მთავარი,სიახლეები

სად და რა ფასად შეიძლება აჭარაში კარვის გაშლა

27.07.2018 • 6749
სად და რა ფასად შეიძლება აჭარაში კარვის გაშლა

კარვით ბუნებაში დასვენებას სხვადასხვა მხარე აქვს: თუ კოღოებთან ბრძოლა და მიწაზე თხელი პარალონით ძილი ვერ წარმოგიდგენიათ, კარვის იდეა თავიდანვე უნდა უარყოთ და სასტუმროების ძებნა დაიწყოთ, მაგრამ თუ კომფორტის არარსებობა და ბონუსად ღია ცის ქვეშ: ტყეში, ან ზღვასთან ახლოს ძილი მოგწონთ, მაშინ ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ.

ბათუმსა და ქობულეთში კარვებისთვის ადგილი ოფიციალურად გამოყოფილი არ არის. ბათუმისა და ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ აკრძალულია კარვის გაშლა ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს და ასევე, პარკებსა და სკვერებში, თუმცა აჭარაში არის ადგილები, სადაც ზღვასთან ახლოს კარვების გაშლა დაშვებულია.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე კარვით ერთი ღამის გათევა ღირს:

[checklist]

  • საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 ლარი
  • უცხოელებისთვის 20 ლარი
  • საფასურში ბოტანიკური ბაღის დათვალიერებაც შედის

[/checklist]

საკემპინგე ტერიტორია, ბოტანიკური ბაღის მწვანე ტყეშია მოწყობილი, საიდანაც ზღვის სანაპირომდე სულ რაღაც 100 მეტრია. ადგილზე გამართულია საკემპინგე ინფრასტრუქტურა: ახლომდებარე კაფე-ბარში შესაძლებელია კერძების შეკვეთა, ადგილზე არის მაყალი – ბოსტნეულისა და ხორცის შესაწვავად, იქვეა შშმ პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშოც, თუმცა არ არის საშხაპე. ტერიტორია დაცულია და დაცვა მთელი ღამე მორიგეობს.

გაითვალისწინეთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე კარავი, პარალონი და საძილე ტომრები არ ქირავდება. ამიტომ თუ ასე დასვენება გსურთ, საკუთარი აღჭურვილობით უნდა ეწვიოთ ბოტანიკურ ბაღს.

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნულ პარკში ბევრნაირადაა შესაძლებელი ღამისთევა: ვიზიტორთა ცენტრის სასტუმროში, საოჯახო სასტუმროებსა და ხის ქოხში – ტურისტულ თავშესაფარში. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია საკემპინგე – საკარვე ადგილებიც. თუ აღჭურვილობა არ გაქვთ პარკის ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ იქირავოთ:

[checklist]

  • ორადგილიანი კარავი ერთი ღამით – 10 ლარად
  • პარალონი – 5 ლარი
  • ზურგჩანთა – 5 ლარი
  • საკარვე ადგილი – 5 ლარი

[/checklist]

თუ საკუთარი კარვითა და აღჭურვილობით ეწვევით დაცულ ტერიტორიას, მხოლოდ საკარვე ადგილის საფასურის გადახდა მოგიწევთ. საკემპინგე ტერიტორიებზე მაგიდები და ცეცხლის დასანთები ადგილებია გამოყოფილი. კარვის გასაშლელი ყველა გამოყოფილი ადგილი  მტირალას პარკის ტურისტულ რუკებზეცაა დატანილი.

                  მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნულ პარკში სრულიად უფასოდ შეგიძლიათ კარვების გაშლა. საკემპინგე ინფრასტრუქტურა ჯერ აქ მოწყობილი არ არის და არც კარვები ქირავდება, მაგრამ საკუთარი აღჭურვილობით შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე დაბანაკდეთ უფასოდ. როგორც პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბილიკები და საკემპინგე ინფრასტრუქტურა მაჭახელას ეროვნულ პარკში ზაფხულის ბოლომდე მოეწყობა და ზაფხულის შემდეგ სეზონზე შესაძლებელი იქნება საკემპინგე აღჭურვილობის ადგილზე დაქირავებაც, თუმცა დაცულ ტერიტორიაზე კარვით დარჩენაც შესაბამისად, ფასიანი გახდება.

კინტრიშის ნაკრძალი

კინტრიშის ნაკრძალში მოწყობილია როგორც ტურისტული ბილიკები, ასევე საკემპინგე ინფრასტრუქტურაც. აქ ბზის კორომებისა და თამარის თაღოვანი ხიდის ტურები მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება. ვიზიტორთა ცენტრში იქირავებთ კარავსა და აღჭურვილობას იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი კარავი არ გაქვთ:

[checklist]

  • კარვის დაქირავება დღეში – 10 ლარი
  • საძილე ტომარა – 5 ლარი
  • პარალონი – 3 ლარი
  • ზურგჩანთა – 5 ლარი
  • საკარვე ადგილი, ერთი ადამიანი – 5 ლარი

[/checklist]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: