მთავარი,სიახლეები

მერიამ ჯერ არ იცის, სად ააშენებს ბიზნესინკუბატორს, მაგრამ პროექტში 34 500 ლარს იხდის 

02.08.2018 • 2509
მერიამ ჯერ არ იცის, სად ააშენებს ბიზნესინკუბატორს, მაგრამ პროექტში 34 500 ლარს იხდის 

ბათუმის მერიამ ბიზნესინკუბატორის დაპროექტებისთვის 50 ათასი ლარი გამოყო და ტენდერში გამარჯვებულთან 34 500 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქალაქის მერიას დღემდე არ აქვს დაზუსტებული, სად უნდა ააშენოს ბიზნესინკუბატორი. პროგრამისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 5,9 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

გამარჯვებულ კომპანიას ინკუბატორის დაპროექტება მიმდინარე წლის 7 ივლისს უნდა დაესრულებინა, მაგრამ ეს თარიღი გადაუვადეს. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა.

ახალი ცვლილებით, რომელსაც ხელს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე აწერს, სამუშაოს [ბიზნესცენტრის შექმნის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა] კომპანია მაშინ დაიწყებს, როგორც კი მერია ტერიტორიას გამოყოფს. მერიამ ტენდერი 2018 წლის 23 აპრილს გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანია „ხობი 2005“-თან კი ხელშეკრულება 23 მაისს გააფორმა.

მერია რომ ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავდა, ამის შესახებ ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ, მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა. მისივე განმარტებით, ბიზნესინკუბატორი იმ პროგრამის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც მერია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს.

მერიამ პროგრამა ისე დააფინანსა, ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ინკუბატორი სამრეწველო ზონაში, მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო. ადგილმდებარეობაც, წესით, კვლევის შედეგად უნდა განსაზღვრულიყო.

[red_box]ამ თემაზე: 6-მილიონიანი პროგრამა – ვისთვის ქმნის ბათუმის მერია ბიზნესინკუბატორს[/red_box]

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული 50 077 კვ.მ ტერიტორია, სადაც ბიზნესცენტრის აშენება დაიგეგმა, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მერიას აჭარის მთავრობამ მიმდინარე წლის მარტში გადასცა.

ლაშა კომახიძემ მერიის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე [მიმდინარე წლის აპრილში] ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით ისიც განაცხადა, რომ „მერიამ უკვე დაიწყო ტერიტორიის დაგეგმარება. აქ, პირველ რიგში, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადაც მიყვანილი იქნება საწარმოო ქსელები, ეს იქნება 500-დან 1000 კვადრატამდე მეტრის სხვადასხვა საწარმოო ფართობები, სადაც მეწარმეებს შეეძლებათ გახსნან საწარმოები ან გადაიტანონ საკუთარი წარმოება. ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ ბიზნესცენტრს, რომელიც კონცენტრაციას გაუკეთებს მსუბუქი მრეწველობის დარგებს.“

რატომ გადაიფიქრა მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნესცენტრის აშენება? – „ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გავდიოდით კონსულტაციებს შერჩეულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქონდა რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაზეც უარი ვთქვით და გადავერთეთ მომიჯნავე ტერიტორიაზე. ამავე დროს იქ გადის შემოვლითი გზა და ამ ფაქტორიდან გამომდინარე მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა“, – მოგვწერეს მერიის პრესსამსახურიდან.

პროგრამის მიხედვით, ბიზნესინკუბატორის შესაქმნელად წელს 75 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. ცალკე 40 ათასი ლარია გათვალისწინებული საერთაშორისო ბიზნესცენტრის [საერთაშორისო ბიზნესინკუბატორის] მოდელის შემუშავებისთვის. ასეთი ბიზნესმოდელი ანუ კვლევის დოკუმენტი მერიას მიმდინარე წლის ივლისამდე უნდა შეემუშავებინა.

„რაც შეეხება მოდელს, უკვე შემუშავებულია და ასახულია სტრატეგიაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების დაზუსტება,“ – მოგვწერეს ქალაქის მერიიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: