რატომ მიიჭედა ხეზე ხელი მოქალაქემ აჭარის მთავრობის სახლთან

შემთხვევა ბათუმში დღეს, 27 ივლისს, მოხდა. მოქალაქე ვასიკო ტაკიძემ, რომელიც აცხადებს, რომ დელტაპლანის გაქირავების ბიზნესი ჰქონდა, გააპროტესტა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მას დელტაპლანის გაქირავების ნებართვას არ აძლევენ.

„74 000 დოლარი ჩავდე ამ საქმეში. მე მგონი არის ამ ქვეყანაში ხალხი, ვინც გვერდით დამიდგება და ტურიზმს გააცოცხლებს, ბანკში მაქვს ჩადებული ფული, ოთხი შვილი გარეთ დამრჩება. 12 ოჯახი მყავს დასაქმებული, რა გავაკეთო ამაზე მეტი.

წინასწარ ეთქვათ მაშინ, არ ჩადო ამდენი თანხა და არ განავითარო ეგ ბიზნესიო. ოთხი წლის მანძილზე 150-მდე კაცია აფრენილი ჩემთან. მოიტანე დოკუმენტიო, მივიტანე, ეს არ კმარა, კიდევ მოიტანეო, ამდენ ხანს ბანკი არ დამელოდება, არავინ დამარცხებულა ჩემთან,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან ვასიკო ტაკიძემ.

„ჩვენი ინფორმაციით, ამ მოქალაქეს საჰაერო ნავიგაციამ აუკრძალა დელტაპლანების გაქირავება ტექნიკური ხარვეზების გამო, აჭარის მთავრობას ეს საკითხი არ ეხება და მოქალაქემ შესაბამის სამსახურს უნდა მიმართოს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელმაც ვასიკო ტაკიძე რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.