კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე – ათი პირიდან ციხეში წასვლა არც ერთს არ უნდა

„ჩვენ ვართ ბრალდებულები, არ მოგვმართოთ სახელებით“ – ეს იყო ბრალდებულების მოთხოვნა მოსამართლისადმი. 19 ივლისს, გვიან საღამოს დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 10 პირის მიმართ აღკვეთი პროცესი. ყველა მათგანის ადვოკატმა სთხოვა მოსამართლეს არ გამოეყენებინა ბრალდებულების მიმართ საპატიმრო ღონისძიება – ისინი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მოსამართლემ ათივე პირი პატიმრობაში დატოვა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

დღეს ბადრაგმა სასამართლო დარბაზში მხოლოდ ცხრა დაკავებული შემოიყვანა. მათ შორის ერთ-ერთი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა [ამ პირის მეუღლის თქმით, ის ონკოპაციენტია და მძიმედ არის ავად]. სასამართლოს გისოსებში მოთავსებიდან მალევე ბრალდებული ცუდად გახდა და მანდატურებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ამის შემდეგ სამმა ბრალდებულმა მოსამართლეს აცნობა, რომ აღარ დაესწრებოდნენ სასამართლოს და პროცესი მათ გარეშე გაგრძელებულიყო.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება ივანე გეგიაძეს აქვს წაყენებული – პროკურატურის თქმით, ის ქურდულ სამყაროში ცნობილია როგორც ბაადურ ფრანგიშვილი, რასაც ადვოკატი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს დაკავებულის დედის გვარია. საქმის მასალების მიხედვით, ის შეხვდა მოქალაქე რ.ც-ს, ტელეფონით დააკავშირა მინდია ლავასოღლის და ქურდულს სამყაროსთვის თანხის ჩარიცხვას აიძულებდა. რ.ც-მ ლავასოღლის და გეგიაძის მოთხოვნა თანხის დროულად ჩაბარებაზე თავის ნაცნობ სხვა კანონიერ ქურდს გააუქმებინა. ამან გააბრაზა მინდია ლავასოღლი და კიდევ ერთი მასშტაბური საქმის გარჩევა გაიმართა. საქმის მასალების მიხედვით კ-ც-ს 20 ათას ლარს სთხოვდნენ.

მსგავსი ბევრი ისტორია ამოიკითხა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა სხვა დაკავებულ პირებთან დაკავშირებითაც. პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოში და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

ამ ყველაფრის ორგანიზებას პროკურატურა საზღვარგარეთ მყოფ მინდია ლავასოღლის ედავება [ბოლო დრომდე ამ პირის ოფიციალური სახელი და გვარი იყო მინდია გორაძე. აღმოჩნდა, რომ  მან გვარი შეიცვალა]. საქმის მასალების მიხედვით, ლავასოღლის დავალებით მხოლოდ ფულთან დაკავშირებულ საქმეებს არ არჩევდნენ. მის მიერ გარჩეული საქმეების ჩამონათვალში შედის „განაბობის“ მინიჭების საკითხი. ის ერთ-ერთი პირისგან მოითხოვდა „განაბობის“ მოსაპოვებლად სხვა ქურდებთან არ მისულიყო.

დაკავებულებს შორის მინდია ლავასოღლი ერთადერთია, ვინც დღეს სასამართლოში არ მოუყვანიათ, ის უცხოეთში იმყოფება.

„ქურდი არ არის მინდია ლავასოღლი. მის მიმართ ბრალდება არის კოპირებული, რადგან ზუსტად ამ ბრალდებით მიდის საქმის განხილვა მის მიმართ სხვა სასამართლოში. ეს ადამიანი სახელმწიფომ გააძევა ქვეყნიდან. თავადაც სურს დაესწროს ყველა სასამართლო პროცესს, მაგრამ არ აქვს ამის საშუალება“, – უთხრა მოსამართლეს ლავასოღლის ადვოკატმა.

პროცესს ესწრებოდა აჭარის პროკურორის მოადგილე ანზორ უსტიაძე. ადვოკატებმა თქვეს, რომ ის ორი წელია არც ერთ პროცესს არ დასწრებია და მისი სასამართლოში გამოჩენა იმითი აიხსნება, რომ ეს „პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია“.

დაკავებულების ადვოკატები [სულ 11 ადვოკატი] თვლიან, რომ ეს დაკავება იყო შოუ, რომელიც ახალ პრემიერს, პროკურორს და აჭარის ახალ მთავრობას სჭირდება. კიდევ ერთი ადვოკატი კი თვლის, რომ ეს დაკავება დაკავშირებულია საპრეზიდენტო არჩევნებთან. წაყენებულ ბრალს არც დაკავებულები აღიარებენ.

სასამართლო პროცესს ყველა მსურველი ვერ დაესწრო

დღევანდელი სხდომა ბათუმის სასამართლოს ყველაზე დიდ – 55 ადამიანზე გათვლილ დარბაზში გაიმართა, სადაც დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფებოდა, თითქმის ორჯერ მეტმა ადამიანმა კი სასამართლო დარბაზში შესვლა უადგილობის გამო ვერ მოახერხა.

პროცესის მიწურულს კიდევ ერთხელ გახდა სამედიცინო ბრიგადის გამოძახება საჭირო – ამჯერად სხვა ბრალდებულმა დაკარგა გონება, რამაც სასამართლო დარბაზში დიდი ხმაური გამოიწვია. მოსამართლემ შესვენების გამოცხადების გარეშე დატოვა სხდომათა დარბაზი.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ბრალდებულებს განუმარტა თუ რა ზომის სასჯელი ელით ამ წლის 18 აპრილიდან, კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული გამკაცრებული კანონის პირობებში. ბრალდებულებს ძირითადად ორი მუხლი აქვთ წარდგენილი – 223​-1 მუხლის მეორე ნაწილი – „კანონიერი ქურდობა“, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 15 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ და 223-​2 მუხლი -„ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 10-წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

სასჯელის სიმკაცრეზე მოსამართლის განმარტებას ერთ-ერთი ბრალდებული რეპლიკით გამოეხმაურა – „გვხრიტავენ“. „არა, აქ [კანონში] მსგავსი არაფერი წერია“, – უპასუხა მას მოსამართლემ.

დაკავებულების უმრავლესობა, თუ წარდგენილი ბრალი დაუმტკიცდებათ, სწორედ ამ ვადით დარჩება ციხეში.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ბრალდებულების საპატიმრო დაწესებულებაში დატოვების შესახებ გამოაცხადა, [ლავასოღლის დაუსწრებლად] მათ დამატებითი რჩევებიც მისცა:

„ჩემს მაგიდაზე არ დევს დაცვის მხარის არც ერთ მტკიცებულება, იყო მხოლოდ ემოციები. ამიტომ წარმოადგინეთ სასამართლოში მტკიცებულებები… მიმალვის საფრთხეს არ ვეთანხმები, მაგრამ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე – ყველაზე პირველი რაც ჩანს, ეს არის ფორმა მათთან ურთიერთობის.“

მოსამართლემ ისაუბრა ადვოკატების განცხადებაზეც, რომ რამდენიმე ბრალდებული მძიმედ არის ავად. მან დაცვის მხარეს ურჩია ჩაატარონ ექსპერტიზა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ბრალდებულები  სხვადასხვა ასაკი კაცები არიან: ყველაზე უფროსი – 62 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი 26 წლის.

ბრალდებულები არიან:

  • მინდია ლავასოღლი
  • იმედა აბაშიძე
  • ივანე გიგიაძე
  • შოთა კეკელიძე
  • მარად წითელაძე
  • ბეჟან დეკანაძე
  • ბადრი ქობულაძე
  • რამაზ კომახიძე
  • გიორგი შავლიძე
  • ჯამბულ ნაკაშიძე
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან