მთავარი,სიახლეები

კომპანიის წახალისება მომხმარებლის ტარიფის ზრდის ხარჯზე – სემეკი ახალ მექანიზმზე მუშაობს 

24.07.2018 • 2078
კომპანიის წახალისება მომხმარებლის ტარიფის ზრდის ხარჯზე – სემეკი ახალ მექანიზმზე მუშაობს 

ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ სემეკში წახალისებისა და სანქცირების მექანიზმის დაწესებაზე მსჯელობენ. მომარაგების საიმედოობის ხარისხის შესაბამისად, მიმწოდებელი კომპანია შეიძლება წაახალისონ ან პირიქით, დააჯარიმონ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აისახება სამომხმარებლო ტარიფზე.

არსებული პროექტის მიხედვით, თუ მომსახურების ხარისხი ცუდია, კომპანიას დააჯარიმებენ და შეუმცირებენ სამომხმარებლო ტარიფს, მაგრამ თუ გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, წაახალისებენ და გაუზრდიან სამომხმარებლო ტარიფს. ანუ, თუ თქვენ,  მაგალითად დენი, ცუდად მოგეწოდებათ, გადაიხდით ნაკლებს, მაგრამ თუ კარგად მოგეწოდებათ, გადაიხდით გაცილებით ძვირს. იგივე ეხება გაზს და წყალს.

„ეს არის პროექტი, რომელიც შეიმუშავა მეთოდოლოგიურმა დეპარტამენტმა და რომელზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ეს თემა იქნება გავლილი კომპანიებთანაც, უნდა მოვუსმინოთ მათ, ასევე სპეციალისტებს და მომხმარებლებსაც. მიწოდების საიმედოობა მომსახურების ხარისხის შემადგენელი ნაწილია. საიმედოობა კი – წყვეტების ხანგრძლივობა, წყვეტების სიხშირე, დენის შემთხვევაში, ასევე ძაბვის ხარისხი. არის შესაბამისი კრიტერიუმები, მაჩვენებლები, რომელთა გაანგარიშება ხდება ფორმულებით. შესაბამისად, ეს არის თვლადი კომპონენტები და ამ კომპონენტებით ხდება კომისიის მიერ სტანდარტების დაწესება. თუ კომპანია ვერ შეასრულებს ამ სტანდარტებს, მაშინ დაჯარიმდება, მაგრამ, თუ უკეთესად შეასრულებს ამ სტანდარტებს, მაშინ ხდება კომპანიის წახალისება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სემეკის წევრი გოჩა შონია.

მისივე თქმით, მაგალითად, თუ კომისიამ დააწესა სტანდარტი, რომ ერთ მომხმარებელზე წლის განმავლობაში, ვთქვათ, წყვეტების რაოდენობა უნდა იყოს 50 და კომპანია დააფიქსირებს უფრო ნაკლები წყვეტების რაოდენობას, ვთქვათ 40-ს ან 30-ს , ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ის უკეთესად მუშაობს და წაახალისებენ. თუ წყვეტის რაოდენობა იქნება 50-ზე მეტი, მაშინ კომპანია დაჯარიმდება.

წახალისებისა თუ დაჯარიმების შემთხვევაში ხდება დათვლა თანხის [სპეციალური ფორმულებით] და ამ თანხით გაეზრდება ან შეუმცირდება ტარიფი კომპანიას. სემეკში განმარტავენ, რომ მართალია კომპანიას განაწილების ტარიფი შეუმცირდება ან გაეზრდება, მაგრამ ეს ტარიფი არის სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი კომპონენტი, ამიტომ აუცილებლად აისახება სამომხმარებლო ტარიფზე, ანუ კომუნალურ გადასახადზე: „მომხმარებელს შეიძლება გაეზარდოს გადასახადი, ან შეუმცირდეს, იქედან გამომდინარე, თუ როგორ იმუშავებს კომპანია“.

„თუმცა, ვიმეორებ, ეს არის ჯერ პროექტი და ვფიქრობთ, რომ თავიდან შემოვიღოთ მხოლოდ სანქცირების მექანიზმი. ძალიან რთულია ჯერ წახალისების მექანიზმზე ისაუბრო, იმიტომ, რომ კომპანიების მუშაობა არ არის ისე გამართული ჯერ, რომ დამატებითი ხარჯი გაიღონ. ამიტომ, ჯობია იყოს სანქცირების მექანიზმი და ვუთხრათ კომპანიას, რომ მან დადგენილ სტანდარტზე ცუდად არ უნდა იმუშაოს, თუ არადა დაჯარიმდება – შეუმცირდება ტარიფი და შესაბამისად, შეუმცირდება შემოსავალი. როცა ქსელი მოწესრიგდება, გაჯერდება, ამის შემდეგ შეიძლება წახალისების მექანიზმზე საუბარი“ – ამბობს გოჩა შონია.

გოჩა შონიას თქმით, ევროპის ზოგ ქვეყანაში ასეთი მექანიზმები მოქმედებს: „მომსახურების ხარისხი ძირითადად არის ევროდირექტივების მოთხოვნა, მაგრამ სხვადასხვა მიდგომებია. თუ ქსელი გამართულია და კარგად მუშაობს – იქ წახალისების მექანიზმებიც არ არის საჭირო, იმიტომ რომ რეალურად იმაზე მეტს ვერც გააკეთებს კომპანია. ამიტომ, უფრო არის დასჯის მექანიზმები,  რომ კომპანიამ არ გააფუჭოს არსებული ხარისხი რაც აქვს. მაგალითად, ავსტრიაში არის ასეთი მიდგომა. მაგრამ სადაც ქსელი არ არის გამართული იქ აძლევენ წახალისებას, რომ გაზარდონ ინვესტიცია და მომსახურების ხარისხი“.

სწორედ ასეთი მექანიზმების საქართველოში შემოღებაზე საუბრობენ ახლა სემეკში, თუმცა, აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე კომისია ფიქრობს, მხოლოდ სანქციების მექანიზმი აამუშაოს, რათა მიწოდების არსებული ხარისხი არ გაუარესდეს: „კომპანია ვალდებულია ის ხარისხი და სტანდარტები, რაც დადგენილია, დაიცვას. სანქცირების მექანიზმს თუ შემოვიღებთ, დავაკვირდებით როგორ იმუშავებს ეს რეგულაცია.“

საბოლოო დადგენილება სემეკმა 2018 წლის 20 ოქტომბრამდე უნდა გამოსცეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: