უნებართვოდ ამოშენებული აივანი – კომპანია პროექტში ცვლილების შეთანხმებას ითხოვს

ბათუმში, ვაჟა ფშაველას #17-ში, სადაც მოქალაქემ აივანს მოაჯირი მოჭრა და ამოაშენა, მშენებელი კომპანია პროექტში ცვლილების შეთანხმებას ითხოვს. განმარტებით ბარათში, რომელიც შპს „დარ ბილდინგმა“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა, ნათქვამია ისიც, რომ „ამოშენების ნაწილში უმნიშვნელოდ გაიზარდა k2 კოეფიციენტი.“

განმარტებით ბარათში არ იყო აღნიშნული, რომ კომპანიამ ამოშენებული აივნის ნაწილში ორი ფანჯარაც გამოჭრა.

კომპანიის განმარტებით, ეს და კიდევ რამდენიმე ცვლილება არ იწვევს შენობის პარამეტრების შეცვლას და ზუსტდება მხოლოდ „გარკვეული უმნიშვნელო დეტალები“, რასაც არ ეთანხმებიან სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრები, თუმცა მიიჩნევენ, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად მართლაც არ ცვლის გარემოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით: „ამიტომაც უმჯობესი იქნება ეს საკითხი მერიამ გადაწყვიტოს“ – განაცხადა საბჭოს ხელმძღვანელმა მირზა ცეცხლაძემ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომაზე. მას საბჭოს სხვა წევრებიც დაეთანხმენ.

ზონალური საბჭოს წევრი დავით ზოიძე აჩვენებს კოლეგებს, როგორ შეცვალა აივნის ამოშენებამ ფასადის დახრილობა

აივნის უკანონოდ ამოშენების თაობაზე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური უნებართვო სამშენებლო პროცესის დაწყებისთანავე იყო ინფორმირებული, სამშენებლო კომპანია რამდენჯერმე გააფრთხილეს და დააჯარიმეს კიდეც, თუმცა უშედეგოდ. აივნის მესაკუთრემ მშენებლობა მაინც დაასრულა და ფასადიც შეღება.

მრავალბინიანი, შვიდსართულიანი სახლი ვაჟა ფშაველას #17 -ში შპს „დარ ბილდინგმა“ ააშენა, შენობა ჯერ მერიას ექსპლუატაციაში არ მიუღია. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მესაკუთრე, რომელმაც აივანი უნებართვოდ ამოაშენა, არც სამშენებლო კომპანიას შეთანხმებია, რის გამოც მერიასთან პრობლემები შეექმნათ, ამიტომაც კომპანია მის წინააღმდეგ სასამართლოში გეგმავდა სარჩელის შეტანას, თუმცა, როგორც ჩანს მან კომპანიასთან შეთანხმება მოახერხა.

კომპანიის იურისტის, ირაკლი სურმანიძის თქმით, მესაკუთრემ აიღო ვალდებულება, რომ ის დაფარავს კომპანიის ჯარიმებს, რამაც საბოლოო ჯამში სამი ათას ლარს მიაღწია. გარდა ამისა, მესაკუთრე დაფარავს პროექტში ცვლილებასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც: „ის საკმარისად დაისაჯა იმისთვის, რაც გააკეთა“ – ამბობს ირაკლი სურმანიძე.

საინტერესოა რას გადაწყვეტს მერია, მას შემდეგ რაც სააგენტო ცვლილების პროექტს შესათანხმებლად დაუბრუნებს – ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მედიასთან რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მერობის პერიოდში ვერც ერთი მშნებელი უკანონოდ აშენებულ ერთ კვადრატულ მეტრსაც ვერ დაიკანონებს, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის შემდეგ, შესაბამისი ნახაზის წარდგენის შემთხვევაში, თუ ნებართვის გამცემი მიზანშეწონილად მიიჩნევს, კანონმდებლობა დაკანონების შესაძლებლობას უშვებს.

თუ მერია კომპანიას უარს ეტყვის, „დარ ბილდინგი“ აპირებს მიმართოს სასამართლოს, რადგან იურისტის განმატებით, ასეთ შემთხვევაში კომპანიას სხვა გამოსავალი არ რჩება.

ზონალური საბჭოს სხდომა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი