მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტი კვირიკაშვილისა და პატარაძის გადადგომის შესახებ

13.07.2018 • 3665
პრეზიდენტი კვირიკაშვილისა და პატარაძის გადადგომის შესახებ

„პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა, ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას რატომ მიდიხარ, ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორეს მხრივ არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო, იმიტომ, რომ გარკვეული მოლოდინის შექმნა, იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ემსახურება საზოგადოებას ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არის განჭვრეტადი დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველი. …მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რა პრინციპით გვყავს ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უმაღლეს საბჭოში გამართული კონსულტაციების შემდეგ.  ჟურნალისტებმა მას გიორგი კვირიკაშვილისა და ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჰკითხეს.

„მინდა გავასაჯაროო ის ემოცია, რაც იყო ფაქტიურად დღესაც, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრის დროს. ეს ემოცია არის ის, რასაც მეც ვიზიარებ და არაერთხელ დამიფიქსირებია. სხვათა შორის ამის თაობაზე ბათუმში გავაკეთე განცხადება პრემიერ-მინისტრის გადადგომის მეორე დღეს. იგივე კითხვა ისმის ბატონი პატარაძის მიმართულებით. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ერთსულოვნად, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან, ერთნაირად გამოხატეს აღშფოთებაც და შეშფოთებაც პრემიერ-მინისტრის და რეგიონის ხელმძღვანელის პოლიტიკიდან ასე წასვლის თაობაზე,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტს მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაზე და თეა წულუკიანის თანამდებობაზე დარჩენის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა:

„რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მე ვდგევარ იმ პოზიციაზე და ვიზიარებ არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას. მე ფაქტად ვხედავ იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ერთ-ერთი, არააქტიურად ჩართული ნაწილია და მიმაჩნია, რომ ის სერიოზული უკმაყოფილებების ტალღა, რომელიც სულ ერთი თვის წინ იყო, ის ტრაგიკული ისტორიები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით რუსთაველზე, არ იყო მარტო სარალიძის, ეს იყო ათობით შემაძრწუნებელი საქმე. არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება პროკურატურასთან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმისთვის, რომ მიაღწიოს სამართალს. ამიტომაც მე ვიზიარებ საზოგადოების შეხედულებას, რომ ამ მიმართულებით ბევრად უფრო რადიკალური ნაბიჯები იყო გადასადგმელი,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დადებითად აფასებს მიხეილ ბატიაშვილის დასახელებას საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე:

„მისი სახელი პოლიტიკური წრეებისთვის შეიძლება მაინცდამაინც ცნობილი არ არის, მაგრამ მე მიმუშავია მასთან რიგ პროექტებზე, მხარს ვუჭერ მას, როგორც განათლების მინისტრს და იმედი მაქვს, რომ ექნება წარმატება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. ბათუმში პრეზიდენტის ვიზიტის მიზეზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაა. ამ ეტაპზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხოლოდ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაა დასახელებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: