მთავარი,სიახლეები

ერიკა ბადუ და ჯაზ-ფესტივალის ნიუ-ორლეანელი ვირტუოზები

22.07.2018 • 3483
ერიკა ბადუ და ჯაზ-ფესტივალის ნიუ-ორლეანელი ვირტუოზები

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მეორე დღე ჯაზ ბენდ Trombone Shorty & Orleans Avenue-ს მუსიკით გაგრძელდა კლუბ Take Five-ში

 

ნიუ-ორლეანურმა ბენდმა ბათუმში ზღვის სანაპიროსთან ახლოს მოწყობილ სცენაზე ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა: ბენდი შვიდი მუსიკოსისგან შედგება და სცენაზე ერთდროულად ორი საქსოფონი, ერთი ტრომბონი, დრამი და სამი გიტარა უკრავდა.

წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ჯაზი ინტერპრეტაციულ, სპეცეფექტებისა და შოუს ელემენტებისგან შორს მყოფ მუსიკად ითვლებოდა. თანამედროვე მსმენელი სცენიდან უშრეტ დრაივს, ფერად შოუს და გართობას ითხოვს, ისეთი მუსიკისგანაც კი, როგორიც ჯაზია.

ჯგუფის ლიდერი და ვოკალისტი, 32 წლისTrombone Shorty, იგივე ტროი ენდრიუსი, გარდა იმისა, რომ ვირტუოზი ტრომბონისტია, ლენი კრავიცთანაც ერთადაც უკრავდა მსოფლიო ტურნეზე და ინსტრუმენტზე 7 წლიდან უკრავს, ამავე დროს მშვენივრადაც გამოიყურება. მეტიც: რთულია სცენაზე ვინმემ თვალი მოსწყვიტოს ნავარჯიშევტანიან, ლამაზ და ენერგიულ ბიჭს, რომელიც ქარიშხალივით დაქრის სცენაზე, მღერის, უკრავს და არ უშვებს შესაძლებლობას თითოეულ მსმენელს საკმაოდ ურცხვი, კარგად შემუშავებული მზერა სტყორცნოს.

თითქოს რა შუაშია ეს ამბავი, მაგრამ შუაშია.

გეფიქრება ამერიკის ბამბის პლანტაციებში ოდესღაც მომუშავე ფერადკანიანზე, რომელიც ჯაზისა და ბლუზის წინამორბედ მელოდიებს სევდის გასაფანტად ღიღინებდა, მერე ნიუ-იორკის კაფე-ბარებში უკრავდნენ წყნარად, მშვიდად და შოუს გარეშე. გეფიქრება პერიოდზე, როცა ჯაზი ფიქრის მუსიკა იყო, გარდამავალ პერიოდზეც – როცა მსოფლიოს მარკეტოლოგებმა ყველაფერი შეფუთეს, შოუს ფერადი სხივებით შეაფერადეს და მიიღეს ისეთი ჯაზ-ბენდი, როგორიც Trombone Shorty & Orleans Avenue-ია. ბენდი, რომელსაც ზაფხულის ტურნეებზე 30-ზე მეტი კონცერტის გამართვა შეუძლია.

უამრავი ინსტრუმენტი, ენდრიუსის წამლეკავი მომხიბვლელობა და საქსოფონისტები, რომლებსაც დაკვრისას ჰაერში ხუთმეტრიანი ნახტომების კეთება არ უჭირთ – ცხადია მსმენელზე მოქმედებს.

ხალხი კარგად გაერთო და საერთოდაც, თუ ვერთობით, რაღა გვინდა მეტი.

გადასარევი ბიჭია ტროი ენდრიუსი. უზარმაზარ დარბაზებს აგიჟებს. სასწაული დოსიე აქვს, შეხედავ – უსიმპათიურესია, საქმეს გააკეთებს და ტექნიკურად წუნს ვერ მოუძებნი, მაგრამ ისეთი დახვეწილი და გაპრიალებულია, გინდა პულსი შეუმოწმო და დარწმუნდე, საერთოდ ნამდვილი თუა.

ფოტო: Grammy.com

 

Trombone Shorty & Orleans Avenue-ის სეტლისტის დასასრულს, პაუზის შემდეგ ერიკა ბადუ გამოჩნდა ჯაზფესტივალის სცენაზე და მსმენელს დიჯეის როლში მოევლინა.

4 გრემის მფლობელი, სოულისა და რიტმენბლუზის თანამედროვე შემსრულებელი – ერიკა ბადუ მსოფლიოს უზარმაზარ დარბაზებს აცეკვებს. მის რიტმებზე ჯაზფესტივალის ქართველი მსმენელიც შუაღამემდე ცეკვავდა.

ერიკა ბადუ. ფოტო: თიბისი სტატუსი

ერიკა ბადუმ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ენერგიული გარემოს რიტმი, რომელიც ჯაზფესტივალის მეორე დღის დასაწყისში თავიდან Trombone Shorty & Orleans Avenue -მა შექმნა.

გადაბეჭდვის წესი