მთავარი,სიახლეები

ეთიკის რა პრინციპების დაცვა დაევალათ კომერციულ ბანკებს

15.07.2018 • 2578
ეთიკის რა პრინციპების დაცვა დაევალათ კომერციულ ბანკებს

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ეთიკის კოდექსი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება – „ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“ – მიმდინარე წლის 10 ივლისიდან შევიდა ძალაში. კომერციულ ბანკებს მიეცათ 6 თვე, რათა მათი საქმიანობა კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ.

„კოდექსით განსაზღვრულია ეთიკის ის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომლებსაც კოდექსის მოქმედების სფეროში ჩართული პირები პროფესიული საქმიანობისას უნდა იცავდნენ“ – ნათქვამის ეროვნული ბანკის განცხადებაში.

აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან, საქმიანობისას იმოქმედონ ეთიკის, მინიმუმ, შემდეგი პრინციპების დაცვით:
[checklist]
  • იმოქმედონ პატიოსნად, კომპეტენტურად, ყურადღებით, პატივისცემითა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით საზოგადოების, მომხმარებლების [საბანკო პროდუქტის მიმღები ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი,  შემდგომში – მომხმარებელი], დამსაქმებლების, დასაქმებულების, საბანკო სექტორისა და ზოგადად, საფინანსო ბაზრის სხვა მონაწილეების მიმართ;
  • პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ საბანკო პროფესიისა და მომხმარებლის ინტერესები;
  • პროფესიული საქმიანობისას იმოქმედონ გონივრული პროფესიული სიფრთხილითა და დამოუკიდებელი განსჯით;
  • იმოქმედონ და მოუწოდონ სხვებსაც, იმოქმედონ პროფესიონალურად და ეთიკურად, რაც დადებითად აისახება მათზე და ზოგადად, საბანკო პროფესიაზე;
  • ხელი შეუწყონ საბანკო სექტორისა და ზოგადად, საფინანსო ბაზრის კეთილსინდისიერებასა და მდგრადობას საერთო საზოგადოებრივი სარგებლისთვის;
  • იზრუნონ საკუთარი და სხვების პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.

[/checklist]

კოდექსის მიხედვით, კომერციული ბანკი ვალდებულია, შექმნას კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების ეფექტური შესრულებისთვის საჭირო გარემო; კოდექსის/ბანკის შიდა დოკუმენტის ეფექტური შესრულების მიზნებისათვის შექმნას [ან არსებულ სტრუქტურულ ერთეულს ფუნქციურად შეუთავსოს] შესაბამისი სტრუქტურული ერთეული; განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ყოველთვიური ანგარიშგება კოდექსის ფარგლებში დაფიქსირებულ ინციდენტებთან, დარღვევებთან, საჩივრებთან და გატარებულ ზომებთან დაკავშირებით.

ამასთან, „კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა აცნობიერებდნენ, რომ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გატარებულ იქნეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და კომერციული ბანკის შიდა სტანდარტების დოკუმენტით განსაზღვრული ზომები. ეროვნული ბანკი, გარდა სანქციის დაწესებისა, უფლებამოსილია, გასცეს წერილობითი მითითება/გაფრთხილება, დააწესოს შეზღუდვები და ინდივიდუალური მოთხოვნები“.

ეროვნული ბანკის განცხადებით, „აღნიშნული დოკუმენტი მომავალშიც დაექვემდებარება განახლებას კოდექსის ჩარჩოსთან დაკავშირებით დამატებითი ინტერპრეტაციებისა და დაზუსტებების გაკეთების საჭიროების შემთხვევაში“.

საქართველოში დღეს 16 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2018 წლის პირველ ხუთ თვეში 362 მილიონ 467 ათასი ლარი შეადგინა, რაც 10 მილიონ 422 ათასი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამავე თემაზე:

ვემსახურები ბანკს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესები ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: