მასწავლებლის შვიდი ვაკანსია ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლაში

ბათუმის #6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში შვიდი ვაკანსიაა. როგორც სკოლის დირექტორი, ზურაბ ზაქარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, მასწავლებლის ვაკანსიები სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდამ განაპირობა.

„800 მოსწავლე გვყავდა და დაგვემატა 200 მოსწავლე. ამან გამოიწვია ის, რომ გაჩნდა ვაკანსიები“ – გვეუბნება დირექტორი.

ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ საგნების მასწავლებლებისთვის:

  • მუსიკა (1-9 კლასები) 15 საათი კვირაში
  • მათემატიკა (1-12 კლასები) 10 საათი კვირაში
  • დაწყებითი კლასების მასწავლებელი 14 საათი კვირაში
  • ხელოვნება და შრომითი სწავლება (1-9 კლასები) 15 საათი
  • ფიზიკა (8-12 კლასები) ცხრა საათი კვირაში
  • ქართული ენა და ლიტერატურა (1-12 კლასები) ცხრა საათი კვირაში
  • ფიზიკური აღზრდა (1-12 კლასების ჩათვლით) 12 საათი კვირაში

როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩევიან. „სკოლაში მომუშავე ყველა პედაგოგი საათობრივად დატვირთულია, ამიტომ ისინი საათებს ვეღარ დაიმატებდნენ.  კონკურსში მონაწილე პედაგოგი უნდა იყოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული, უნდა ჰქონდეს პედაგოგის საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული და ჰქონდეს შესაბამისი სპეციალობა დიპლომის მიხედვით“ – ამბობს ზურაბ ზაქარაძე.

განცხადებები მიიღება სკოლის კანცელარიაში 10-დან 17 საათამდე, სამუშაო დღეებში. დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემთხვევაში აპლიკანტი გადადის კონკურსის მეორე ეტაპზე – გასაუბრება.

კონკურსანტმა უნდა წარადგინოს: განაცხადი; სამოტივაციო წერილი; პირადობის მოწმობის ასლი; ავტობიოგრაფია/CV; შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; მასწავლებლის სქემით განსაზღვრული სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.

დეტალები იხილეთ ფოტოზე:

_________________

მთავარი ფოტო ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com