მთავარი,სიახლეები

ბიჭი, რომელმაც დედა სოციალური ქსელებით იპოვა

17.07.2018 • 14847
ბიჭი, რომელმაც დედა სოციალური ქსელებით იპოვა

ლუკა 18 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მინდობით აღზრდაში ცხოვრობს. ბიჭი თავიდან საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა. ამ სახლში მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება გაჩერება. მინდობით აღზრდაშიც იმის გამო დატოვეს, რომ ეროვნულ გამოცდებს აბარებს. ლუკა საკუთარ თავზე და იმაზე თუ, როგორ იპოვა დედა 11 წლის ასაკში, თავად ჰყვება:

„ბსუ-ში ფსიქოლოგის ფაკულტეტი ავირჩიე. იურისტობასაც ვფიქრობ, ეგეც ჩაწერილი მაქვს. და ჩავწერე მედიცინაც. სამივე პროფესიით ადამიანების დახმარება შემეძლება.

სკოლა ვერცხლის მედალზე დავასრულე.

სხვათა შორის, დაწყებითში დაბალ ნიშნებზე ვსწავლობდი, მოტივაცია არ მქონდა. ბავშვობაში მჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც მომცემდა ამ მოტივაციას, ეს დედა აღმოჩნდა.

ფერიის ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი, საიდანაც  მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადმომიყვანეს. სწორედ მაშინ ჩამივარდა საბუთები ხელში და წავიკითხე დედის სახელი და გვარი  ეწერა. მანამდე ვიცოდი, რომ დედა სხვა ქალი იყო, ანუ ის, ვისთანაც ნამდვილმა დედამ დამტოვა. მას ნინო ჰქვია. ნინომ სამი წლის ასაკში ბავშვთა სახლში ჩამაბარა, მერე 9 წლის რომ გავხდი, მინახულა და დედაშენი ვარო მითხრა.

ძალიან ეჭვიანი ბავშვი ვიყავი და მუდმივად ვსვამდი კითხვებს. როცა მივხვდი, რომ ნინო არ იყო ჩემი ნამდვილი დედა, გამიხარდა… ინტერპოლი ვერ მოძებნის ისე, როგორც მე დედა ვეძებე – სოციალური ქსელები გადავატრიალე და ბოლოს მივაგენი.

დაახლოებით ორი წელი დამჭირდა მასთან მყარი ურთიერთობა რომ ჩამომყალიბებოდა – ეშინოდა… მეც მეშინოდა მასთან ურთიერთობის. ინტერნეტში ურთიერთობიდან ორი წლის შემდეგ მითხრა, „მიყვარხარ დეო“.

მაშინ 13 წლის ვიყავი.

დედა საბერძნეთში ცხოვრობს. „ლაივში“ დღემდე არ მინახავს, წელს გავიცნობ. გამოცდებს რომ ჩავაბარებ მასთან მივდივარ… 

რას გრძნობ, როცა 18 წლის ხდები

როცა ვიღაცის დედა გივლის, ვერ წარმოგიდგენია, რომ შეიძლება მასაც უყვარდე. მე ხომ ბავშვთა სახლში ვიყავი და ყოველთვის მეგონა, რომ არავის ვუყვარდი, ამიტომ მოტივაციად ავიღე დედა და დავიწყე სწავლა.

მერე გავიგე, რომ თუ კარგად ვისწავლიდი, საოჯახო ტიპის სახლში 21 წლამდე დარჩენის შანსი მექნებოდა, ან მინდობით ოჯახში… სხვა გზა არ მაქვს, უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო, რომ სტუდენტის სტატუსი მქონდეს.

ხუთივე საგანში ვემზადები. სახელმწიფო არ მიფინანსებს ამას, მაგრამ რომ გაიგეს ჩემი სიტუაცია, მესამე წელია უკვე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მამზადებენ. ყოველ დღეს დავდივარ მასწავლებელთან – ინგლისური, მათემატიკა, უნარები, ქართული, ისტორია…

ბევრჯერ მიფიქრია, რომ შეიძლება ვერ ჩავაბარო და დავრჩე ქუჩაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციას შევხვდი, გაეროს ასამბლეას – მითხრეს დაგეხმარებითო, მაგრამ ეს ზოგადი ფორმულაა. ახლა დამატებით ბარმენობას ვსწავლობ, უნდა ვიმუშაო, რომ თუ დამჭირდა ბინა ვიქირავო. თუ უნივერსიტეტში ვერ მოვეწყე, კოლეჯის დამთავრებამდე დავრჩები მინდობით აღზრდაში. ეს კიდევ 11 თვეა.

ჩემი აზრით, შევძლებ ბინის დაქირავებას და თავის რჩენას. დამიჯერეთ, მეც დავიღალე იმით, რომ ყოველთვის ვიღაცამ უნდა შემინახოს. ახლა ვალდებული ვარ, მომავალი ჩემით ავიწყო. ერთადერთი გამოსავალი მაქვს, უნდა ვისწავლო. მე ქუჩაში არასდროს მიცხოვრია, იქ გამიჭირდება. რომ არ გამიჭირდეს, ქუჩაში არ უნდა დავრჩე.

რას ვურჩევ ადამიანებს, რომლებიც ჩემს პირობებში არიან

ვიღაცამ შეიძლება დამცინოს, შენ ვის რა უნდა ურჩიოო, მაგრამ ჩემს ვითარებაში მყოფ ბავშვებს ერთი რამ დარჩენიათ – სწავლა. არავინ შეგიფარებს. თუ სახელმწიფო არ დაინახავს, რომ შენგან სარგებელს მიიღებს, ჩამოგართმევს თავის მხარდაჭერას, რადგან შენს გარდა ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება მისი დახმარება. მეც დავიღალე ყოველ დღეს შვიდ საათზე ადგომით, ხუთ მასწავლებელთან სიარულით… არაა აუცილებელი უნივერსიტეტი, ჩვენისთანა ბავშვებისთვის კარგია პროფესიის მიღება.

ყველაზე მეტად კი იმას ვურჩევდი, რომ არ გაბოროტდნენ.

 საოჯახო ტიპის სახლში 8 წელი ვიცხოვრე – 4 აღმზრდელი და 6 ბავშვი ვიყავით. ჩვენ პირველად დედას აღმზრდელებს ვეძახით. ახლაც ვამბობ, რომ თუ სადმე ფეხს წამოვიკარი, ოთხი დედ-მამა მყავს. არ ვთანხმდებოდი მინდობით აღზრდაზე გასვლას, მაგრამ 18 წელი რომ შემისრულდა, დავთანხმდი. ოჯახი სასწრაფოდ მომიძებნეს, თორემ ქუჩაში ვრჩებოდი. კარგი იქნება, თუ საოჯახო ტიპის სახლებში მიბარებულ ბავშვებს იქ დარჩენის საშუალებას 21 წლამდე მისცემენ. მე ძალიან გამიჭირდა იქედან წასვლა.

ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც იმიტომ აიღეს ხელი ცხოვრებაზე, რომ მიატოვა დედამ, მამამ, ჰყავს მოძალადე მშობლები. ამის გამო ბევრს უთქვამს, რომ სძულს ადამიანები. მე მგონია, რომ ყველა ტიპის ადამიანთან შეიძლება ურთიერთობა, მე ისეთ დროს ამომიდგნენ გვერდში ჩემი მეგობრები და სხვებიც, როცა ეს ძალიან მჭირდებოდა.

მეც მქონდა კრიზისული მომენტები, როცა ბავშვთა სახლში უდედოდ ვიზრდებოდი,  მეგონა, რომ ყველა დამნაშავე იყო ჩემს წინაშე და მე მსხვერპლი ვიყავი, მანამ სანამ არ დავინახე, რომ ვიღაც ქუჩაში ზის და მათხოვრობს ან დღეში ერთხელ ჭამს.

მეგობრები და ბავშვები, ვინც ჩემთან ერთად ცხოვრობდა

საოჯახო ტიპის სახლში სხვა სითბოს გაძლევენ. შენ ხედავ ხუთ სხვა ადამიანს, რომელსაც შენნაირი პრობლემა აქვს და ყოველ დღე ებრძვის თავის პრობლემას. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ბავშვი გამოვიცვალე – 50-მდე. ზოგი მშობლებმა წაიყვანეს, ზოგიც ჩემსავით მინდობით აღზრდაში გავიდა. ყველას უხარია თავის მსგავსთან შეხვედრა, უფრო ადვილად უგებენ ერთმანეთს.

