეტი მედიკამენტი გამოუწერა, შეეძლება ექიმის დანიშნულება პოლიფარმაციის ჯგუფთან გადაამოწმოს. პოლიფარმაციის ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მისი მიზანი მედიკამენტების ჭარბ მოხმარებასთან ბრძოლაა.

იმისათვის, რომ ექიმის დანიშნულება გადაამოწმოთ:

  • ექიმის დანიშნულება უნდა მოიცავდეს ხუთ და მეტ მედიკამენტს
  • დანიშნულებით მკურნალობა ან უნდა მიმდინარეობდეს, ან არ უნდა იყოს დაწყებული

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანიშნულების მატერიალური ფორმის არსებობისას ინფორმაცია უნდა მიუთითოთ თავად დანიშნულების ფურცელზე, ხოლო ელექტრონული რეცეპტის შემთხვევაში -სისტემაში უნდა აირჩიოთ მკურნალობის სათანადო სტატუსი-მკურნალობა მიმდინარეობს/არ არის დაწყებული). ამავდროულად, მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „დანიშნულების ფურცლის“ შემთხვევაში, ის უნდა იყოს წაკითხვადი, ტექნიკური ხარვეზების გარეშე.

თუ პაციენტს სურვილი აქვს ელექტრონული რეცეპტი გადაამოწმოს,  უნდა შევიდეს ელექტრონული რეცეპტების სისტემაში.   ამ პორტალზე პაციენტი უკვე რეგისტრირებულია ელექტრონული რეცეპტის პირველად გამოწერის დროს.

  • სისტემაში შესვლისთვის საჭიროა აირჩიოთ გვერდი „პაციენტი“ და შესაბამის ველში მიუთითოთ პირადი ნომერი და პაროლი.
  • თუ პაროლი დაგავიწყდათ, შეგიძლიათ იხილოთ სამახსოვრო ბარათში, რომელიც გადმოგეცათ ექიმის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დროს.
  • მას შემდეგ, რაც თქვენ გაივლით ავტორიაზაციას და შეხვალთ სისტემაში, შეგიძლიათ ექიმის დანიშნულების გადამოწმებისათვის აირჩიოთ ორი გზა. პირველი გზა: აირჩიეთ ველი „დანიშნულებები“, აირჩიეთ ქვეგვერდი „ვიზიტი“, სასურველი ვიზიტის მონიშვნის შემდეგ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით გამოჩნდება კლავიშა „განაცხადი განხილვაზე“, რომლის არჩევით იწყება განაცხადის შექმნა ამ ვიზიტის შესაბამის თარიღში გამოწერილი მედიკამენტების ერთობლიობაზე. 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დანიშნულების ატვირთვის ინსტრუქცია:

იმ შემთხვევაში, თუ რეცეპტი არ არის გამოწერილი ელექტრონულ ფორმატში, პაციენტმა ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების ფურცელი უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ ფილიალში, სადაც ოპერატორი დოკუმენტს ელექტრონულად ატვირთავს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სისტემაში და დანიშნულების ფურცელი ამ გზით გაიგზავნება პოლიფარმაციის შემსწავლელ ჯგუფთან.

დანიშნულებას განიხილავს პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტყობინებას იღებთ განაცხადის გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მომართვის ფორმის შესაბამისად: ელექტრონული რეცეპტის სისტემაში არსებულ პაციენტის გვერდზე, ან აკითხავთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალს – თუ დანიშნულება ატვირთული გაქვთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალიდან.

სანამ პაციენტი ელოდება ექიმის დანიშნულების გადამოწმებას, მანამდე იწყებს/აგრძელებს ექიმის მიერ მიცემული დანიშნულებით წამლების მიღებას.

იმ შემთხვევაში, თუ ექიმი არ ეთანხმება დანიშნულების განხილვის შედეგებს და მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დანიშნულების კორექტირებას, პაციენტი უფლებამოსილია  მას მისცეს ახსნა-განმარტება დანიშნულების თაობაზე. ამავდროულად, დანიშნულების გადამოწმების მიზნით, პაციენტს შეუძლია ხელმეორედ მიმართოს პოლიფარმაციის ჯგუფს.

თუ კალენდარული წლის განმავლობაში ერთი და იმავე ექიმის მიმართ დაფიქსირდება დანიშნულების კორექტირების სულ მცირე 5 შემთხვევა, მისი მონაცემები (სამუშაო ადგილის მითითებით) განთავსდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ სათანადო რეესტრში, ერთი წლის ვადით.

თუ კალენდარული წლის განმავლობაში ერთი და იმავე ექიმის მიმართ დაფიქსირდება დანიშნულების კორექტირების სულ მცირე 7 შემთხვევა, აღნიშნული ექიმის საკითხი განიხილება პოლიფარმაციის ჯგუფის ფორმატში. განხილვის შედეგების გათვალისწინებით, პოლიფარმაციის ჯგუფი უფლებამოსილია, დასვას პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე საკითხი აღნიშნული ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის განხილვის თაობაზე.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა პაციენტის მიერ გაგზავნილ დანიშნულებაში არის მნიშვნელოვანი ხარვეზი, პოლიფარმაციის ჯგუფის სამდივნოს კლინიკური
ფარმაკოლოგების დასკვნის საფუძველზე დასაშვებია აღნიშნული საკითხი განხილულ იქნეს პოლიფარმაციის ჯგუფის ფორმატში. ამ შემთხვევაში პოლიფარმაციის ჯგუფი უფლებამოსილია, იშუამდგომლოს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.

__________

მთავარი ფოტო: pexels 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com