განათლება,მთავარი,სიახლეები

სპეცმასწავლებლები დამატებით საათებს ვეღარ აიღებენ

11.07.2018 • 26262
სპეცმასწავლებლები დამატებით საათებს ვეღარ აიღებენ

სკოლაში დასაქმებულ სპეცმასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი უკვე მიენიჭათ, თუმცა მათი სახელფასო ანაზღაურების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, კანონის აღსრულებას თავისი ვადები აქვს და თუ გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც სპეცმასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი მიენიჭათ, ძალაში არ შევა, ცვლილებები ვერ განხორციელდება.

თუმცა მანამდე, სანამ სამინისტრო სპეცმასწავლებლის განვითარების სტანდარტს საბოლოოდ შეიმუშავებს, სპეცმასწავლებლებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ – მათი უმეტესობა სხვა საგნების მასწავლებელია, ახალი სტანდარტის მიხედვით კი, მათ უფლება აღარ ექნებათ სხვა საგნის საათები დაიმატონ.

„სპეცმასწავლებელმა უნდა გააკეთოს არჩევანი – ან დარჩება სპეცმასწავლებლად, ჩაერთვება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში და განვითარდება ამ პროფესიით, ან დარჩება იმ საგნის მასწავლებლად, რასაც დამატებით ასწავლის“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

სპეცმასწავლებლის ხელფასი ახალი სასწავლო წლიდან სხვა პედაგოგების ხელფასს გაუთანაბრდება. „ახლა მიმდინარეობს დაფინანსების მოდელზე მუშაობა, ჯერ გამართული არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, ისე იქნება, როგორც სხვა პედაგოგების ანაზღაურება.

როგორ დალაგდება საათობრივი ბადე, როგორი იქნება მათი გამოცდილება, კვალიფიკაცია, ამ დეტალებს ახლა გავდივართ“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა შეაფერხოს განათლების მინისტრის ცვლილებამაც. ეკა დგებუაძე: „ისე დაემთხვა, რომ  შეიძლება ახალი მინისტრი მოვიდეს, ველოდებით სიახლეებს. ახალ მინისტრს თავიდან უნდა ავუხსნათ ეს დეტალები. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სტანდარტი იყოს დამტკიცებული“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: