მთავარი,სიახლეები

„ზაფხულში ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან” – როგორ ავარიდოთ ბავშვებს ნაწლავური ინფექცია

30.07.2018 • 4866
„ზაფხულში ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან” – როგორ ავარიდოთ ბავშვებს ნაწლავური ინფექცია

ივლისის ბოლოს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ბავშვთა მოწამვლის შემთხვევების რაოდენობამ იმატა. ამის მიზეზად საავადმყოფოში სეზონურობას ასახელებენ.

„ზაფხულის ცხელ დღეებში ყოველწლიურად მატულობს ნაწლავური ინფექციების რაოდენობა, ეს ეპიდემია არ არის. მატების ტენდენცია აგვისტო-სექტემბერში შეიმჩნევა განსაკუთრებით“ – ამბობს „ბათუმელებთან“ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე, რომელსაც „ბათუმელები“ ნაწლავური ინფექციების გამომწვევ მიზეზებსა და რეკომენდაციებზე ესაუბრა.

„მოწამვლის მიზეზები სხვადასხვაა. ეს შეიძლება მოხდეს ინფიცირებული საკვების, წყლის ან დაუბანელი ხელის შეხების შემთხვევაშიც. ცხელ და ტენიან პირობებში ბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდება, ამას ემატება ის, რომ ადამიანები იღებენ დიდი რაოდენობით წყალს, ზოგჯერ ისეთს – რომელიც არ არის საიმედო, ასევე, იღებენ დიდი რაოდენობით ხილს, ზოგჯერ – გაურეცხავს. არის შემთხვევები, როცა ბავშვი ან მოზარდი პლაჟზე მიირთმევს ჩამოტარებულ საკვებს, ჰგონია, რომ რახან ზღვაში იყო, ხელები სუფთა აქვს, სინამდვილეში კი ასე არ არის, ხელებს ზღვის შემდეგადაც სჭირდება დაბანა,“ – ამბობს რევაზ ნაკაშიძე.

ნაწლავურ ინფექციას საკმაოდ იოლად ამოსაცნობი სიმპტომები აქვს. ესენია: ტემპერატურის მატება [თუმცა შესაძლოა მიმდინარეობდეს მაღალი ტემპერატურის გარეშეც] გულისრევა, ღებინება და დიარეა. ნაწლავური ინფექციის შემთხვევები ზაფხულში მოზრდილებშიც ხშირია, თუმცა ბავშვების შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა.

„დაავადება ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. თუ ბავშვი 4-5 წლამდე ასაკისაა, ღებინების შემთხვევაში მაშინვე უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს. ასევე უნდა მოიქცეს ცხელების და დიარეის დროს. მნიშვნელოვანია ბავშვი იყოს აქტიური, ხალისიანი. თუ ბავშვი მოდუნდა, მოიწყინა, სითხე არ მიიღო, რა თქმა უნდა, იმ წუთასვე სჯობს მშობელმა მიმართოს ექიმს. განსაკუთრებით, თუ სისხლიანი განავალი აქვს ბავშვს, ამ დროს აუცილებელია ექიმის ჩართვა, არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანის შემთხვევაში.“ – ამბობს რევაზ ნაკაშიძე.

თუ ღებინება და დიარეა ერთ დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს და ბავშვი/მოზრდილი რეანიმაციაშიც კი მოხვდეს ორგანიზმის გაუწყლოების შედეგად. რევაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათად, თუმცა მაინც ხდება.

ექიმის რეკომენდაციები ნაწლავური ინფექციის თავიდან ასარიდებლად:
  • ბავშვებს ხშირად დაბანეთ ხელები
  • მიეცით ბავშვს სასმელად მხოლოდ საიმედო წყალი
  • კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, გაფცქვენით/გათალეთ დაბანილი ხელებით
  • ადრე მომზადებული, მაცივარში შენახული კერძი ჭამამდე აუცილებლად აადუღეთ
  • თუ საზამთროს დაჭრით, მიირთვით და აღარ შეინახოთ მაცივარში 
  • მოერიდეთ ბუზებს, რომელთაც მრავლად და მარტივად გადააქვთ სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ინფექციები 

რევაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ წესების დაცვა აუცილებელია ზღვაში ბანაობის დროსაც, არ არის რეკომენდებული საკვების მიღება სანაპიროზე, ზღვის პირას და საჭიროა სუფთა წყლის გადავლება ზღვაში ბანაობის შემდეგ. მისი თქმით, ასე ზღვის წყლით ინფიცირების რისკი მცირდება.

გადაბეჭდვის წესი