მთავარი,სიახლეები

ვარგისი, მალფუჭებადი საკვები გამოყენებული იქნას ქველმოქმედებისთვის – პეტიცია

26.07.2018 • 2777
ვარგისი, მალფუჭებადი საკვები გამოყენებული იქნას ქველმოქმედებისთვის – პეტიცია

მოქალაქე ლევან აღნიაშვილი საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავს, დახლზე დარჩენილი, საკვებად ვარგისი, არა მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის საქველმოქმედო მიზნით იქნას გამოყენებული.

„შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის აპრილში 4523 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა გადაყარეს სანაგვე ურნებში. მაისში – 11 484, ივნისში – 7312, ივლისში – 9455, აგვისტოში – 7778, სექტემბერში – 5424, ოქტომბერში – 8701, ნოემბერში – 7727, დეკემბერში – 8192. 2018 წლის იანვარში 9385 ლარის მზა საკვები არის გადაყრილი, თებერვალში – 7439, მარტში – 6817 ლარის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 459 619 ადამიანი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას იღებს. გთხოვთ მიიღოთ კანონი რომელიც აკრძალავს სუპერმარკეტებს დახლზე დარჩენილი საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტის გადაყრას . სუპერმარკეტები ვალდებული იქნებიან გაუყიდავი პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ“ – აღნიშნულია პეტიციაში.  

ამ თემაზე „ბათუმელებმა“ სტატიები წელს, აპრილში მოამზადა.

მზა საკვები პროდუქტების ვარგისიანობის ვადა კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ძირითად შემთხვევაში ეს ვადა 6-დან 12 საათამდე მერყეობს სხვადასხვა პროდუქტზე. ჰიპერმარკეტებში აცხადებენ, რომ ვადის გასვლის შემდეგ მზა პროდუქტებს ანადგურებენ.

ევროპის ქვეყნებში ცნობილი ჰიპერმარკეტების დიდი ნაწილი მზა საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადის გასვლამდე სპეციალურ ფასდაკლებებს აცხადებენ, ან საკვებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ორგანიზებულად აწვდიან. ამ გზით მორჩენილ და ჯერ კიდევ ჯანსაღ პროდუქტს სოციალურად შეჭირვებული კლიენტი ყიდულობს, მაღაზიებს კი საკვების სანაგვე ურნებში ჩაყრა აღარ უწევთ.

ჰიპერმარკეტები ნაგავში გადაყრილი საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს აწვდიან. ამ გზით ისინი სავალდებულო გადასახადს აღარ იხდიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: