მთავარი,სიახლეები

ექვსი წელი ავტოავარიისთვის და პატიმრის ხუთსულიანი ოჯახის ცხოვრება

25.07.2018 • 1485
ექვსი წელი ავტოავარიისთვის და პატიმრის ხუთსულიანი ოჯახის ცხოვრება

თუ სახლს ერთგან კარგად დაალაგებს, რეკომენდაციით მერე სხვაგანაც დაუძახებენ, რომ იქაც დაალაგოს. მცირე თანხას უხდიან, მაგრამ მაინც. როცა შინ ბრუნდება საკერავ მანქანას მიუჯდება და შეკვეთილ სამოსს კერავს ან გადააკეთებს ხოლმე. ყველაფერი უნდა აკეთოს რაც შეუძლია, სხვა გამოსავალი არ აქვს: შინ ხუთნი არიან და ერთიც პატიმარი, რომელსაც უნდა ეპატრონოს, სანამ ციხეშია. ასეთია პატიმრის ახალგაზრდა მეუღლის ცხოვრება. მარიამს (სახელი შეცვლილია) ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვებმა მამის დროებითი არყოფნა არ იგრძნონ.

მეუღლე საპატიმროდან ეხმარებათ როგორც შეუძლია: ხატებსა და ჯვრებს აკეთებს ციხის სახელოსნოში და ოჯახში გზავნის. გიორგი (სახელი შეცვლილია) უბედური შემთხვევის შედეგად აღმოჩნდა ციხეში. შინ დაბრუნებისას მანქანით მოხუცს დაეჯახა, რომელიც თავად მიიყვანა საავადმყოფომდე, თუმცა მუხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გიორგი უკვე სამი წელია სასჯელს იხდის. გათავისუფლებამდე წინ კიდევ სამი წელია.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში გიორგის შეწყალების მოთხოვნისთვის ოფიციალური დოკუმენტაცია მოუმზადეს და ოჯახი შესაბამისი უწყებისგან პასუხს ელოდება.

გიორგის მეუღლე იმედოვნებს, რომ პასუხი დადებითი იქნება და ბავშვებს მამა მალე დაუბრუნდება.

მარიამთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ბებია-ბაბუა ცხოვრობს. ბაბუამ ცოტა ხნის წინ გულის მძიმე ოპერაცია გაიკეთა და შესაბამის მოვლა-პატრონობას, მედიკამენტებს საჭიროებს. ხანდაზმულის პენსია ხანდახან წამლების პრობლემასაც კი ვერ აგვარებს სრულად.

პატიმრის ხუთსულიან ოჯახს სოციალურად დაუცველთა დახმარება ცოტა ხნის წინ მოუხსნეს. იყო პერიოდი, როცა მეუღლის დაპატიმრების შემდეგ მარიამი და მისი ოჯახი ნათესავ-მეგობრების დახამრების იმედად იყვნენ, მაგრამ ახლა მარიამი გააქტიურდა. ფონდ აფხაზინტერკონტის დახმარებით გრანტი მიიღო საკერავი მანქანის შესაძენად და ოჯახს შემოსავალა შემატა.

„ჩემი მეუღლე ძალიან განიცდიდა რაც დაემართა. ჩვენთვის ეს საშინელი ტრაგედია იყო, მაგრამ ალბათ ყველაფერი ხდება ქვეყანაზე და რაც მოხდა უნდა გადავიტანოთ“, –  ამბობს მარიამი.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში. პროექტი მიზნად ისახავს ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების სამედიცინო დახმარებას, დასაქმებისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას, მცირე ბიზნესის განვითარებას და ა.შ.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდჭერით ხორციელდება.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: