მთავარი,სიახლეები

რატომ ამოთხარა ხეივანში 40 პალმა ბათუმის მერიამ

14.07.2018 • 7225
რატომ ამოთხარა ხეივანში 40 პალმა ბათუმის მერიამ

ბათუმში შარტავას ქუჩაზე, გმირთა ხეივანთან, ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურმა 40-მდე პალმის ხე ამოიღო. აღნიშნულ სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ პალმები დაავადებულია და თუ მათი მკურნალობა არ მოხდება, ყველა გახმება.

გამწვანების სამსახურის აგრონომის ემზარ ნაგერვაძის თქმით, პალმის ხეებს დაზიანებული აქვს ფესვები, რის გამოც ისინი სამკურნალოდ გადაიტანეს.

„ნიადაგში გაჩენილია მახრა, რომელიც აზიანებს მცენარის ფესვებს. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ თავის დროზე არარაციონალურად მოხდა მცენარეების დარგვა, დროულად არ შეიწამლა მცენარე, ნიადაგი გამოიფიტა და დაიბუდა მახრამ.

მახრას შეჭმული აქვს მცენარის ფესვების ბაზალური ნაწილი, სადაც ახალი ფესვები უნდა წარმოიქმნას.  ამიტომ, რომ არ ამოგვეღო, ცოტა ხანში ყველა პალმა გახმებოდა. ნაწილი პალმების დამუშავდა და ქოთნებშია გადატანილი, ნაწილი მუშავდება“ – ამბობს აგრონომი.

„ალბათ ამ მცენარეების დარგვაზე არაპროფესიონალი აგრონომი მუშაობდა“ -გვეუბნება აგრონომი.

აგრონომის თქმით, ქალაქის სკვერებში ნიადაგის დიდი ნაწილი დაავადებულია, რაც საფრთხეს უქმნის მცენარეებს.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი დავით ვარშანიძე ამბობს, რომ ამოღებული პალმები სანარგეებშია გადატანილი.

„უნდა მოხდეს ნიადაგის გაჯანსაღება რომ არ გამრავლდეს მწერები და სოკოები. ამაზე კომპლექსურად მიდის მუშაობა, ნიადაგი მუშავდება როგორც ბიოლოგიური ასევე ქიმიური პრეპარატებით“.

გამწვანების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ამ ტერიტორაზე არსებულ ყველა ხე-მცენარეს გადარგავა დასჭირდება, რადგან მახრა მათ ფესვებსაც უქმნის საფრთხეს.

„მახრა მთლიანად ქალაქის სკვერებშია გავრცელებული. ამიტომ, ნიადაგს ყველგან დამუშავება სჭირდება. 2018 წლისთვის შხამქიმიკატები რომელიც ნიადაგის გასაჯანსაღებლად არის საჭირო შეძენილია. 2019-ში კი მათი რაოდენობა გაორმაგდება“ – ამბობს დავით ვარშანიძე.

მისივე თქმით ქალაქში ხე-მცენარეების დარგვა სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს „და არა იმის მიხედვით, ვის რა ხე მოსწონს“.

მერიაში აცხადებენ, რომ შარტავას ქუჩაზე გაზონიდან ამოღებულ პალმებს ფესვები დაავადებული აქვს
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

„ამისთვის უნდა იყოს მერიაში კონსილიუმი, უნდა შევჯერდეთ იმაზე, თუ არ მცენერეები შეესაბამება ჩვენს გარემოს. ქალაქის ნარგავობა არის სხვა, ზღვისპირა განაშენიანებას აქვს თავისი სპეციფიკა და ამის გათვალისწინებით უნდა დაირგოს შესაბამისი მცენარეები.

ისეთი ხე-მცენარეები უნდა შეირჩეს რომელიც აიტანს დაჭაობებულ, დატკეპნილ ნიადაგს. აქ უნდა იმუშაონ დენდროლოგებმა და არა არაპროფესიონალებმა. ჩემი გადასახედიდან ამ მიმართულებით სპეციალისტების ნაკლებობაა, ამიტომ ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ ერთად“ – ამბობს ემზარ ნაგერვაძე.

დავით ვარშანიძე კი პალმების არასწორ დარგვაზე საუბარობს: „პალმის ხეები ხშირად ისეთ ქუჩებზეა დარგული, სადაც წესით არ უნდა იყოს. მაგალითად ბაგრატიონის ქუჩაზე პალმას არაფერი ესაქმება. ნახეთ რა მდგომარეობაშია, ავარიების შედეგად ხშირად ზიანდება. ეს ხეები ძვირადღირებულია და დაზიანების შემთხვევაში, მათი ჩანაცლების საშუალება არ გვაქვს“.

დღევანდელი ჟიული შარტავას გამზირი, როგორც ხეივანი, წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. მაშინ ხელისუფლებას არაბმა შეიხმა 10 ათასი ძირი პალმა აჩუქა და ხეივანსაც 2010 წელს, მისი სახელი ეწოდა.

შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის ხეივანის ნაწილს ჯერ გმირთა ხეივანი [2013 წელს] ეწოდა, მოგვიანებით კი ხეივნის გასწვრივ ქუჩას, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან [იუსტიციის სახლიდან] გენერალ ა. აბაშიძის ქუჩამდე [ლეონიძის ქუჩის დასაწყისამდე] ეწოდა ჟიული შარტავას გამზირი.

გადაბეჭდვის წესი