მთავარი,სიახლეები

პროკურორი: რუს ტურისტებზე სექსუალური ძალადობის მცდელობა არ დადასტურდა

12.07.2018 • 3937
პროკურორი: რუს ტურისტებზე სექსუალური ძალადობის მცდელობა არ დადასტურდა

ორი რუსი ტურისტი გოგოს ძარცვას და ფიზიკურ ძალადობას პროკურატურა გიორგი ბ.-ს ედავება. შემთხვევა ქობულეთში, ბობოყვათში, ე.წ. სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ბრალდებული ტაქსის მძღოლია. ის ამბობს, რომ მომსახურების თანხა -150 ლარი არ გადაუხადეს და რუს გოგოებთან მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონდა. გოგოების თქმით კი, ტაქსის მძღოლი მეგობართან ერთად იმყოფებოდა მანქანაში და მათ სექსი მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი, მობილური ტელეფონი და ფული – 120 ლარი ძალით წაართვეს.

გამომძიებელმა ზურაბ ირემაძემ დღევანდელ პროცესზე დეტალურად აღწერა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც მან დაზარალებულ გოგოებთან ერთად ჩაატარა.

ექსპერიმენტის დროს გოგოებმა აღნიშნეს, რომ თავდაპირველად ისინი ქობულეთიდან ბათუმში ჩამოვიდნენ, ვახშამი რესტორანში გადაიფიქრეს და მარკეტში ნაყიდი საკვები ისევ ბათუმში, ჭადრაკის სახლის მიმდებარედ ტაქსიში მიირთვეს.

იმავე ტაქსის მძღოლმა დაზარალებულები ქობულეთში წაიყვანა.

„როცა ბობოყვათში ჩამოვედით, მითხრეს, ზღვის პირას გავიდეთო. მერე თქვეს, ისევ ბათუმში დავბრუნდეთო, თენდებოდა უკვე… ვუთხარი, რაც მოგემსახურეთ, ჯერ იმის გადამიხადეთ-მეთქი. ნასვამი იყო ორივე. ჩვენ მხოლოდ სიტყვიერად წავკამათდით, მგზავრები მანქანიდან ჩამოვსვი და წამოვედი.

მეორე დღეს, მანქანის დალაგების დროს აღმოვაჩინე, რომ იქვე მობილური ტელეფონი ეგდო,“ – ამბობს ბრალდებული.

მობილური ტელეფონი ბრალდებულმა თავად მიიტანა პილიციის განყოფილებაში, როცა მას დაურეკეს და უთხრეს, რომ გამოძიებაა დაწყებული. რაც შეეხება ფულს, რის ძარცვაზეც ტურისტები საუბრობენ, ამოღებული არ არის.

„როცა თქვენ ექსპერიმენტს ატარებდით, რატომ არ ჰკითხეთ დაზარალებულს, სად იყო სექსუალური ძალადობის მცდელობა?“ – ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა ქეთევან ადამიამ.

გამომძიებელმა თქვა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამ თემაზე არ უსაუბრიათ.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც წერია, რიმ დაზარალებულებს ფიზიკური დაზიანება არ ჰქონიათ.

ბრალდებულს გამოძიება ძარცვასთან ერთად ფიზიკურ ძალადობას ედავება.

„ისინი ამას აცხადებდნენ, რომ სექსუალური ძალადობის მცდელობა იყო, მაგრამ გამოძიების ეტაპზე ეს არ დადასტურდა,“ – უთხრა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ „ბათუმელებს“ კითხვაზე: რატომ არ განახორციელა პროკურატურამ დევნა სექსუალური ძალადობის კუთხით.

ადვოკატის, ქეთევან ადამიას მტკიცებით, არც ფიზიკურ ძალადობას ჰქონია ადგილი.

„ამის მტკიცებულება საქმეში არ არსებობს… პოლიცია ტურისტების მხარეს დადგა და რაღაც გაამუქა. ჩვენ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს,“ – ამბობს ის.

გიორგი ბ. ბრალს არ აღიარებს. ის ათი ათასი ლარი გირაოს საფუძველზე ჰყავს სასამართლოს გათავისუფლებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: