ივანიშვილი: ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი არ ახლდა

ერთადერთი მინუსი, რაც აქვს ხეების გადაზიდვის პროცესს, ეს ისაა, რომ ძვირია – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში. ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გუშინ, 24 ივლისს გავიდა და იგი ივანიშვილის სახლში, შეკვეთილში ჩაიწერა.

„ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი ალბათ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ბრალდებები იყო, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, დენი გამოვურთეთ, საცობები კეთდება, გადაითხარა და დაინგრა, რომ გავანადგურე მწვანე ბუნება, ეკოლოგია და ასე შემდეგ. პლუსის მეტი, რასაც ვაკეთებ, არაფერი არაა. ერთადერთი მინუსი, რაც აქვს ამას, ისაა, რომ რაც კეთდება, დიდი ფული იხარჯება. სიტყვა „ახირებასაც“ ვიხმარ, შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ამ ახირებაში რა იმალება – ეს ფული, რომელიც არ ღირს, რა თქმა უნდა, იმ პარკად, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან ძვირი ჯდება და მხოლოდ ბევრი პირადი ფული იხარჯება იმიტომ, რომ საქართველოში რჩება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ივანიშვილის დანატოვარი“ – სტატია „ბათუმელების“ 2017 წლის არქივიდან. ფოტოზე დაწკაპუნებით შეძლებთ სტატიის გახსნას.

მან ხაზი გაუსვა, რომ ხეების გადატანის პროცესში საქართველოს მოსახლეობამ 10-12 მილიონი ლარი მიიღო, ხეების საკუთარ ნაკვეთზე გატარების სანაცვლოდ:

„ისე მიეჩვია ხალხი, რომ ივანიშვილი მაინც გადაიხდის, ნაკვეთის ღირებულება თუ არის ვთქვათ, კვადრატული მეტრი 10 დოლარი, მე გატარებაში ვიხდი ამ თანხას. ერთი საათით გადავივლი და ის ნაკვეთი ისევ დარჩა. ზოგჯერ მეტსაც ვიხდი. ისეთი მოთხოვნადია. ეს ფული მთლიანად მოსახლეობაში რჩება.

რკინიგზასაც ძალიან დიდი ფული აქვს იმაში მიღებული, რომ ჩახსნას და გადაკეტოს, რათა ამ მანქანამ გადაიაროს, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა მატარებლის მოძრაობის შეფერხება. გარდა ამისა, ამ პროცესში ძალიან დიდი სამი ბორანი შემოვიდა საქართველოში, რომელიც დარჩება და შეიძლება ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული როლი ითამაშოს, სპეციალური მანქანა, რომელიც მილიონ 200 ათასი ღირს, დარჩება საქართველოში, რომელმაც შეიძლება მძიმე ტვირთები გადაიტანოს. ამ პროცესიდან მთლიანად ბიუჯეტში მგონი 14 მილიონი ლარი შევიდა. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მინუსს, ერთადერთი პატარ მინუსი რაც შეიძლება დავასახელოთ, რომ რამდენჯერმე პატარა საცობები წარმოიქნა, 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი. დღესაც მძღოლებს ბოდიშს მოვუხდი ამ უხერხულობისთვის. ამაზე მეტი არაფერი გაფუჭებულა, არ გაჩეხილა, არაფერი გადაშენებულა, მით უმეტეს, ეკოლოგიას არაფერი შეხებია.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/121651/

ივანიშვილის ხის გასატანად გაჩეხილი ქარსაცავი ზოლი ქობულეთში. 13 მარტი, 2018 წელი.

მე რომ ეკოლოგიაზე მსაყვედურობს ხალხი, რომელსაც ერთი ხე არ დაურგავს, მარტო ჩოლოქზე გავიდნენ. ყველაზე ცუდი ადგილი აჭარა-გურიის საზღვარზე რაც იყო, დაჭაობებული და ძველი ტიპის კანალიზაციის ბუნკერები იდგა, ბეტონის, ციცინათელას ადგილზე და იმის საპირისპირო მხარეს ათასობით ევკალიპტი იყო, ყველაზე ცუდ ადგილზე ყველაზე საინტერესო პარკი გაკეთდა, რომელზეც არავინ საუბრობს. ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი არ ახლდა. პარკიც იქნება ძალიან საინტერესო და  ვთქვი თავის დროზე, რომ ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება. ოპოზიცია ამაზე საერთოდ არ აკეთებს მინიშნებას, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვს. საკუთარი იყო ჩემი მიწები, როდესაც „ციცინათელას“ ვაშენებდი, ის მიწები მე შევისყიდე ზოგი მოსახლეობისგან, ზოგი სახელმწიფოსგან, ავაშენე ციცინათელა და სახელმწიფოს თავის მიწებიანად ვაჩუქე“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 5 მილიონზე მეტი ლარი უშუალოდ ხეების გადატანის პროცესში გზებში დახარჯა.  „გზები, რომელიც დარჩება და არა ის, რასაც მაბრალებდნენ – სახელმწიფო ბიუჯეტი ჩემს პირადზე დავხარჯო, მაგას როგორ ვიკადრებ… პირიქით პროცესინგი ხდებოდა, რომ ჩემი კერძო ფულით, მინიმუმ 5 მილიონი ლარით გაკეთებული გზები დარჩება და მოიხმარს მოსახლეობა.

თვითონ პროცესი იყო საინტერესო. ის, რომ ჩვენ დემოკრატიას ვეტრფით და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებაში გვინდა, რომ გარდატეხა შევიტანოთ, ამ ფონზე და წინა ხელისუფლების ფონზე, როგორ ექცეოდნენ საკუთარ მოსახლეობას. აბა ნახეთ, როგორ მიმდინარეობდა პროცესი ორი წლის განმავლობაში. როგორი ვაჭრობა მიდიოდა თითოეულთან ჩემი იურისტების, ვერც ერთ პროცესს ვერ ნახავთ, რომ ვინმეს სურვილის საწინააღმდეგოდ მე რამე სხვა ბერკეტით შევეცადე…. თუმცა ძალიან ხშირად, უკაცრავად და სისულელეებს ითხოვდნენ. ღირდა 10 დოლარი, ითხოვდნენ 1000-ს. 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 10-ჯერ მეტს ვიხდიდი, მაგრამ იქ ვამუხრუჭებდი. არსად არ მიკადრებია, რომ ვინმეს უფლება შემელახა, ყველგან ვემორჩილებოდი კანონს და უაღესად პატივს ვცემდი საკუთრების უფლებას და ადამიანის უფლებებს.

„უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს. „ბათუმელები“ 2018 წლის არქივიდან.

…ვიღაცებს არ მოუნდათ, ბოდიში მოგვიხდია და წამოვსულვართ. ეს პროცესი იყო ძალიან საინტერესო. დაასახელონ ერთი მომენტი მაინც, რომ ვინმე განაწყენებულია, რომ დაჩაგრეს, ვერც ერთ მომენტს ვერ ნახავენ ასეთს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ივანიშვილს ჩაქვიდან ხეები უკანონოდ მიაქვს – აჭარის მთავრობას ამჯერად თანხმობა არ გაუცია“ – „ბათუმელების“ არქივიდან

_________________

მთავარი ფოტო: კადრი „პირველი არხის“ ინტერვიუდან. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com