მაგრამ ბევრსაც არ უნდა იმ დროში დაბრუნება. ერთხელ ჩამიარა გვერდით ბავშვმა, ვისთანაც საოჯახო სახლში უმაგრესი ურთიერთობა მქონდა და არ მომესალმა. გავაჩერე. მითხრა, არ მინდა იმ წლების გახსენება, როდესაც უდედოდ ვიზრდებოდიო. გულზე მომხვდა. არ მწყენია, ეს სიტყვები ეკუთვნოდა ცხოვრებას, რომელიც გამოიარა. აქედან გამომდინარე, ყველასთან ვერ მაქვს ისეთი ურთიერთობა.

მინდობით აღზრდაში ვინც გავიდა, ისინი თავს უკეთესად გრძნობენ, ვიდრე მშობლებთან, რადგან ისევ ჭაობში აღმოჩნდნენ. თუ ერთხელ ჩავვარდი ჭაობში, იქედან  შემთხვევით ამოდი და არ დაიმახსოვრე ის გზა როგორ ამოდი, აუცილებლად იქ აღმოჩნდები და ჩაითრევ ბავშვსაც, რომელიც სახელმწიფომ ამოიყვანა.

ზოგადად კი,  პრობლემური რომც იყოს მშობელი, ბავშვს მაინც მასთან ურჩევნია. ვიცნობ ბავშვებს, ვისზეც მშობლები ძალადობდნენ და ამიტომ ხშირად გარბოდნენ სახლიდან, მაგრამ ცოტა დრო გადიოდა და ისევ მშობლებთან უნდოდათ. გენეტიკური მიჯაჭვულობა, როგორც ჩანს, არსებობს. მე გამიმართლა – დედაჩემი არ არის მოძალადე, მაგრამ ცუდიც რომ ყოფილიყო, ისევ მას ავირჩევდი.

ვინც დედ-მამას არ მიუტოვებია და არ იზრდება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ აღმზრდელებთან, ვერ გაიგებს თუ რას გრძნობენ ჩვენნაირი ბავშვები, რას ვგრძნობდი მაშინ, როცა სკოლიდან გამოსვლისას მშობლები შვილებისთვის კანფეტებს ყიდულობდნენ, ან ბურბუშელას, ნაყინს. როგორ ეხუტებოდნენ.

ერთი უახლესი მეგობარი მყავს, ჩემი თანაკლასელია. ოჯახის ბავშვია. გამოცდების პერიოდში განვცალკევდით. ყველას ეგონა, რომ შეყვარებულები ვიყავით. ბიჭის და გოგოს მეგობრობის გჯერაო, რომ იტყვიან ასე იყო ჩვენი საქმე.

მეორე ჩემი მეგობარი და დამხმარე სოციალური მუშაკი ციცოა. თუ რამე მიჭირს, ციცოს ვეუბნები. მასთან მეგულება ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ციცო თანამდებობაზეა და ვიყენებ, მაგრამ მე ამ მიზნით არ მივდივარ მასთან. რომც ვერ აღმოფხვრას ჩემი პრობლემა, ხომ დაველაპარაკები.

ვცდილობ დედასთანაც ჩამოვაყალიბო მსგავსი ურთიერთობა. სულ ჩემს პრობლემებზე ვესაუბრები და ის რჩევებს მაძლევს. ბოლოს რა მირჩია? – საატესტატოზე არ მინდოდა გასვლა, ფიზიკის მეშინოდა. დედამ მითხრა, იმისთვის არ გამიჩენიხარ ფიზიკის გამოცდის რომ გეშინოდეს, თუ ჩაიჭრები მომავალში გაქვს დრო და ჩააბარებო. პირდაპირ მითხრა, რომ თუ არ გახვალ, მშიშარა იქნებიო. მეთქი, კაი დე. ძალიან მოკლე დროში ჩავაბარე გამოცდა.“


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის დონორი: ევროკავშირი. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational

გადაბეჭდვის წესი


ასევე: