114 ათასი ლარი გონიო-აფსაროსში რომაული ბანაკის მოსაწყობად

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკის მოწყობა აქვს დაგეგმილი. საჭირო კარვებისა და ინვენტარის დამზადებისთვის კი სააგენტოს ბიუჯეტიდან 114 500 ლარია გამოყოფილი.

მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკისათვის კარვებისა და ინვენტარის დამზადების სამუშაოებს სააგენტო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2018 წლის 27 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს 2015 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ: ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების, 5 ხის ნივთის დამზადებისა და 10 000 ლარის ოდენობით ხის სამუშაოების გამოცდილება, რომლებზეც წარმოდგენილი უნდა იქნას ფოტომასალა და შესაბამისი დოკუმენტაცია [ხის სამუშაოებში იგულისხმება ხისგან ნივთების დამზადება].

რომაული ბანაკი, გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მოეწყოს.

რომაული სამხედრო ბანაკი /ანალოგიები / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჩხერის ხიდის, გონიოს ციხის კოშკებისა და გონიოს არქეოლოგიური უბნების
რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით კვლევითი სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზეც გამოაცხადა ტენდერი, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა. სააგენტოს დოკუმენტაციის შესადგენად 30 ათასი ლარი ქონდა გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

გონიოს ციხის ერთ-ერთი კოშკურა / სააგენტოს ფოტო

ჩხერის ხიდი / სააგენტოს ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com