ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელ წყალში დარღვევები გამოვლინდა – კვლევის შედეგი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ თვეში აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ქედაში სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლვა ჩაატარა. წყლის გამანაწილებელი სხვადასხვა ქსელიდან აღებულ წყლის 17 სინჯიდან, დარღვევა  15-ში აღმოჩნდა. სინჯები კი, ძირითადად, სხვადასხვა საბავშვო ბაღის სამზარეულოებში იყო აღებული.

აღნიშნულ სინჯებში, სეს-ის მონიტორინგის [აპრილი-ივნისი] შედეგების მიხედვით, შემდეგი მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა: სასმელ წყალში აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები [რაც ნორმით საერთოდ არ დაიშვება]; ასევე E.coli [არ დაიშვება] და St.faecalis [რომელიც ასევე არ დაიშვება]. ზოგ შემთხვევაში კი, ფერიანობის კუთხით სასმელი წყალი არ აკმაყოფილებდა სტანდარტს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  სასმელი წყლის სინჯები 2018 წლის 7 ივნისს, 6 ადგილზე აიღო: სოფელ თხილნარში [აგარის დასახლება], ფერიაში [საბავშვო ბაღის სამზარეულო], ქვედა წინსვლაში, ჭარნალში [საბავშვო ბაღის სამზარეულო], ახალსოფელში [აქ სინჯი 20 ივნისს აიღეს] და ზანაქიძეებში [სოფ. მახო]. ლაბორატორიული კვლევის შედეგად  დარღვევა მხოლოდ წინსვლაში არ გამოვლენილა. დანარჩენ 5 შემთხვევაში კი სასმელი წყალი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. სასმელი წყლის გამანაწილებელ ქსელზე პასუხისმგებელი აქ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალია“.

ქედის მუნიციპალიტეტში წყალგამანაწილებელი ქსელიდან 18 ივნისს, 5 ადგილზე იქნა სასმელი წყლის ნიმუში აღებული, მათ შორის ერთი – სოფელ პირველი მაისის საბავშვო ბაღის გვერდით მდებარე მოსახლისაგან, ხოლო ერთიც – სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის ბუფეტში. გარდა სკოლის ბუფეტში აღებული ნიმუშისა, ყველგან აღმოჩნდა მიკრობიოლოგიური დარღვევები. ქედაში სასმელი წყლის ხარისხზე პასუხისმგენბელი შპს „ქედის წყალკანალია“ [სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგება].

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 6 ადგილზე აიღეს სასმელი წყლის ნიმუში 20 ივნისს: სოფლების – ხუცუბნის, ქობულეთის, ქაქუთის, ლეღვას, მუხაესტატესა და ოჩხამურის საბავშვო ბაღების სამზარეულოებში. ექვსივე სინჯის კვლევამ აჩვენა, რომ ყველა შემთხვევაში სასმელ წყალში იყო ფიზიკური და მიკრობიოლოგიური დარღვევები და სასმელი წყალი დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამებოდა. აღნიშნულ სოფლებში სასმელი წყლის ხარისხზე [გამანაწილებელ ქსელზე] შპს „ქობულეთის სოფლის წყალია“ პასუხისმგებელი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, აღებული წყლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა სსიპ „ლაბორატორიული კვლევით ცენტრში“ ჩატარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წლის აპრილი-ივნისის კონტროლის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ გაავრცელა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე სისტემით მარაგდება სასმელი წყლით ქალაქი ქობულეთი, სადაც წყლის ხარისხზე შპს „ქობულეთის წყალია“ პასუხისმგებელი. ქალაქ ქობულეთსა და ასევე  ქალაქ ბათუმში სასმელი წყლის ნიმუშები სურსათის ეროვნულ სააგენტოს, როგოც მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, ბოლო 4 თვის განმავლობაში არ აუღია.

ქალაქ ბათუმში, სასმელი წყლის შემოწმებას საკუთარ ლაბორატორიაში ახდენს მუნიციპალური შპს „ბათუმის წყალი“, რომელიც თავადვეა პასუხისმგებელი სასმელი წყლის ხარისხზე. შემოწმების შედეგებს კი „ბათუმის წყალი“ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პერიოდულად აქვეყნებს.

„2018 წლის 20 ივლისის წყლის ხარისხის პერმანენტული მონიტორინგის შედეგების თანახმად, „ბათუმის წყალის“ მიერ მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს“ – აღნიშნულია „ბათუმის წყალის“ ბეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც სასმელი წყლის შემოწმებას ეხება [ამ შემთხვევაში შეუმოწმებიათ სასმელი წყლის სიმღვრივე, გემო, სუნი და ფერიანობა, აბუსერიძის, სვიშევსკის, ასათიანისა და თავდადებულის ქუჩებზე].

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com