მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით

13.07.2018 • 2652
პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება. პრეზიდენტის ვიზიტის მიზეზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს დაასახელა.

შეხვედრა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან უკვე დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი მათ მიერ დასახელებულ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„პრეზიდენტმა დასვა კითხვები, ამომწურავი პასუხები მიიღო. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა კანდიდატის შერჩევა. 40 წუთში ამომწურავი პასუხები მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა და ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება შესაბამისი იქნება. მისი რეპლიკები და მისი პასუხებიც იყო იმედისმომცემი. ვფიქრობ, დაუჭერს მხარს ჩვენს კანდიდატურას“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს საკუთარ კანდიდატურაზე არაფერი უთქვამს.

ილია ვერძაძე

კანდიდატის დასახელებამდე კანონი პრეზიდენტის კონსულტაციებს ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან. სავალდებულო არაა პრეზიდენტმა ის დაასახელოს კანდიდატად, ვინც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან უმრავლესობის ფავორიტია.

„ვფიქრობ, როგორც მოიქცა პრეზიდენტი ზურაბ პატარაძის შემთხვევაში, ასე მოიქცევა თორნიკე რიჟვაძესთან მიმართებაშიც. კანონში არის შესაძლებლობა პრეზიდენტმა წარმოადგინოს ვინც მას უნდა, მაგრამ სწორი იქნება მან პატივი სცეს უმრავლესობის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა დავით ბაციკაძემ.

გიორგი მარგველაშვილი ახლა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციას ხვდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს. პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს მისთვის სასურველი კანდიდატი.

_________

მთავარ ფოტოზე: აჭარის უმაღლესი საბჭო. მანანა ქველიაშვილის ფოტო  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: