მთავარი,სიახლეები

პატიმრობა ფრანგულ შადრევანთან ტურისტების ავტომანქანის გაქურდვისთვის

12.07.2018 • 2523
პატიმრობა ფრანგულ შადრევანთან ტურისტების ავტომანქანის გაქურდვისთვის

წინასწარი პატიმრობა ქურდობისთვის მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ორ ბრალდებულს შეუფარდა. მათ ჯგუფურად ბათუმში მყოფი სომეხი ტურისტების გაქურდვა ედებათ ბრალად.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბათუმში, ფრანგული შადრევნის მიმდებარედ, სომხეთის ორმა მოქალაქემ მანქანა გააჩერა და სასეირნოდ წავიდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მანქანას თავდაპირველად სიგნალიზაცია გაუთიშეს, შემდეგ კი, მანქანის კარი გახსნეს და ჩანთა წაიღეს. ტურისტებს ჩანთაში დაახლოებით 5 ათასი დოლარი ჰქონდათ.

ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან საკუთარი მანქანით მიიმალნენ. ავტომანქანის ნომერი იქვე მყოფმა ტაქსის მძღოლმა დაიმახსოვრა და პოლიციას 112-ზე უთხრა, ვიდრე ტურისტები მანქანას დაუბრუნდებოდნენ და გაიგებდნენ, რომ გაქურდეს.

ქურდობის ჩადენიდან ბრალდებულები სამ დღეში დააკავეს. ისინი ამ დროისთვის დუმილის უფლებით სარგებლობენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: