მოსამართლე ბრალდებულის მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობს – „გიორგი მიქაუტაძის საქმე“

„მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება, იგი დაუსაბუთებელია,“ – ასე აფასებს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებას საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. ამ მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა. მან მხოლოდ პროკურატურის მოწმეებს მოუსმინა და პირდაპირ დასკვნითი სიტყვების მოსმენას აპირებდა.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი მიქაუტაძეა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ბრალდებულებს გამოძიება ამ მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავება.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება ჯერ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები ორი მოწმის გამოცხადებას ელოდნენ. საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებიც გონიოს პლაჟზე ინციდენტს შეესწრნენ.

„სატელეფონო საუბრის დროს გვითხრეს, რომ მოვიდოდნენ სხდომაზე, მაგრამ არ გამოცხადდნენ. ჩვენ სასამართლოს მეშვეობით მოვითხოვეთ მოწმეების გამოცხადება, რაზე მოსამართლემ უარი გვითხრა,“ – აცხადებს პაატა დიასამიძე.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ორი საფუძვლით თქვა უარი. მისი განმარტებით, ადვოკატებს ამის შესახებ წინაწარ უნდა ეცნობებინათ პროკურორისთვის, ხოლო მოსამართლისთვის წარმოედგინათ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოწმეები სასამართლოში მისვლაზე უარს აცხადებდნენ. კანონის მიხედვით, თუკი სასამართლოს შეტყობინების შემდეგაც მოწმეები არ გამოცხადდებოდნენ სასამართლოში, მათ იძულების წესით მიიყვანდნენ.

პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „მითითებული ორივე გარემოება არის დაუსაბუთებელი, რადგან ჩვენ წარმოვადგინეთ მოწმეებთან სატელეფონო გასაუბრების ოქმი. ოქმით დასტურდება, რომ ისინი აპირებდნენ სასამართლოში მისვლას. პროცესის დაწყებამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი, რომ ისინი არ მოვიდოდნენ. პროკურორი იმავე სხდომას ესწრებოდა და სხვანაირად რა უნდა შემეტყობინებია პროკურორისთვის? პროცედურულად მე არც მაქვს ვალდებულება, რომ პროკურორს შევატყობინო…

რაც შეეხება მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ მოწმე უარს აცხადებს გამოცხადებაზე, ფაქტი დაინახა სასამართლომ, რომ მოწმეები არ მოვიდნენ, ამაზე უკეთესი მტკიცებულებაში ბუნებაში ვერ იარსებებდა.“

მოსამართლემ დაცვის მხარის კიდევ ერთ შუამდგომლობაზე თქვა უარი – არასრულწლოვანის დაკითხვაზე, რომელიც ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფება. საუბარია ბრალდებულების შვილზე, რომელსაც მშობლების თქმით, მოსამართლემ პლაჟზე სცემა. ადვოკატებმა წერილობით წარმოადგინეს ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანს არდადეგები აგვისტოში აქვს.

„მოსამართლემ თქვა, რომ ეს ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, ამ მიდგომითაც დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი,“ – დასძენს პაატა დიასამიძე. დღევანდელ პროცესზე გამოხმაურებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აპირებს, რასაც გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ.

შემდეგ სხდომაზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი მხარეების დასკვნით სიტყვებს მოისმენს. ის გახმაურებულ საქმეზე ისე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაცვის მხარის არცერთი მოწმის პოზიცია არ ექნება მოსმენილი.

„სახელმწიფო მანქანა არავითარ უკანონობას არ ერიდება,“ – მიიჩნევს ბრალდებული თამარ ხაჭაპურიძე. მან თავისი პოზიცია „ფეისბუქის“ საშუალებით მოგვაწოდა:

„ეს ალბათ არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში: ჯერ პროკურორი დავით ხარძეიშვილი წელიწად-ნახევარი არ გვაძლევდა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ჩემი შვილის დაზიანებებია აღწერილი, ახლა კი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ჩვენი არცერთი მოწმე არ დაუშვა პროცესზე და მათი დაკითხვის გარეშე გადავიდა დასკვნით ეტაპზე, რაც უკიდურესად უხეში დარღვევაა და ევროსასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება. სახელმწიფო მანქანა არავითარ უკანონობას არ ერიდება, რათა ერთი მხრივ იმოქმედოს ჩემს წინააღმდეგ და მეორე მხრივ დაფაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელმაც ჯერ სისხლმდენი სხეულის დაზიანება მიაყენა ჩემს 13 წლის შვილს, შემდეგ კი გამოღმით შეგვედავა, ჩემი დედობრივი სიტყვიერი ემოცია მძიმე დანაშაულად შერაცხა და მე და ჩემი მეუღლე დაგვაპატიმრეს ჯგუფური მუქარის ბრალდებით, ჩვენ ამჟამად დიდ ბრიტანეთში ვიმყოფებით,“ – აცხადებს თამარ ხაჭაპურიძე.


საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები:

გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმის პარალელურად გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც მიმდინარეობს. თუმცა, აქამდე არ დაუკითხიათ ამ საქმის მთავარი პირი – თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის  არასრულწლოვანი შვილი. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოზარდის ცემის საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხეს. ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა არაფერია ცნობილი.

სასამართლოს წინა სხდომაზე პროკურორ დავით ხარძეიშვილს მოსამართლემ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა დაავალა – გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმიდან გაუჩინარდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 13 წლის ბიჭი ნამდვილად ნაცემია. ირკვევა, რომ ეს დასკვნა საქმიდან პროკურორმა ამოიღო შემდეგი მოტივით: ექსპერტიზა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე კი არა, არასრულწლოვნის ცემის საქმეზე ჩატარდა.

თუმცა, ერთ-ერთ სასამართლოს პროცესზე, მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანს ექსპერტიზა სწორედ გიორგი მიქაუტაძის საქმეზე ჩაუტარდა. ამ ჩვენების შემდეგ დაავალა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა პროკურორს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულებს გადასცეს.

კიდევ ერთი დეტალი: საქმის განმხილველი მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესების პროცესში გიორგი მიქაუტაძეც მონაწილეობდა, ვიდრე მას საჯაროდ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიით არ შეახსენეს, რომ სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი. ხვიჩა კიკილაშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს დანიშნეს უვადო მოსამართლედ.

ხვიჩა კიკალიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი