მთავარი,სიახლეები

ბათუმში კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ – შსს

15.07.2018 • 3906
ბათუმში კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტომ ბათუმში ჯგუფური იძულების ბრალდებით ორი პირი დაკავა. გამოძიების მიხედვით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მფლობელი ჯ.ც. და მისი თანამშრომელი  ი.ჩ. კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ.

„ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი. ნების საწინააღმდეგოდ   ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.დ.-ს კი 1 000 ლარი იძულებით გადაახდევინეს“, – ნათქვამია შსს-ს 15 ივლისს გავრცელებულ რელიზში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამ დაკავებულების გარდა, პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით კიდევ ერთი ძებნილი დააკავა:

„დაკავებულმა თანამზრახველ მ.ა.-სთან  ერთად ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მომხმარებლებს ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 4 800  თურქული ლირა გამოსძალა. სამართალდამცველებმა მ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის მაისში დააკავეს, მიმალვაში მყოფ ა.ბ.-ს კი  ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლებმა ა.ბ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებს პოლიცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: