იფრინე ზღვაზე დელტაპლანით – ტურისტული სერვისი, რომელსაც არავინ ზედამხედველობს

ბათუმში დელტაპლანი უკვე ორჯერ ჩამოვარდა, ერთი გასული წლის მაისში და მეორე – 2018 წლის 10 ივლისს. წელს ბათუმის იახტკლუბის ტერიტორიაზე ჩამოვარდა დელტაპლანი, რომელზეც ორი ტურისტი იმყოფებოდა. აპარატის ჩამოვარდნის შედეგად არც საფრენ მოწყობილობაში და არც სანაპიროზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა შემთხვევაში მართვადაკარგული აპარატი შეიძლება ნაპირთან ახლოს ან ზედ პლაჟზე არ ჩამოვარდეს.

არსებობს თუ არა რაიმე რეგულაციები საფრენ აპარატებთან დაკავშირებით ბათუმში, ამოწმებენ თუ არა დელტაპლანებს ტექნიკურად და რა სანქციები ტარდება იმ შემთხვევაში, თუკი დელტაპლანის მფლობელები დადგენილ ტექნიკურ ნორმებს არღვევენ?

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რადგან  ამ ეტაპზე ჰიდრომოტოდელტაპლანები დარეგისტრირებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ტექნიკურ ზედამხედველობასაც  აღნიშნული სააგენტო უნდა უწევდეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ მათთან საჰაერო საშუალებებს მხოლოდ არეგისტრირებენ, როგორც მცურავ საშუალებებს.  შესაბამისად, უწყება პასუხისმგებელი არ არის თუ მოწყობილობა ჰაერში აფრენის შემდეგ დაზიანდა. „ტექნიკური ზედამხედველობა კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ევალება“.

საქართველოს საჰაერო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირებას ახორციელებს  „ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ან/და SAFA-ს ინსპექტორი.“

ეხება თუ არა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს დელტაპლანების ტექნიკური ნორმების შემოწმება? – „ბათუმელებს“ ამ კითხვაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ უპასუხეს.

სააგენტოს წარმომადგენელი ვერიკო ბახტაძე ამბობს, რომ კოდექსით გათვალისწინებული ტექნიკური მოთხოვნები ეხება ყველას, ვინც ფრენას ახორციელებს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, შეისწავლა თუ არა სააგენტომ გასულ წელს ან წელს, 10 ივლისს დელტაპლანის ჩამოვარდნის მიზეზები, სააგენტოში გვეუბნებიან, რომ შემთხვევებს ჯერ სწავლობენ: „ამ ინციდენტებიდან გამომდინარე, ჩვენგან რამდენიმეჯერ იყვნენ სიტყვიერად გაფრთხილებული და იქნება ზომები მიღებული“.

რა იგულისხმება „ზომების მიღებაში“? – სააგენტოში ვერც ამას აკონკრეტებენ.

„ჯერჯერობით მიმდინარეობს საკითხის შესწავლა… შარშანაც რომ ჩამოვარდა დელტაპლანი, ჩატარდა მოკვლევა, მაგრამ დეტალებზე ინფორმაციას არ ვფლობ,“ – ამბობს სააგენტოს წარმომადგენელი.

ვერიკო ბახტაძე ვერც იმას აზუსტებს, ტექნიკური ნორმების დაღვევის შემთხვევაში რამდენია ჯარიმა.

„ამის განსაზღვრა სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ხდება. გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას, ასე არ არის განსაზღვრული. ჯერ ინცინდენტის ხასიათი უნდა დადგინდეს, სერიოზული იყო საავიაციო შემთხვევა თუ არა და ასე შემდეგ. კომპლექსური თემაა“.

ბათუმის მერიასა და „ბათუმის ბულვარშიც“ აცხადებენ, რომ დელტაპლანების ტექნიკური ნორმების საკითხი მათ ფუნქციებში არ შედის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com