„მე მას უნდა შევხვდე“ – პრეზიდენტი თორნიკე რიჟვაძეზე

„ამ ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. მე მას უნდა შევხვდე, აქ ვარ და, ბუნებრივია, შევხვდები, მას არ ვიცნობ. ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებული იქნა იმ პარტიის მიერ, რომელიც არის უმრავლესობაში და, ბუნებრივია, უნდა გავესაუბრო ადამიანს, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია. ასეთივე ლოგიკით გავესაუბრები სხვა კანდიდატებსაც, თუ იქნებიან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურის წარდგენამდე უნდა გაითვალისწინოს რეგიონის შეხედულელები და მოსაზრებები ამ თემაზე.

შეკითხვაზე – ჰყავს თუ არა მას საკუთარი კანდიდატურა, გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ის კანდიდატურის შერჩევის პროცესშია.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძეს, რომელთაც დღეს პრეზიდენთან შეხვედრა სურდათ, თუმცა ისინი უმაღლეს საბჭოში არ შეუშვეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს დაასახელა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 ივლისს შემდეგაა ვაკანტური, როცა ეს პოსტი ზურაბ პატარაძემ დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს, ანუ პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს მისთვის სასურველი კანდიდატი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი