მთავარი,სიახლეები

აქცია საჯარო რეესტრის წინააღმდეგ – „რეესტრმა ჩანაწერი „მომავალი მესაკუთრე“ გააუქმა“

11.07.2018 • 4727
აქცია საჯარო რეესტრის წინააღმდეგ – „რეესტრმა ჩანაწერი „მომავალი მესაკუთრე“ გააუქმა“

საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჭავჭავაძის 89-სა და ჰაიდარ აბაშიძის 33-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გამართეს. ისინი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ დავობენ, სასამართლოს კი დავის დროულად განხილვას სთხოვენ.

ამ მისამართზე მცხოვრებმა 13-მა ოჯახმა საკუთარი სახლები 2008 წელს იმ პირობით დათმო, რომ ორი წლის შემდეგ იმავე მისამართზე ახალ კორპუსში მიიღებდნენ ბინებს. კორპუსის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ვერ დასრულდა. საცხოვრებელი კორპუსი დაუსრულებელია დღესაც.

„კომპანია ჰოლდერი აშენებდა და ვერ დაასრულა, გაკოტრდა ის ბიზნესმენი, ვერ შეგვისრულა პირობა. ახლა ამ კომპანიის წინააღმდეგ აღარ ვდაობთ, რადგან აზრი აღარ აქვს… ქუჩაში დაგვტოვეს, სამი წელია ბინის ქირის ფულსაც ჩვენ ვიხდით,“ – გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.

მოქალაქეები საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომელმაც ჩანაწერი „მომავალი მესაკუთრე“ გააუქმა. ეს სტატუსი ჰქონდათ მოქალაქეებს მშენებარე კორპუსის ნაწილის გასხვისებამდე. სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანია „ჰოლდერის“ ქონების ნაწილი აუქციონზე გაიტანეს და მას ახლა ახალი მესაკუთრე ჰყავს.

„საჯარო რეესტრმა ისე გააკეთა, რომ ამ ახალ მესაკუთრეს აღარ აქვს ვალდებულება ჩვენ დაგვაკმაყოფილოს. მანამდე ისე იყო ჩანაწერებში, რომ ჩვენ ვიყავით მომავალი მესაკუთრე. ამიტომ ვდაობთ რეესტრის წინააღმდეგ,“ – ამბობს აქციის მონაწილე ლალი ჟორჟოლიანი.

მოქალაქეების ინტერესებს იურისტი თეონა ჭუმბურიძე იცავს. იგი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი სავარაუდოდ უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას დაეყრდნო, სადაც აღნიშნულია, რომ „მომავალი მესაკუთრე“ იგივე ნარდობის ხელშეკრულებაა და იგი არ უნდა გადაყვეს ახალ მესაკუთრეს.

„იგივე უზენაესი სასამართლო ანალოგიურ საქმეზე ამბობს, რომ როცა მესაკუთრეს და პირს შორის ფორმდება ხელშეკრულება და მას „მომავალი მესაკუთრის“ სტატუსი ენიჭება, ეს უფლებამოვალეობა უნდა გადაყვეს ახალ მესაკუთრეს. შესაბამისად, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა ამ კუთხით არ არსებობს,“ – აღნიშნავს თეონა ჭუმბურიძე.

სარჩელი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სასამართლოში ორი თვის წინ შევიდა. საქმე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანაძესთანაა, თუმცა ამ დრომე პროცესი არ ჩანიშნულა. სასამართლოს დღეს არ განუმარტავს, რატომ არ დაიწყო საქმის განხილვა ამ დრომდე.
რით იხელმძღვანელა საჯარო რეესტრმა, როცა მან ჩანაწერი „დროებითი მესაკუთრე“ გააუქმა – საჯარო რეესტრი ამ საკითხზე განმარტებას დაგვპირდა და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი