მთავარი,სიახლეები

ჯაზი წვიმაში – შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბათუმში დასრულდა

24.07.2018 • 2895
ჯაზი წვიმაში – შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბათუმში დასრულდა

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბათუმში, ზღვის სანაპიროზე კლუბ  „Take Five“-ში დასრულდა 22 ივლისს. ფესტივალის სამი დღის განმავლობაში ბათუმმა მზიანი დარით გაანებივრა სტუმრები, თუმცა ბოლო კონცერტზე ქალაქმა ნამდვილი სახე აჩვენა და ერთი დღით ჯაზი წვიმის მუსიკად აქცია, კლუბში მოსული სტუმრები კი ფერადი საწვიმრებით შემოსა.

ფესტივალის ბოლო დღეს მსოფლიოს თანამედროვე ჯაზ-ვარსკვლავები გაერთიანდნენ: პიანისტი – რობერტ გლასპერი, საქსოფონისტი ტერას მარტინი, მესაყვირე ქრისტიან სკოტი, დრამერი ჯასტინ ტაისონი, გიტარისტი დერიკ ოჯი და ტეილორ მაკფერინი – კლავიში.

რობერტ გლასპერი. ფოტო: თიბისი სტატუსი

სცენაზე ვარსკვლავთცვენის მიუხედავად დარბაზი წინა სამი, ენერგიული კონცერტისგან განსხვავებით მშვიდი და გაწონასწორებული იყო, ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორებმა ზუსტად განსაზღვრეს რომელ კოლექტივს უნდა დაესრულებინა ჯაზის დღესასწაული ზღვის სანაპიროზე: ექვსკაციანმა ბენდმა ექსპერიმენტული, იმპროვიზაციებზე აგებული კომპოზიციები შესთავაზა მსმენელს და რაც მთავარია ეს იყო მუსიკა, რომელიც მსმენელის გულამდე აღწევს მხოლოდ ბგერების მეშვეობით, შოუს მოწყობისა და გამახურებელი, დრამის უწყვეტი რიტმების გარეშე.

კრისტიან სკოტი. ფოტო: თიბისი სტატუსი

დაუვიწყარი იყო რობერტ გლასპერის კლავიში, რომლის თემასაც მიყვებოდა თითქმის ყველა ინტრუმენტი. გლასპერმა ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს აჩვენა, რომ ნამდვილ ჯაზს ისევ ჰყავს მსმენელი, რომელსაც შეუძლია უსმინოს მუსიკას, როცა მუსიკოსები მხოლოდ საკუთარ ინსტრუმენტებში არიან ჩაფლულები და შოუს ადგილს მთლიანად იკავებს მხოლოდ მუსიკა და მეტი არაფერი მუსიკის გარდა.

საათნახევრიანი კონცერტის განმავლობაში გლასპერი, სხვა მუსიკოსების მსგავსად, თითქმის თავის აწევის გარეშე უკრავდა კლავიშზე, მთელი საღამო წვიმდა, მაგრამ საწვიმრებით შემოსილი მსმენელი არ დაშლილა.

ოთხი დღის განმავლობაში შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის სცენაზე რობერტ პლანტი, Trombone Shorty & Orleans Avenue, ერიკა ბადუ და რობერტ გლასპერი უკრავდა ზემოთხსენებულ შემადგენლობასთან ერთად.

გავიხსენოთ სხვა დღეებიც და ვნახოთ როგორ ერთობოდა ხალხი ფესტივალის ოთხი დღის განმავლობაში. შეიძლება აქ თქვენი ცეკვაც აღმოაჩინოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: