მოძალადე მამა 20 წლის გოგოს ცემაზე: „ჩემი აზრით, არ უნდა დაერეკა პოლიციაში“ 

„ერთხელ მოუვიდა“, „ცოლ-შვილთან შერიგებულია,“ – ამ ფრაზებით სცადა ადვოკატმა გურამ ნაკაშიძემ ბრალდებულის დაცვა, რომელსაც ოჯახში ძალადობა, კონკრეტულად კი, ცოლ-შვილის ხელებით და ფეხით ცემა ედება ბრალად.

„ვაღიარებ დანაშაულს, ვინანიებ, ვითხოვ პატიებას,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებულმა, ვალერიან კ.მ. იგი 59 წლისაა.

გამოძიების ვერსიით, ვალერიან კ.-მ 30 მაისს ჯერ ცოლს, შემდეგ კი 20 წლის გოგოს სცემა, „რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“. პოლიციას დაზარალებულმა შვილმა მიმართა.

გამოძიების ვერსია ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, ამ საქმეზე მოსამართლემ ვერც ერთი მოწმის ჩვენება ვერ მოისმინა.

„როგორც ვიცი, სადავოა მხოლოდ დაზარალებულების ხელწერილების ნამდვილობა,“ – მიმართა მოსამართლემ პროკურორს.

საუბარია წერილებზე, რითაც ნაცემმა დედა-შვილმა სასამართლოს მიმართა და ითხოვა, რომ ბრალდებული არ დაესაჯათ.

პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ თქვა, რომ ეს მტკიცებულებაც აღარაა სადავო, თუმცა „ისინი შესაძლოა კვლავ გახდნენ ძალადობის მსხვერპლი,“- დასძინა პროკურორმა.

„იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს დანაშაულს და ინანიებს, მას უნდა შეეფარდოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვლება პირობით,“ – უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.

„განაჩენი ჩემ მაგივრად გამოიტანეთ?“ – იკითხა თამარ ბეჟანიშვილმა, თუმცა რამდენიმე წუთში მას სასჯელის იმ სახით გამოცხადება მოუხდა, რაც ადვოკატმა დააანონსა.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე მოსამართლემ ხაზი გაუსვა დაზარალებულების წერილებს – დედა-შვილი წერს, რომ აქამდე ვალერიანს ძალადობივი ქმედება არ გამოუვლენია.

კიდევ ერთი დეტალი – პატიმრობიდან დასახსნელად გირაო 5 ათასი ლარი დაზარალებულ ქალს გადაუხდია. ეს დეტალიც მოსამართლემ გაიხსენა იმის საჩვენებლად, რომ დაზარალებულები ბრალდებულთან რეალურად შერიგდნენ.

„კარგად მოიქცა თუ არა თქვენი გოგო, რომელმაც 30 მაისის საღამოს პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა?“ – ვკითხეთ მსჯავრდებულს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

„ეს მას ჰკითხეთ… კომენტარს არ ვაკეთებ,“ – გვითხრა მსჯავრდებულმა, თუმცა რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შეყოვნდა და დაამატა: „ჩემი აზრით, არ უნდა დაერეკა… გააჩნია ცემას.“

მსჯავრდებულის ოჯახის წევრები სასამართლო პროცესს არ დასწრებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი