მერია „ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობის იძულებით შეჩერებას აპირებს

ბათუმში, ზღვასთან ახლოს, სახელმწიფო მიწაზე კერძო კომპანია უნებართვო მშენებლობას აგრძელებს. არის თუ არა გარიგება კერძო კომპანიასა და სახელმწიფო უწყებებს შორის? – ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომლის თანამშრომლები „არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან“, აცხადებენ, რომ ტერიტორიით სარგებლობასა თუ სამუშაოების წარმოებაზე კომპანიასთან სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, 3022 კვ/მ ტერიტორიას „ორბი ჯგუფი ბათუმი“ სარგებლობს – მშენებლობასაც აწარმოებს და კაპიტალურად ღობავს.

„ორბი ჯგუფი ბათუმი“ სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს უნებართვოდ ატარებს. „აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით მერიის მიერ გაცემული იყო მითითება, რომელიც გულისხმობს გონივრულ ვადაში კომპანიამ მოახდინოს დემონტაჟი და ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. ამის შემდეგ გამოიცა დადგენილება მშენებლობის იძულებით შეჩერებაზე და ჩაბარდა კომპანიას“, – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, ანუ სახელმწიფო ქონებაა. ამ ქონების განმკარგავი აჭარის მთავრობა, კონკრეტულად კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა.

„სამინისტროს თანამშრომელი იმყოფებოდა ადგილზე და გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, იქ იმყოფებოდნენ მერიის სამსახურების წარმომადგენლებიც, ესაუბრნენ კომპანიას, გატარდა შესაბამისი ზომები, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პროცესს მიეცა მსვლელობა სასამართლოს მიმართულებით“, – გვითხრეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.

რატომ ვერ იცავს აჭარის მთავრობა სახელმწიფო ქონებას და რას უპირებს სამინისტრო ამ მიწის ნაკვეთს? „ორგანო, რომელიც რეაგირებას ახდენს ასეთ შემთხვევაში, არის მერია და ახლა უნდა დაველოდოთ შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს. რაც შეეხება ქონებას, თუ ვინმე დაინტერესდება ამ მიწის ნაკვეთით, სამინისტრო მზად არის იმსჯელოს და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება ქონების განკარგვაზე“, – აცხადებენ სამინისტროში.

აღნიშნული ტერიტორიის უნებართვოდ შემოღობვისთვის „ორბი ჯგუფი ბათუმი“, როგორც მერიაში განაცხადეს, ერთხელ უკვე დააჯარიმეს. სამინისტრომ კი კომპანია უნებართვო სამუშაოების შესახებ გააფრთხილა. მიუხედავად ამისა, კომპანია მშენებლობას და შემოღობვას აგრძელებს. გამორიცხული არაა სამინისტრომ აღნიშნული ტერიტორია კომპანიას საკუთრებაშიც კი გადასცეს, რისი იმედიც ეტყობა „ორბი ჯგუფი ბათუმს“ აქვს და სახელმწიფო ნაკვეთზე უნებართვო და უკანონო საქმიანობას აგრძელებს.

ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის გვერდით, 3022 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლის აგვისტოში 5 მილიონ 745 ათას ლარად გაყიდა. ნაკვეთი შპს „მწვანე ხეივანმა“ იყიდა, რომელიც ქონების შეძენამდე 10 თვით ადრე იყო დარეგისტრირებული.

კომპანიას მიმდინარე წლის მაისში მშენებლობა უნდა დაეწყო, თუმცა, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, „მწვანე ხეივანს“ ნაკვეთის თანხა არ გადაუხდია, რის გამოც მასთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმეს და ნაკვეთი კვლავ აჭარის საკუთრებად დაარეგისტრირეს.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ ამ ნაკვეთზე უნებართვო სამუშაოები.

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობა ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ / 31.07.2018 / გურამ მურვანიძის ფოტო

 

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობა ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ / 31.07.2018 / გურამ მურვანიძის ფოტო

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მშენებლობა სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთზე / 1.08.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტო

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მშენებლობა სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთზე / 1.08.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტო

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ შემოღობილი სახელმწიფოს კუთვნილი ნაკვეთი / კომპანიამ გაფრთხილების შემდეგ ღობეზე მხოლოდ დაფები მოხსნა /1.08.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com