მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა

21.07.2018 • 6795
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა

დღეს, 21 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ  რიგგარეშე სხდომაზე, აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა.

14 მომხრე და ერთი წინააღმდეგი, ასეთი იყო ფარული კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს.

რიგგარეშე სხდომას 21 დეპუტატიდან 19 ესწრებოდა. სხდომას არ ესწრებოდნენ: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ოქუაშვილი და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი პეტრე ზამბახიძე.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, თანამდებობაზე დამტკიცეს ახალი მინისტრთა კაბინეტი. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე გახდა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ ინგა შამილიშვილი დარჩა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრად ზაალ მიქელაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 ივლისის შემდეგაა ვაკანტური. სწორედ ამ დღეს გადადგა  ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან. პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ორი წლის მანძილზე იკავებდა.

მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა ავტომატურად მთავრობის გადადგომას გულისხმობს, ამიტომ ზურაბ პატარაძის მთავრობის წევრი ყოფილი მინისტრები, დღემდე მოვალეობას ასრულებდნენ.

მთავარი ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: