მოქალაქე: თუ შესაბამის კომპენსაციას არ მოგვცემენ ქონებას არ დავთმობთ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრებ ნაკაშიძეების ოჯახთან, მათი საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის ნებაყოფლობით დათმობაზე, ამ დრომდე ვერ შეთანხმდა. სახლი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო აღებაშია. მესაკუთრეები აცხადებენ, რომ დეპარტამენტი ქონების სანაცვლოდ მათ არარეალურ ფასს სთავაზობს. ახალი გზის მშენებლობა დაწყებულია და ნაკაშიძეების სამეზობლოში რამდენიმე სახლი უკვე დაანგრიეს.

თამარ ნაკაშიძე

„ჩვენი სამსართულიანი სახლი არაობიექტურად შეაფასეს. აქ ორი, მე და ჩემი დის ოჯახი ვცხოვრობთ დედასთან ერთად და ისეთ კომპენსაციას გვთავაზობენ, რომ სანაცვლოდ ალტერნატიულ საცხოვრებელს ვერ ვიყიდით. გვინდა შევიძინოთ მიწის ნაკვეთი და ავაშენოთ სახლი. როგორც ვცხოვრობდით ისე გვინდა ვიცხოვროთ. მეზობლად ხალხს ოთხმაგად გაუუმჯობესდათ ცხოვრება და ჩვენ რა დავაშავეთ… ამ დღეებში დეპარტამენტშიც ვიყავით, მინისტრსაც შევხვდით და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებსაც. ეს ბანკიც ამბობს, რომ არავინ დარჩეს უკმაყოფილო და დაჩაგრული. გვეუბნებიან, რომ გადახედავენ და შეისწავლიან ჩვენს მდგომარეობას, მაგრამ შედეგი არ ჩანს“, – ამბობს თამარ ნაკაშიძე, ქონების ერთ-ერთი მესაკუთრე.

„ბათუმელები“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. „მოლაპარაკების ეტაპი ნაკაშიძეების ოჯახთან ამოწურულია დღეის მდგომარეობით და მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რაც გულისხმობს ექსპროპრიაციას. დეპარტამენტი მიმართავს შუამდგომლობით სამინისტროს, ჩაინიშნება კომისიის სხდომა და უკვე ეკონომიკის სამინისტრო იმსჯელებს დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება-არმინიჭებაზე. რაც შეეხება ნაკაშიძეებთან შეხვედრას, უწყებებში ბუნებრივია ყველა მოქალაქეს ხვდებიან და თუ იქნება [ამა თუ იმ საკითხზე] კანონთან შესაბამისობა, ასეთ შემთხვევაში მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში მიხეილ უჯმაჯურიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსმა.

თამარ და მირანდა ნაკაშიძეების სახლი, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო უნდა დაინგრეს / მიმდებარე სახლების დანგრევა კი დაწყებულია / 13.07.2018

„ექსპროპრიაციითაც გვემუქრებიან, მაგრამ ჩვენ ვერანაირად ვერ დავთმობთ მამა-პაპისეულ ქონებას. ეს არ არის მუქთად შეძენილი და აშენებული. 70 წელია ვშრომობთ და ვაკოწიწებთ და ასე ერთი ხელის მოსმით რატომ უნდა განახევრდეს ქონება? ნახევარი სახლია ფაქტობრივად შეფასებული. სირცხვილია“, – ამბობს თამარ ნაკაშიძე.

„ექსპროპრიაციის შემთხვევაში, როდესაც ქონება გადმოდის სახელმწიფოს სახელზე სასამართლოს გზით, კიდევ ერთხელ მოხდება მესაკუთრისთვის შეთავაზება წერილობით იმ თანხის, რასაც თავიდანვე ვთავაზობდით. თუ მესაკუთრე კვლავ უარს განაცხადებს თანხის მიღებაზე, ამ შემთხვევაში მოხდება დეპონირება ნოტარიუსის ანგარიშზე, თუმცა, მესაკუთრეს რჩება უფლება, რომ სასამართლოს გზით იდაოს და, შესაბამისად, სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ბუნებრივია, ორთავე მხარე უნდა დაემორჩილოს. ან იქნება იგივე თანხა დატოვებული, ან თუ სასამართლო გაზრდის ოდენობას, დეპარტამენტი იხელმძღვანელებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად“, – ამბობს მიხეილ უჯმაჯურიძე.

ნაკაშიძეების სახლი მეზობლად დანგრეული სახლის [დამცავი ბადის] უკან / 13.07.2018

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დაწყებულია. ამ გზის მშენებლობის გამო ნაკაშიძეების გარდა დეპარტამენტი, როგორც ამ უწყებაში გვითხრეს, კიდევ ერთ მესაკუთრესთან ვერ შეთანხმდა. თუმცა, დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ მზად არიან „ნებაყოფლობით გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება, უმტკივნეულოდ და  ყოველგვარი სასამართლო დავის გარეშე მოვრიგდეთ“.

მიხეილ უჯმაჯურიძეს ვკითხეთ იმის შესახებაც, აქვს თუ არა დეპარტამენტს უფლება ნაკაშიძეების შემთხვევაში მორიგდნენ და გაზარდონ კომპენსაციის ოდენობა.

„ეს არ არის გზების დეპარტამენტის კომპეტენცია, ეს არის სასამართლოს კომპეტენცია, შესაბამისად, ასეთ საკითხზე დეპარტამენტი არ მსჯელობს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს“, – გვითხრა დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსმა.

ამავე თემაზე:

გზების დეპარტამენტი ექსპროპრიაციაზე: ყველა სახლი ინდივიდუალურად ფასდება

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com