მთავარი,სიახლეები

„ბედნიერება ჩემთვის ურთიერთობებია და არა სასტუმროში დასვენება“ – კარვით ბათუმში

26.07.2018 • 16680
„ბედნიერება ჩემთვის ურთიერთობებია და არა სასტუმროში დასვენება“ – კარვით ბათუმში

ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, მწვანე მინდორში ფერადი კარვებია გაშლილი. ახალგაზრდები, რომლებიც  სასტუმროების ნაცვლად ღია ცის ქვეშ არჩევენ დასვენებას, ამ კარვებში ცხოვრობენ. ეს სესეა. ერთ-ერთ ფერად კარავში ცხოვრობს. სხვა დროს ბულვარში უკრავს გიტარაზე, ახლა ისვენებს.

ელენეს და ვანოს კარავი ერთი ადგილიდან მეორეგან გადააქვთ. მოიღრუბლა და შეიძლება გაწვიმდეს, ამიტომ ხეებს უნდა შეეფარონ, კარავს დამატებითი ტენტი უნდა გადააფარონ, წვიმამ რომ ვერ ჩამოაღწიოს.

ელენე და ვანო ბათუმში ერთად ჩამოვიდნენ, ელენე ილიაუნის თეატრის მსახიობია, ვანო – პირველი კურსის სტუდენტი, ოღონდ სწავლა დროებით შეწყვიტა.

ვანო: „მივხვდი, რომ უბრალოდ ადამიანების გაცნობა მჭირდება ჯერ, ურთიერთობები და თავისუფლება. 100%-იანი გრანტი ავიღე და ძალიან კარგადაც ვსწავლობდი, მაგრამ გული სხვა რამისკენ მიმიწევს. სტერეოტიპია საქართველოში, რომ 19 წლის ახალგაზრდა უკვე უნდა სწავლობდეს უნივერსიტეტში. მე ჯერ ადამიანების გაცნობა და ყველაფრისგან გათავისუფლება მჭირდება, ამიტომ ვმოგზაურობ კარვით“.

ელენე: „კარავი თავისუფლებაა, გაპრიალებულ სასტუმროს ნომერს ვერსად წაიღებ და წამოიღებ, ამ კარავს კიდევ დაავლებ ხელს და სადაც გინდა იქ დადგამ. ბედნიერი ვარ ფარატინა კარავში, ბედნიერება ჩემთვის სიყვარული და ურთიერთობებია და არა გაზიმზიმებულ სასტუმროში დასვენება“.

ელენე და ვანო ფიქრობენ, რომ ბათუმი კარვით დამსვენებელი მოგზაურებისთვის მეგობრული ქალაქი არ არის. ვანო ყვება, რომ ამ მინდორში თავიდან ერთადერთი კარავი იყო, პოლიცია მოვიდა და დამსვენებლებს კარვის დაშლისკენ მოუწოდებდა, თუმცა ერთი კარვის გვერდით სხვებმა ათი სხვაც გაშალეს და ახლა აქ მთელი ბანაკია. ვანო ამბობს, რომ პოლიციელებმა იციან სად არის აკრძალული კარვების გაშლა, თუმცა როცა კითხულობ დასაშვები სად არის, ამაზე პასუხი არ აქვთ.

კარვით მოგზაურები: ელენე და ვანო

ვანო გიტარაზე უკრავს, ელენეც. ასე აგროვებენ ყოველდღიურ ფულს. ვანო ამბობს, რომ ყველასთვის დაკვრა უდიდესი სიამოვნებაა, რასაც სითბო, ენერგია და მხიარულება მოაქვს. ერთად ამღერებული ხალხი, უცნობები, რომლებიც ფოტოებს იღებენ შენთან ერთად… წყვილი ამბობს, რომ თითქოს საკვებისთვის გამოიმუშავებენ ფულს დაკვრით, მაგრამ რეალურად იმდენ ენერგიას იღებენ დაკვრისგან, რომ დღის ბოლოს ამ ფულით საჭმლის ყიდვა ხანდახან ავიწყდებათ კიდეც. თუმცა, როგორც ვანო ამბობს, ბათუმი „გაცივდა“ – ორი წლის წინ, როცა აქ უკრავდა, საათში ორმოც ლარამდეც გამოიმუშავებდა. ახლა ასე არ არის. არც ხალხის დამოკიდებულებაა კარვით დამსვენებლების მიმართ ყოველთვის ერთნაირი.

ელენე: „ხანდახან ამრეზით გვიყურებენ, რახან ქუჩაში ვუკრავთ და კარავში ვცხოვრობთ. არადა ძალიან მარტივი რამეები მინდა: კარვით მოგზაურობა, სიყვარული, ურთიერთობები. ახლა ვაკეთებ იმას, რაც მინდა და საკუთარი თავით სხვას ხელს არაფერში ვუშლი. ყველამ ის უნდა გააკეთოს რაც უნდა, ვაშავებ ამით რამეს?!“

19 წლის ვანო ფიქრობს, რომ თუ გინდა საკუთარ თავს კარგად გაუგო და მიხვდე, რა გინდა ცხოვრებისგან, აუცილებლად უნდა მოშორდე ცოტა ხნით მაინც გონებით ადამიანებს, რომლებიც შენთვის ბევრს ნიშნავს, მშობლებს, ახლობლებს…

ვანო: „დედ-მამა, ნათესავები – ის ხალხია ვინც შენთვის ბევრს აკეთებს და მერე იძულებული ხარ შენთან დაკავშირებულ მათ სურვილებს ანგარიში გაუწიო. ამ დროს სასიცოცხლოდ აუცილებელია რაღაც ეტაპზე იცხოვრო ისე, როგორც შენ გჭირდება და გინდა, უცნაურია, როცა ადამიანები საკუთარ თავს გაურბიან, უარს ამბობენ საკუთარ სურვილებზე. უნდა გაშორდე გონებით შენს ავტორიტეტებს, რომ მერე სხვანაირად დაბრუნდე მათთან, ადვილი არ არის, მაგრამ ვინ თქვა რომ ცხოვრებაში რამე ადვილია?“.

ანბანის კოშკთან, ფერად კარვებში დაბანაკებულებს ყველაზე ძალიან უცნობების გამოჩენა უხარიათ, რომლებიც მათ კარვებთან მიდიან, ეცნობიან და მღერიან. ყვებიან, რომ ბუტაფორიული, ცათამბჯენებიანი, რკინა-ბეტონის ქალაქი არ მოსწონთ და დაბალსართულიანი ბათუმის ძველ უბნებში გადიან ხშირად. როცა წვიმს, კარავში დაბანაკებულებისთვის ცოტათი რთული პერიოდი დგება: ამ დროს ბულვარში ვერ უკრავენ და ხანდახან თავის გატანაც ჭირს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: