ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის ანგარიში და პარტიის თავმჯდომარის კითხვები

„რას აპირებთ, გაგრძელება რა არის ამის?“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მონათხრობზე, რომ მათი ხუთი ინიციატივიდან არცერთი არ განიხილეს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ ვერ იღებენ სრულ პასუხებს და ფრაქციის სხდომაზე მერი კითხვებზე საპასუხოდ არ მიდის: სამოცდაათამდე წერილი გავუგზავნეთ მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და უმეტესად ვერ მივიღეთ სრული პასუხიო.

გიორგი კირთაძემ საკუთარი პარტიის წევრებს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით „სხვა მუნიციპალიტეტებში ასე არ ხდება“, ამიტომაც აინტერესებს რას აპირებენ მისი პარტიის წევრები ბათუმის საკრებულოში იმ შემთხვევაში, თუ დანერგილი პრაქტიკა არ შეიცვლება.

„ …თუ ეს საკითხი არ გადაწყდება, ყველა სხდომა ჩაიშლება“, – უპასუხა მას ბათუმის საკრებულოს წევრმა ლევან ანთაძემ.

ეს დიალოგი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-ის ორგანიზებით დღეს, 20 ივლისს,  ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამომრჩეველს ექვსი თვის მუშაობის შედეგები წარუდგინეს.

შეხვედრაზე ფრაქციის წევრებმა მოკლედ მიმოიხილეს ინფორმაცია ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ. მათივე თქმით, ამ პერიოდში საკრებულოში ხუთი ინიციატივა წარადგინეს, თუმცა მმართველმა უმრავლესობამ არცერთი არ განიხილა.

მათ შორის იყო: სოციალური დახმარების პროგრამა მოწყვლადი ოჯახებისთვის, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გარკვეული ოდენობის თანხით ყოველთვიურად  დახმარება [ქულათა რაოდენობის მიხედვით]; ბავშვთა ბაღების პედაგოგებისთვის ხელფასების 100 ლარით გაზრდა; გრიბოედოვის ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭება და ფაქტს დაგმობა; გონიოს ხიდის მშენებლობა.

„ასევე ჩვენ ვითხოვდით, რომ კ2-ზე შუამდგომლობის უფლება ჩამორთმეოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეს უფლება გადასცემოდა ბათუმის საკრებულოს“, – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ შეხვედრაზე. მან ისაუბრა ასევე უკანონო მშენებლობებზე ბათუმში და მაგალითად შპს „ალიანსის“ მიერ სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ წამოწყებული სამშენებლო სამუშაოები დაასახელა.

ლევან ანთაძემ ისაუბრა ბათუმის ალტერნატიულ ბიუჯეტზე, რომელსაც მათი ფრაქცია სთავაზობდა ბათუმის მერიას და ასევე საკრებულოს.  მისი თქმით, საკრებულოსა და მერიის უფლებამოსილების, ასევე რამდენიმე სხვა ხარჯის შემცირებით შეიძლებოდა 26-მდე მილიონი ლარს გამოთავისუფლება, რითაც ინფრასტრუქტურას დააფინანსებდნენ: „იმისთვის, რომ მიგვეღო სწრაფი განვითარების ეფექტი.“

 

შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო ასევე შპს „ბათუმის წყლის“ საქმიანობას. საკრებულოს წევრებმა ორგანიზაცია შეაფასეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დახურული, საიდანაც ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია, შეუძლებელია ასევე დირექტორთან გასაუბრებაც.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ამომრჩევლები ესწრებოდნენ, ამომრჩეველმა კონკრეტულ პრობლემებზეც ისაუბრა და საკრებულოს წევრებს მერიასთან შუამდგომლობა სთხოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი