ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლი ბათუმში დაანგრიეს – ნებართვა მერიამ გასცა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში არსებული ორსართულიანი სახლი, რომელიც საქართველოს ეროვნულ სააგენტოში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად იყო წარდგენილი, მთლიანად დანგრეულია – დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა.

დანგრეულია ასევე მომიჯნავედ მდებარე [ფალიაშვილის #16 ] ერთსართულიანი სახლიც. ტერიტორიას ერთი საერთო ღობე აქვს შემოვლებული, ღობის შიგნით ამწე კრანი დგას, როგორც ჩანს ადგილს ნანგრევებისგან ახალი მშენებლობისთვის ასუფთავებენ.

ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე ეს სახლი უკვე დანგრეულია. ცაგო კახაბერიძის ფოტო / არქივიდან

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის გაანმარტებით, ამ სახლის დანგრევა დაახლოებით ერთი წლის წინაც სცადეს: „შევაჩერეთ და გავაფრთხილეთ, ახლა კი ბოლომდე დანგრეული და მიწასთან გასწორებულია.“

მისივე ინფორმაციით, ამის თაობაზე სააგენტომ მერიის მშენებლობაზე ზედამხედველობის  განყოფილებას უკვე შეატყობინა და შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ სააგენტოსაც გადაუგზავნიან.

მერიის ზედამხედველობის განყოფილებაში გვითხრეს, რომ დემონტაჟის ნებართვა მერიამ გასცა, რაც ქალაქმეშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა მირიან მეტრეველმაც დაადასტურა:

„ნებართვა გაცემულია, ეს სახლი, ფაქტობრივად, იყო ჩამონგრეული, რაღაც ნაწილი იყო დარჩენილი და დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია. ახალ მშენებლობაზე ჯერ შეთანხმება არ გვაქვს“.

ამ სახლის ჩამონგრევისთვის გასულ წელს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ერთ-ერთი მესაკუთრე დააჯარიმა და პროცესის შეჩერება მოსთხოვა.

ამ სახლზე სტატია „ბათუმელებმა“ 2018 წლის მაისშიც მოამზადა, მაშინ ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ადგილის დათმობის სანაცვლოდ გარკვეული გარიგება [რაც არ დააკონკრეტეს] შპს „ძმების სახლთან“ ჰქონდათ.

„კომპანიამ ამ ადგილის დათმობის სანაცვლოდ შემოგვთავაზა ოროთახიანი ბინები გუდიაშვილის ქუჩაზე და დავთანხმდით, რადგან სახლი ძველია, ერთ ეზოში ბევრნი ვცხოვრობდით და ვიწროდ ვიყავით“.

სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება კომპანია „გეოგრაფიკის“ რეკომენდაცია იყო, რომელმაც 2015 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობების ინვენტარიზაცია ჩაატარა.

„გეოგრაფიკის“ შეფასებით, ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ეს ერთსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისში იყო აგებული. „შენობის ფასადთა მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმისა და ბაროკოს სტილთა ნიშნები. ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს,“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

„გეოგრაფიკმა“ შენობაზე ჩარევის სასურველ ფორმად რესტავრაცია-რეკონსტრუქცია მიუთითა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი