მთავარი,სიახლეები

კომპანიას, რომელიც პირსს ვერტმფრენის სადგომად იყენებდა, ბიუჯეტის სასარგებლოდ არაფერი გადაუხდია

27.07.2018 • 4313
კომპანიას, რომელიც პირსს ვერტმფრენის სადგომად იყენებდა, ბიუჯეტის სასარგებლოდ არაფერი გადაუხდია

დღეს, 27 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #13- ის მიმდებარედ, ზღვის პირას არსებულ მიწის ნაკვეთისა და ამ ნაკვეთზე მდებარე შენობის [444 კვ.მ] საიჯარო ფასი განსაზღვრეს. საკრებულომ  ქონების წლიური საფასურის სახით 36 000 ლარი დაადგინა. ეს ქონება მოიცავს ასევე საზღვაო პირსს, რომლითაც ბოლო პერიოდში ვერტმფრენი სარგებლობს.

ვერტმფრენით გასეირნების სერვისს ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს კანადური კომპანია სთავაზობს. ვერტმფრენი ახალ ბულვარში არსებულ პირსზე დგას დილიდან საღამოს 7 საათამდე, საღამოს 8 საათიდან კი ვერტმფრენებს ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე აჩერებენ.

დღეს საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას ოპოზიცია დაინტერესდა, აქვს თუ არა კანადურ კომპანიას პირსის გამოყენებაზე მერიასთან ხელშეკრულება დადებული და იხდის თუ არა ქონებით სარგებლობის საფასურს ბათუმის ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაზეც მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გოგა ლომაძემ უპასუხა, რომ არა, გარდა ამისა, მან თქვა, რომ მერიას არ აქვს მონაცემები „თუ რამდენჯერ მოახდინა ვეტმფრენმა დაშვება ბათუმის ტერიტორიაზე.“

ტერიტორია ამ დრომდე საიჯარო წესით „საქართველოს ბანკს“ ჰქონდა, ხელშეკრულებას ვადა პირველ ივლისს გაუვიდა. ქონება 2014 წელს მერიის ტურისტული ობიექტების სააგენტომ იჯარის წესით გაასხვისა.

გოგა ლომაძეს არც იმაზე ჰქონდა ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა კანადურ კომპანიას „საქართველოს ბანკთან“  რაიმე სახის კონტრაქტი მის სარგებლობაში არსებული მუნიციპალური ქონების გამოყენებასთან დაკავშირებით. საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მოიჯარეს მერიისთვის ამის შესახებ უნდა ეცნობებინა, გოგა ლომაძის თქმით კი შეტყობინებას მერია იღებს მხოლოდ ჩანაცვლების შემთხვევაში.

ვერტმფრენით გასეირნების ფასი ბათუმში 250 ლარია. მსურველებს ვერტმფრენით სხვადასხვა ტურებსაც სთავაზობენ ბათუმიდან ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის, ასევე მესტიის მიმართულებით. ფასები 700 აშშ დოლარიდან [ექვივალენტი ლარში, ქობულეთის ტური] იწყება და 5250 დოლარამდე ადის [ექვივალენტი ლარში, მესტიის ტური].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: