უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას შეხვდა.

უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ:

„ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ივანიშვილის შემოთავაზებული სისტემა მიუღებელია და ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ კანდიდატს, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება ჩვენს მოსახლეობასთან. ის გაითვალისწინებს მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს რეგიონში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს რეალური პოლიტიკური პროცესი, როდესაც ადამიანები მოდიან თანამდებობებზე, გააჩნიათ საკუთარი ხედვა თუ როგორ გადაწყვიტონ რეგიონის პრობლემები და ანგარიშს უწევენ მოსახლეობას და არა რომელიმე ერთ ოლიგარქს.  პრეზიდენტის პოზიციას რაც შეეხება, მისთვისაც გაუგებარია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მისი მხრიდანაც უარყოფითად შეფასდა ეს პოლიტიკური პროცესი.“

გია აბულაძემ ასევე აღნიშნა, რომ მათ ამ ეტაპზე პრეზიდენტისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურა არ შეუთავაზებიათ განსახილველად, თუმცა არ არის გამორიცხული ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გააგრძელონ.

კითხვაზე – დაუჭერს თუ არა მხარს რიჟვაძის კანდიდატურას, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა ზაზა ოქუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯერ უფრო ახლოს უნდა გაეცნოს „ახალი კანდიდატის დამსახურებას“: „…უმრავლესობამ უკეთ იცის. მე არა ვარ ის ოპოზიცია, რომელიც, ასევ ვთქვათ, იაფად ავლენს თავის ოპოზიციონერობას,“ – აღნიშნა მან.

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი ცინცქილაძე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს: „ოპოზიციურ პარტიებთან, პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთი ორი დღის განმავლობაში გვექნება ჩვენ მოლაპარაკებები და ღირსეულ კანდიდატს წარვადგენთ. ორი დღის შემდეგ იქნება ნათელი, რაზე შევთანხმდებით“ – განაცხადა მან.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უნდა გამართოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან – პარტიებთან, რომლებიც უმაღლეს საბჭოში არიან. ამ კონსულტაციების შედეგად წყვეტს პრეზიდენტი, თუ ვისი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.

კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია პრეზიდენტმა არც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატი არ წარადგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად. თავის მხრივ, აჭარის უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ასევე, კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ ეს ორგანო ზედიზედ ორჯერ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი