მთავარი,სიახლეები

აჭარის ახალი, „ოპტიმალური“ ფინანსთა მინისტრი

02.08.2018 • 4535
აჭარის ახალი, „ოპტიმალური“ ფინანსთა მინისტრი

ოპტიმალური – ამ სიტყვას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახალი მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ყოველი მეორე წინადადების შემდეგ ამბობს; საქმის ოპტიმალურად, ოპტიმალური ხედვით კეთებას ეკონომისტებს უკვე შესწავლილი თეორია ავალდებულებსო – ამაზეც თვითონ გვითხრა. აპირებს ოპტიმიზაციას სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, რასაც გათავისუფლებებიც შეიძლება მოჰყვეს. მის გამინისტრებაში გამორიცხავს მამის ფაქტორს, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად არჩილ ხაბაძის მთავრობაში მუშაობდა – ამბობს, რომ მისი შერჩევა იმ გამოცდილებამ და ხედვებმა განაპირობა, რაც მან დააგროვა.

  • ბატონო ჯაბა, ბოლო დღეებში აქტუალური საკითხით დავიწყოთ, ეთანხმებით მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომების დახურვაზე?

პროცესი თანხვედრაში იყო რეგლამენტთან, პროცედურულად ყველაფერი იყო სწორად. გამომდინარე აქედან, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემატურ საკითხს.

  • მას შემდეგ, რაც უკვე დაგამტკიცათ უმაღლესმა საბჭომ, თქვენი ბიოგრაფია გამოქვეყნდა. თუმცა მაინც გვინდა უფრო მეტი გავიგოთ თქვენს განათლებასა  და იმაზე, თუ რა გამოცდილებით მოხვედით მინისტრის თანამდებობაზე.

საქართველოში ორი უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, ბათუმის უნივერსიტეტი და საზღვაო აკადემია. უნივერსიტეტში შევისწავლე აღრიცხვა და საგადასახადო საქმე, ხოლო აკადემიაში საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მივიღე მაგისტრის ხარისხი. ვსწავლობდი სომხეთშიც, ეს იყო სპეცპროექტი, სადაც ჩართული იყო ტეხასის უნივერსიტეტი. შემდეგ განათლება გავაგრძელე ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტში, სპეციალობით ფინანსური ეკონომიქსი და მაგისტრის წოდება გადმომეცა… გადავედი პოლონეთში, სადაც ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი, ახლა ვარ ვარშავის ეკონომიკის სკოლის დოქტორანტი. ჩემი მიმართულება აქაც ფინანსებია, მთელი ჩემი განათლება ტრიალებს ეკონომიკისა და ფინანსების ირგვლივ.

  • გამოცდილება?

ბრიტანეთში სწავლის პერიოდში სტუდენტური ვიზის ფარგლებში ვმუშაობდი, ფასიანი ქაღალდების ბირჟებზე ვაწყობდით პანელ შეხვედრებს საპენსიო თუ, ზოგადად, საინვესტიციო ფონდებისთვის. ხელფასს არ ვიღებდი – ეს იყო ფართთაიმი [ ნახევარი განაკვეთი]. შემდეგ სამუშაო გავაგრძელე პოლონეთში, „სითი ბანკის“ ვარშავის ოფისში, ჩვენ ვემსახურებოდით მსხვილ საპენსიო და საინვესტიციო ფონდებს – ამ ფონდების ადმინისტრირება გვევალებოდა. მე ვიყავი ფონდების მართვის სპეციალისტი. შემდეგ საქართველოში სამუშაო გავაგრძელე საკონსულტაციო კომპანიაში, ძირითადად საგადასახადო აუდიტთან მიმართებაში ვუწევდი კონსულტაციებს, შემდეგ გადავედი ისევ „თი ბი ეს კონსალთინგში“ – ეს ერთ-ერთი საინტერესო და ცნობილი კომპანიაა საქართველოში. შემდეგ „გრანდ ტორტონში“ – ეს არის დიდი ექვსეული და აქვს სხვადასხვა მიმართულება. მე აქ უშუალოდ მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობდი – „ბიზნეს ქონსალთინგის“ დეპარტამენტი მქონდა ჩაბარებული.

  • გამოდის, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამინისტროში თავდაყირა დააყენებთ ყველაფერს – ინოვაციური იდეები იქნება უახლოეს მომავალში?

არ მინდა ისეთი მოლოდინები შევქმნა, რომ ვაპირებ ახალი ველოსიპედის გამოგონებას. რა თქმა უნდა, ჩემამდე გუნდი მუშაობდა და ძალიან ბევრი პროცესი დალაგებულია. თუ იქნება სფეისი [ადგილი], რომელსაც სჭირდება გაუმჯობესება, ხედვები, რა თქმა უნდა, მაქვს…

  • დაგვიკონკრეტეთ ეგ ხედვები…

გვყავს ძალიან ბევრი გამოცდილი და მცოდნე კადრი, პროფესიონალები, ამ ეტაპისთვის საკმაოდ ოპტიმალური შემადგენლობით არის დაკომპლექტებული გუნდი. იმის თქმა მინდა, რომ დღეს არ გვეშლება ხელი, რომ საქმიანობა ოპტიმალურად წარვმართოთ. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გაგრძელდება ოპტიმიზაციის პროცესი, რადგან ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს საჯარო სამსახურში. ამ ეტაპზე უფრო სტრატეგიულად ვუყურებთ ოპტიმიზაციის პროცესს თუ როგორ უნდა განხორციელდეს და როდესაც უკვე მზად გვექნება სტრატეგია, მერე შეგვეძლება სტრუქტურულად ჩავიდეთ და კონკრეტულ დეტალებზე გავამახვილოთ ყურადღება. შეიძლება იგივე ხარჯებით, იქნება ეს ხელფასები თუ სხვა ხარჯები, მივიღოთ იგივე შედეგი, რაც ბიუჯეტში გაგვაჩნია, ამით გავაკეთოთ უფრო დიდი საქმე ან შესაძლებელია ხარჯები შევამციროთ.

  • ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თუ ხელფასი არ იქნება მაღალი, კარგი სპეციალისტები არ მოვლენ სამინისტროში სამუშაოდ – ხარჯების შემცირებას როცა ახსენებთ, ხელფასების შემცირებასაც გულისხმობთ?

ამაში შეიძლება ვიგულისხმოთ ყველაფერი, რაც ოპტიმიზაციის პროცესში იქნება შესაძლებელი, ეს იქნება ხელფასები თუ სხვა ხარჯები ნებისმიერი მიმართულებით. რაც შეეხება ხელფასის ოდენობას, ფაქტია, რომ საჯარო სექტორს აქვს კონკურენცია კერძო სექტორთან …

  • რას გულისხმობთ მეტ საქმეში, მეტი იდეა გჭირდებათ, თუ კონკრეტული დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება?

ყველა იმ ასპექტს მოიცავს, რაც ახლა თქვით, უფრო დაჩქარებულ რეჟიმში ხარისხიანად და ახალი იდეებით. ახალი ინვესტორების ძიება და, ზოგადად, ჩვენი საქმიანობის ფარგლების არეალის გაფართოება, ყველა ეს ასპექტი არის ამ ხედვაში.

  • ოპტიმიზაცია თანამშრომლების შემცირებასაც გულისხმობს?

დიახ, რა თქმა უნდა. სხვადასხვა ს(ს)იპი, ააიპი თუ სხვა სამსახურები ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს  ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციას. რა თქმა უნდა, უკვე გვაქვს მონახაზი, მაგრამ ვიდრე ეს არ იქნება დანახული კონკრეტული სურათიდან გამომდინარე, თითო მიმართულებაზე არ მინდა გავამახვილო ყურადღება. შემიძლია იმ მაგალითზე ვისაუბრო, რაც დღეს უკვე გავაჟღერეთ – ეს არის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური [მთავრობამ ეს სამსახური გააუქმა – ავტ].

