მთავარი,სიახლეები

არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია – „ჟილინის არხის საქმე“

12.07.2018 • 8370
არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია – „ჟილინის არხის საქმე“

„ჟილინის არხის საქმეზე ლაშა ბოლქვაძეს და არჩილ ვანაძეს გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 12 ივლისს, განაჩენი გამოაცხადა – სასამართლომ ორივე მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.

ლაშა ბოლქვაძეს და არჩილ ვანაძეს 2015 წელს წაუყენეს ბრალი, როცა ისინი ბათუმის მერიის ეკონომიკურ სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდნენ.

არჩილ ვანაძე ახლაც ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია, ლაშა ბოლქვაძე კი, ხულოს მერის მოადგილედ მუშაობს.

დავის საგანი ბათუმის მერიის მიერ შპს „ტონი და კომპანიისთვის“ ავანსად გადახდილი 1 289 972 ლარი გახდა. ეს კომპანია ასრულებდა თავდაპირველად ჟილინის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

კომპანიამ ავანსად გადახდილი თანხიდან მხოლოდ 264 265 ლარის სამუშაოს შესრულება შეძლო. სხვა სამუშაოები არაჯეროვნად შესრულდა.

„არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ მე შევასრულე არაჯეროვნად და გულგრილად ჩემი მოვალეობა,“ – მიმართა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ვიდრე იგი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.

დღევანდელი პროცესის გადადებას პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე ითხოვდა, რადგან ის საქმეში რამდენიმე საათის წინ ჩაერთო და საბოლოო სიტყვისთვის არ იყო მზად. ამ საქმის პროკურორი დავით ჭარბაძე შვებულებაშია.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან მხარეები 14 ივნისის სხდომაზე შეთანხმდნენ საბოლოო პროცესის თარიღზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: