რეზერვისტებს სახელმწიფო წელიწადში 2760 ლარს გადაუხდის


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს. პირველი აგვისტოდან  საქართველოს სამ რეგიონში – კახეთში, აჭარასა და გურიაში  მცხოვრებ 18-დან 50 წლამდე ასაკის პირებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საპილოტე პროგრამაში.

“ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება,” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან საპილოტე რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლამდე ასაკის სტუდენტებს, რომლებიც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადას დაასრულებენ,  სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

პირი, რომელიც რეზერვში ჩაირიცხება, სარეზერვო სამსახურს თავისივე რეგიონში გაივლის.

ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიიღება პირველი აგვისტოდან 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.  აჭარა-გურიის რეგიონში მცხოვრებლებმა საბუთები ბათუმში, ადლიის ქუჩა N76-ში უნდა მიიტანონ, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში. კახეთში მცხოვრებლებმა კი – თელავში თამარ მეფის ქუჩა N36-ში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში;  სპეციალისტთა რეზერვისთვის – თავდაცვის სამინისტრო, კვინიტაძის 20.

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, 1  ფოტოსურათი 3/4, ჯანმრთელობის ცნობა და  სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი