მთავარი,სიახლეები

სპეციფიკური სუნი ადლიაში – „ბათუმის წყალი“ გამწმენდ ნაგებობაზე ბიოგაზის დაჭერას გეგმავს

13.07.2018 • 4120
სპეციფიკური სუნი ადლიაში – „ბათუმის წყალი“ გამწმენდ ნაგებობაზე ბიოგაზის დაჭერას გეგმავს

ბათუმში, ადლიის დასახლებაში მოქალაქეები ხშირად უჩივიან სფეციფიკურ, უსიამოვნო სუნს. გარდა იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე ბათუმის ნაგავსაყრელია განთავსებული, ბოლო 6 წელია აქ ქალაქის საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობაც ფუნქციონირებს. უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზად ამ დრომდე მხოლოდ ნაგავსაყრელი სახელდებოდა, „ბათუმის წყალმა“ კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე არის გოგირდ-წყალბადის სუნი და აპირებს მის გაუნებელყოფას.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია რა იწვევს ამ სუნს, რა ზეგავლენას ახდენს ის გარემოზე და რა მეთოდით მოხდება მისი გაუნებელყოფა.

მუნიციპალურ შპს „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე კვარტალურად ატარებენ სუნის ლაბორატორიულ შემოწმებას და „ამ შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ სუნი გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე დასაშვებ ნორმაშია და არ სცილდება დადგენილ ზღვრებს. ხშირად მოსახლეობა სუნის მიზეზად ასახელებს გამწმენდ ნაგებობას, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სუნი, ძირითადად მაინც, არის გამოწვეული ნაგავსაყრელიდან“.

„ბათუმის წყალს“ ვკითხეთ აქვთ თუ არა შესაძლებლობა ლაბორატორიულად მოახდინონ ნაგავსაყრელის სუნის იდენტიფიცირება ადლიაში და აქვთ თუ არა შესაბამისი მონაცემები.

„ვინაიდან ჩვენ ექსპლუატაციას ვუწევთ კონკრეტულ ობიექტებს, ფინანსები მხოლოდ ამისთვისაა გამოყოფილი და ნაგავსაყრელზე ლაბორატორიულ გამოკვლევას სუნზე ვერ ჩავატარებთ. არც ჩაგვიტარებია“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

მიუხედავად ამისა, „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ „ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე არსებული გოგირდ-წყალბადის სუნის გაუვნებელყოფის მიზნით სამოქმედო გეგმას ადგენს, რაშიც გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია MACS-იც არის ჩართული“.

„ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე არსებული გოგირდ-წყალბადის სუნის გაუნებელყოფისთვის არსებობს რამდენიმე გზა. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია შევარჩიოთ ის მეთოდი, რომელიც მიესადაგება ჩვენს გამწმენდ ნაგებობას და მოხდეს გოგირდ-წყალბადის სუნის ემისია. ამ მიზნით ჩვენ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად ვცდილობთ მოვიძიოთ ინფორმაცია, ექსპერტიც არის ჩართული. ვფიქრობთ, გამწმენდი ნაგებობის აუზებიდან მოხდეს ბიოგაზის დაჭერა და შემდგომში მისი გამოყენება, თუმცა ეს იქნება დიდბიუჯეტიანი პროექტი და სჭირდება სოლიდური თანხა. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა დაიგეგმოს“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

უნდა ყოფილიყო თუ არა გოგირდ-წყალბადის სუნის გაუნებელყოფის მექანიზმი ჩადებული თავიდანვე, როცა გამწმენდი ნაგებობა აშენდა? – ამ კითხვაზე პასუხი „ბათუმის წყლისგან“ ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება „აუზებიდან ბიოგაზის დაჭერას“ და შესაბამის მეთოდს, პრესსამსახურმა, დეტალების დასაზუსტებლად მარიკა გვიანიძესთან, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და სატუმბო სადგურების სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მარიკა გვიანიძეს, რომელმაც სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სადოქტოროს დაცვა აქვს და მომავალი კვირის ორშაბათამდე არ სცალია.

„ბათუმის წყალში“ ვერ აკონკრეტებენ გოგირდ-წყალბადის სუნის გაუნებელყოფისთვის დაახლოებით რა თანხა იქნება საჭირო, თუმცა ამბობენ, რომ პროექტი საკმაოდ ძვირადღირებული იქნება: „ბიოგაზის დაჭერის პროექტი მთელ მსოფლიოში არის ძვირი პროექტი, მთლიანობაში ყველაფერი არის დასათვლელი… ამასთან, ვერც იმას გეტყვით, თუ ვინ დააფინანსებს“.

ადლიის გამწმენდი ნაგებობის ერთ-ერთი აუზი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების შესასწავლად და სამომავლო პროექტების დასაგეგმად სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი ინჟინერ-ექსპერტი კონრად ბუხაუერი იმყოფებოდა. მიზანს, ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე დენიტრიფიკაციისა და ფოსფორის ქიმიური დალექვისთვის შესაბამისი კუაგულანტის მოძიების საკითხი წამოადგენდა. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია ანაერობული აუზებიდან ბიოგაზის დაჭერისა და გამოყენების პროექტის მომზადება, რისთვისაც ექსპერტი დეტალურ ანგარიშს მოამზადებს. ანგარიშში მოცემული იქნება ინფორმაცია სამომავლო პროექტების ღირებულების შესახებ“ –  აცხადებს „ბათუმის წყალი“.

ანაერობულ აუზებზე ბიოგაზის დაჭერის მეთოდოლოგიის შემუშავების შემდეგ, კი „ბათუმის წყალი“ დეტალური დიზაინური პროექტის შემუშავებაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებს.

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. პროექტი ავსტრიულმა კომპანიამ Posch&Partner Hydro Ingenieure შექმნა, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა 17 მილიონი ევროთი დააფინანსა.

ამავე თემაზე:

ვინ ყიდის და ვინ იყენებს ბათუმის საკანალიზაციო წყლიდან მიღებულ სასუქს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: