მთავარი,სიახლეები

ვის შეხვდება ხვალ პრეზიდენტი ბათუმში

12.07.2018 • 2921
ვის შეხვდება ხვალ პრეზიდენტი ბათუმში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ, 13 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდება. შეხვედრის თემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა იქნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს. პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს მისთვის სასურველი კანდიდატი.

კანდიდატის დასახელებამდე, კანონი პრეზიდენტის კონსულტაციებს ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან. სავალდებულო არაა პრეზიდენტმა ის დაასახელოს კანდიდატად, ვინც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან უმრავლესობის ფავორიტია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში შეხვედრებს დღის 12 საათიდან დაიწყებს. თავდაპირველად პრეზიდენტი პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებმაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე მათთვის სასურველი კანდიდატი – თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს უკვე დაასახელეს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალვე შეხვდება უმაღლესი საბჭოს ოპოზიციურ ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამ პოლიტიკურ ძალას სასურველი კანდიდატი საჯაროდ ჯერ არ დაუსახელებია. პრეზიდენტი ცალ-ცალკე მოისმენს დამოუკიდებელი დეპუტატების – პეტრე ზამბახიძის [ევროპული საქართველო], გიორგი ოქუაშვილის [პატრიოტთა ალიანსი] და გიორგი ცინცქილაძის [დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო] პოზიციებს.

პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატს უმაღლესმა საბჭომ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უნდა დაუჭიროს მხარი. თუ უმაღლესი საბჭო კანდიდატს დაიწუნებს, პრეზიდენტი ისევ ორ კვირაში უმაღლეს საბჭოს იგივე ან სხვა კანდიდატს წარმოუდგენს. თუ ამ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებაზე უარს იტყვის, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტში უმაღლესი საბჭოს დათხოვნის მოთხოვნით შევიდეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: