მთავარი,სიახლეები

ძეგლის ნიშნის მქონე შენობის რეკონსტრუქცია ნებართვის გარეშე

12.07.2018 • 3449
ძეგლის ნიშნის მქონე შენობის რეკონსტრუქცია ნებართვის გარეშე

მოქალაქე დავით ჯიხვაშვილი გორგასლის ქუჩაზე ისტორიული სახლის გამაგრების სამუშაოებს  უნებართვოდ აწარმოებს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. გარდა ამისა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მსჯელობენ იმაზეც, რომ ეს სახლი შესაძლოა ძეგლის სტატუსსაც იმსახურებდეს.

სამშენებლო სამუშაოებს ძეგლის დაცვის ზონაში  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ითანხმებს, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, იმ ტიპის სამუშაოები, რაც ძეგლის დაცვის ზონაშია დაწყებული, მერიის არქიტექტურის სამსახურმა უნდა შეითანხმოს.

ამ  სამსახურის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გორგასლის #35-ში მიმდინარე შესაძლო უნებართვო მშენებლობაზე გასულ შაბათს მიმართა და გადამოწმება სთხოვა.  სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, ზედამხედველობის განყოფილებამ დაუყოვნებლივ გადაამოწმა მითითებული მისამართი და მეპატრონე გააფრთხილა, რომ შეეჩერებინა უნებართვო მშენებლობა.

ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ირაკლი მოქიას განმარტებით, გორგასლის #35-ში მიმდინარე უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით მეპატრონე დღეს მეორედ გააფრთხილეს და სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს:

„დავიბარეთ ეს კაცი ჩვენთან, იყო მოსული და გვითხრა, რომ გააჩერებს მშენებლობას, ვიდრე ნაბართვას არ მიიღებს. მას ჯერ ჩვენთვის  არ მოუმართავს შეთანხმებაზე, ამბობს, რომ სახლის იატაკი ჩავარდნილია და გამაგრება სჭირდება. მარტო იატაკის აღდგენას ვაპირებ, სხვას არაფერსო. ეს არის სამუშაოები, რომელიც საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. ჩვენ ამ ეტაპზე ვაჩარებთ სამუშაოებს, თუ წარმოადგენს პროექტს, ვიმსჯელებთ, თუ არ წარმოადგენს და გააგრძელებს სამშენებლო პროცესს, დავაჯარიმებთ.“

ორსართულიანი ისტორიული სახლის იატაკი მართლაც ჩამოშლილია, ნაწილობრივ ჩამოშლილია ჭერიც, თითქმის ჩამოშლილია პირველი სართულის კედლებიც. რატომ არ მიმართა მეპატრონემ მერიას სახლის გამაგრების ნებართვის მისაღებად? ამ თემაზე თავად დავით ჯიხვაშვილს მედიასთან საუბარი არ სურს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, იმის თაობაზე, რომ სახლს აქვს ძეგლის ნიშნები და შესაძლოა ის ძეგლის სტატუსს იმსახურებდეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წევრმა შოთა გუჯაბიძემ მიმართა:

„ამასთან დაკავშირებით მე და სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი ვიყავით ადგილზე სიტუაციის შესწავლის მიზნით. დავათვალიერეთ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ იმ სამუშაოების მიმდინარეობის სამართლებრივი საფუძვლები, აღმოჩნდა, რომ სამუშაოები მერიასთან არ არის შეთანხმებული,“ – განმარტა მირზა ცეცხლაძემ.

მისივე ინფორმაციით, სააგენტომ უკვე დაიწყო ძეგლის ნიშნების მქონე შენობის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა-დამუშავება და ღირებულების განსაზღვრა. სააგენტოში ვარაუდობენ, რომ მომავალი კვირისთვის უკვე ხელთ ექნებათ შეფასება, გააჩნია თუ არა ამ ობიექტს ისტორიული ან კულტურული ღირებულება. ამის შემდეგ სააგენტო მასალებს ეროვნულ სააგენტოში გადააგზავნის, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

გადაბეჭდვის წესი