მივლინების თანხა კულტურის მუშაკებს, რომლებიც მივლინებაში არ ყოფილან – აუდიტი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემავალი იურიდიული პირების მიერ 2017 წელს თანამშრომლებზე მივლინებისთვის გადახდილი 11 061 ლარი, ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ჩამოწერილია „ხარჯებში“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი და თავის ანგარიშში საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივად ხარჯვის რისკებზე მიუთითებს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება ანსამბლ „ბათუმის“ მიერ მივლინებისთვის გაცემული 6 071 ლარი და მუსიკალური ცენტრის მიერ გაცემული 4 990 ლარი.

აუდიტის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ანსამბლ „ბათუმის“ წევრები 2017 წლის 30 მარტიდან 2 აპრილამდე მივლინებულნი იყვნენ ქალაქ თბილისში, რასთან დაკავშირებითაც 15 თანამშრომელზე ჯამში ანაზღაურებულია 4 950 ლარი, ასევე გამოყოფილი იყო სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანა და საწვავი. ანსამბლის წევრების მიერ ღამისთევის დამადასტურებელ დოკუმენტად აუდიტისთვის წარდგენილია ქალაქ თბილისში, სასტუმროს [სასტუმრო სახლი „საქართველო“] მიერ გაცემული ფისკალური ჩეკი და ინვოისი. თუმცა, მივლინებისთვის გამოყოფილ ავტომანქანაზე, მივლინების პერიოდში საწვავის ჩასხმა ფიქსირდება ქალაქ ბათუმში, რაც ადასტურებს, რომ მივლინებისას სამსახურებრივი ავტომანქანით არ უსარგებლიათ.

გარდა აღნიშნულისა, „სატელეფონო კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 9 თანამშრომლის ქალაქ თბილისში ფაქტობრივად ყოფნა მივლინების პერიოდში არ ფიქსირდება. აღნიშნულ პირობებში მივლინებისთვის მათზე გადახდილია ჯამში 3 211 ლარი. [მზეჭაბუკ სურმანიძე – 571,2 ლარი, დავით ჭყონია – 330 ლარი, რომან შაინიძე – 330 ლარი, არჩილ სოსელია – 330 ლარი, ზვიად სურმანიძე – 330 ლარი, ომარ ვაშალომიძე – 330 ლარი, ლევან ცხოიძე – 330 ლარი, მამუკა სურმანიძე – 330 ლარი, ნუგზარ დოლიძე -330 ლარი]“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანსამბლ „ბათუმის“ დირექტორის ბრძანებით, ანსამბლის 5 თანამშრომელი სხვადასხვა პერიოდში მივლინებული იყო ქალაქ თბილისში და ჯამში გადახდილია 2 860 ლარი [ჯემალ ქობულაძე – 225 ლარი; ომარ ვაშალომიძე – 330 ლარი, 245 ლარი, 645 ლარი; მზეჭაბუკ სურმანიძე – 255 ლარი, 105 ლარი, 195 ლარი, 105 ლარი, 20 ლარი, 210 ლარი, 195 ლარი; ზვიად სურმანიძე – 105 ლარი; ლაშა გედენიძე – 225 ლარი].

ღამისთევის დამადასტურებელ დოკუმენტად კი აქაც წარმოდგენილია ქალაქ თბილისში, იმავე სასტუმროს [სასტუმრო სახლი „საქართველო“] მიერ გაცემული ფისკალური ჩეკი და ინვოისი. ამავე დროს, სატელეფონო კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული პირების მივლინების პერიოდში ქ. თბილისში ფაქტობრივად ყოფნა არ დასტურდება.

რაც შეეხება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს, ამ ცენტრის დირექტორის ბრძანებით [დირექტორი – გიორგი მიქელაძე, მძღოლი – რამაზ შველიძე], სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევანში მივლინებული იყო ცენტრის ორი თანამშრომელი. აუდიტის პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებით ირკვევა, რომ მუსიკალური ცენტრის ერთი თანამშრომელი [რამაზ შველიძის განმარტებითი ბარათი] ფიზიკურად არ იმყოფებოდა მივლინების ბრძანების შესაბამისად დანიშნულების ადგილზე, ხოლო მივლინებისათვის გამოყოფილი ავტომანქანით არ განხორციელებულა მივლინებაში გამგზავრება. აღნიშნულ პირობებში მივლინებისთვის გაცემულია 1 730 ლარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობისას 1730 ლარი დაბრუნებულია ბიუჯეტში.

მუსიკალური ცენტრის დირექტორის სხვა ბრძანებით [კვარტეტ „ნოტას“ და საოპერო დასის ქ. სამსუნში გასტროლთან დაკავშირებით], 2017 წლის 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით თურქეთის რესპუბლიკაში მივლინებული იყო ცენტრის დირექტორი და მძღოლი.

“აუდიტის პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მივლინების შესახებ ბრძანებით განსაზღვრული სრული პერიოდის განმავლობაში, დირექტორი არ იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. კერძოდ, მან 2017 წლის 20 დეკემბერს გადაკვეთა საზღვარი და საქართველოში იმავე დღეს დაბრუნდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მძღოლი, რომელსაც ევალებოდა მივლინების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურებოდა დირექტორს, არ დაბრუნებულა საქართველოში და მასზე ანაზღაურებულია სრული სამივლინებო პერიოდის ხარჯი“, – აცხადებს აუდიტი.

შედეგად, სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯის გაწევისა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ჯამში გადახდილია 3 260 ლარი [დირექტორი გიორგი მიქელაძე – 1 369 ლარი და მძღოლი რამაზ შველიძე 1 891ლარი].

ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მივლინებისთვის გაცემული თანხების ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ხარჯებში ჩამოწერა წარმოშობს საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივად ხარჯვის რისკს – თვლის სახელმწიფო აუდიტი.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით: „აუდიტის პერიოდში, მუსიკალურ ცენტრში საშტატო განრიგით დასაქმებული იყო 2 იურისტი, მათ შორის, ერთი იურისტი [ეკატერინე მაკარაძე, ხელშეკრულებას ნომერი არა აქვს], იმავდროულად აყვანილი იყო შტატგარეშე თანამშრომლად, თანაშემწე იურისტის თანამდებობაზე და მასზე 2017 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება ჯამში 21 300 ლარს შეადგენს [ძირითადი საშტატო ერთეულით – 15 300 ლარი და შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებით – 6 000 ლარი], თუმცა შტატით დასაქმებული პირის, იმავდროულად შტატგარეშედ დასაქმების აუცილებლობა, წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება და აღნიშნული შესაძლოა თანამდებობრივი სარგოს ზრდაზე იყოს მიმართული“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com