მინდა გითხრათ, რომ სხვა მიმართულებითაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. გვესმის, რომ მნიშვნელოვანია დროული რეაგირება და ჩვენც მაქსიმალურად ვითავისებთ ამას… არ მინდა გავასწრო მოვლენებს, თუმცა შემიძლია დავაანონსო და გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება საკითხები, რასაც დღის წესრიგში დავაყენებთ ოპტიმიზაციის თვალსაზრისით.

  • ვინ შემოგთავაზათ მინისტრის თანამდებობა?

კომუნიკაცია მქონდა მხოლოდ და მხოლოდ ბატონ თორნიკესთან [რიჟვაძე], როდესაც უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა ჩვენი კომუნიკაცია.

  • იცნობდით მანამდე?

ვიცნობდი, მაგრამ არანაირი ახლო ურთიერთობა მასთან არ მქონდა. ბატონი თორნიკე გავიცანი სამი წლის წინ ფორუმზე. გავცვალეთ კონტაქტები და თვალს ვადევნებდით ერთმანეთის კარიერულ განვითარებას, ჩვენი კომუნიკაციის დროს მან მოითხოვა ჩემი cv და გამოცდილება…

  • რატომ დათანხმდით?

მარტივად არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება და რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, უპირველეს ყოვლისა, იყო გამოწვევა, თუნდაც ახალი მიმართულებები, ეს ნამდვილად მომხიბვლელია ჩემი ცხოვრების წესისთვის. იმას თუ დავამატებთ, რომ ბავშვობაში უკრაინაში ვცხოვრობდი, მთლიანად რეგიონულ დონეზე უკვე მქონდა წარმოდგენა, თუ რა პროცესები მიდიოდა. მე მქონდა ხედვები თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენი ქვეყანა. როგორც ნორმალური სხვა ადამიანისთვის, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის წარმატება. არ მინდა ისე გამოვიდეს განსაკუთრებული პატრიოტული პათოსით, მაგრამ ნორმის ფარგლებში… კიდევ მინდა ვიხმარო სიტყვა ოპტიმალური. მე ხშირად ვხმარობ ამ სიტყვას.

  • შეგნებულად აკეთებთ ამას?

რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ ვერ ვნახულობ სინონიმებს. ეკონომისტებისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილება არ არის კარგი, ან ცუდი, ან აღმაფრთოვანებელი, უნდა იყოს ოპტიმალური. მე მინდა ჩემი ნებისმიერი შეფასება აღქმული იყოს ასე, რომ ეს იყო ნათქვამი მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმალურობის ჭრილში დ არა სხვა რაიმე მიმართულებით. მე მაქვს ჩემი კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში უნდა ვიმოქმედო ოპტიმალურის ფარგლებში, ეკონომიკური თეორია მავალდებულებს ამ ტერმინზე გავაკეთო აქცენტი. მე ამ მიმართულებით მეცნიერმუშაკი ვარ.

  • უფრო კონკრეტულად გვითხარით, რას გააკეთებთ ახალს, რას გულისხმობთ როცა ამბობთ, რომ გაქვთ სხვადასხვა ხედვა?

მსოფლიოში ბევრი გამოწვევაა და გლობალიზაციამ სამყარო წაიყვანა იქითკენ, რომ მხოლოდ ადგილობრივი პრობლემებით, ადგილობრივი საკითხების გადაჭრით თუ ვიქნებით დაკავებული, ჩვენ ამოვარდებით ამ გლობალური კონტექსტიდან. საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებულიც ვართ და ეს კარგიც არის, რომ რეგიონში გვაქვს ასეთი ლოკაცია, მნიშვნელოვანია საქართველო ჯერ და შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დავინახოთ გლობალურ ჭრილში. ჩვენ გვინდა მეტი ინვესტორის და მეტი ტურისტის შემოყვანა საქართველოში. არის ასეთი ინგლისური გამონათქვამი „აუთ ოფ ბოქს“, რაც ნიშნავს ყუთის გარეთ – სწორედ აქ იყო ვფიქრობ უპირატესობა, რამაც ხაზი გაუსვა ჩემს კანდიდატურას.

  • რა გათვლები აქვს და რა მიმართულებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს გლობალურ ჭრილში? 

ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება, როგორც ცენტრალური მთავრობიდან, ასევე ჩვენც დავაანონსეთ ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება. ვფიქრობ, ტურიზმის მიმართულება აშკარა აქტივია, რაც უკვე ჩანს, ხელისგულზე გვიდევს და იქნებოდა არასწორი, თუ ჩვენ ამ მიმართულებას ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ და გადავალთ სხვა მიმართულებებზე. აშკარად გვაქვს ეს მარგალიტი, ტურიზმის სექტორი და ვფიქრობთ საინტერესო იქნება. სხვა დანარჩენი სექტორების, თუნდაც იგივე სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით რომ ვისაუბროთ, ამათი განვითარება მიბმული იქნება ტურიზმის სექტორთან. მნიშვნელოვანია, რომ აჭარა გახდეს საინტერესო წლის ოთხივე სეზონზე. მოგეხსენებათ ასევე თავმჯდომარემ დაანონსა სპორტული ტურიზმის განვითარება და ვფიქრობთ ამ მიმართულებასაც დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია ასევე ტურისტული პროდუქტების და სერვისების გამრავალფეროვნება. ამ სექტორში არსებული ხარისხის სტანდარტის ზრდა.

  • რაიმე ახალი გაქვთ მოფიქრებული? – ტურიზმის დეპარტამენტი ფულს ხარჯავს ევროპაში ბილბორდების განთავსებაში, ამ ქვეყნებიდან ტურისტები რომ ჩამოვიდნენ. იმაზე გვითხარით, თქვენი ახალი გზა რაში მდგომარეობს? 

გეტყვით, ჩვენ აქამდე რა ტიპის მესიჯს ვუგზავნიდით ინვესტორს ან ტურისტს? – საქართველო არის ძალიან კარგი ქვეყანა ჩამოდი დაისვენე, ან აქ არის სხვადასხვა ტიპის შეღავათი, მეგობრული ხალხი და ასე შემდეგ – ეს არის უფრო ჯენერალმესიჯი, ზოგადი მესიჯი. ჩემი ხედვაა, რომ უნდა მოხდეს სეგმენტაცია, ჩვენ უკვე გამოვავლინეთ კომპანია, რომელიც გამოავლენს 12 ქვესექტორს. შემდეგ უკვე შემუშავდება კონკრეტული საინვესტიციო პროექტები, კონკრეტული წინადადებები, კონკრეტულ ინვესტორებთან. ზოგადიდან გადავალთ კონკრეტიზაციაზე.

  • უფრო ნათელი რომ გახდეს, რაშია ამ იდეის უპირატესობა, მაგალითი დამისახლეთ…

ჩვენ გვინდა ტურისტების დივერსიფიცირება, ავიღებ ევროკავშირიდან  შემოსულ ტურისტებს, რადგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობა და სხვადასხვა ტიპის ასპექტის მიბმა ამ თვალსაზრისით. ევროკავშირში უნდა გავაკეთოთ ჩვენ სეგმენტაცია, თუ ვინ არის ყველაზე აქტიური ტურიზმის მიმართულებით და ვის აქვს რეალურად შემოსავლები. თუ ჩვენ შევისწავლით საკითხს, დავინახავთ, რომ საპენსიო ასაკს მიღწეულები არიან ტურისტულად ყველაზე აქტიური და ფინანსურად უზრუნველყოფილი ჯგუფები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: